ფეხბურთი

10:28 | 23.01.2010 | ნანახია 1447 - ჯერ

“რაანანამ” დიღმელაშვილი გაიფორმა

ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველის თამაში გაოფიციალურდა. 30 წლის დავით დიღმელაშვილი, რაანანას “ჰაპოელში” უახლოესი 4 თვის განმავლობაში ითამაშებს. მოგეხსენებათ, ექს-დინამოელს უკვე ჰქონდა ამ ებრაული გუნდის რიგებში დებიუტი. ტოტოს თასის (ამ ტურნირზე, სინჯებზე მყოფი ფეხბურთელის თამაში დაშვებულია) ნახევარფინალში, რაანანელებმა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ჰაიფას “მაკაბი” 3:2 დაამარცხეს და ერთი გოლი სწორედ ქართველი ფლეიმეიქერის ანგარიშზე იყო.
ჩვენებურთან ერთად, ელი კოჰენმა კიდევ ორი ლიტველი ფეხბურთელი დაიმატა - 29 წლის ფორვარდი რიჩარდას ბენიუშისი (23 მატჩი ეროვნულ ნაკრებში) და 30 წლის მცველი ირმანტას ზემლიკასი (11 მატჩი ეროვნულ ნაკრებში). “ჰაპოელი”, რომელიც შარშან მაისში ლეუმით ლიგაში დაკავებული მე-5 ადგილით აღმოჩნდა ლიგატ ალ-ში (გუნდების რიცხვის 12-დან 16-მდე გაზრდის გამო), როგორც ჩანს, გამოცდილების ხარჯზე ცდილობს ისრაელის უმთავრეს ლიგაში დამკვიდრებას. კი, მართალია, გუნდს 18 თამაშში 15 ქულით XII ადგილი უკავია, მაგრამ გასავარდნ ზონას ქულა აშორებს.
“დიღმელას” კარიერა თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” 1999 წელს დაიწყო. მან ზედიზედ 3 სეზონი ამ გუნდში გაატარა და 63 მატჩში 5 გოლი გაიტანა. 2002 წლის გაზაფხულზე, იგი ცოტა ხნით იტალიაში გადაბარგდა, სადაც სერია “B”-ს “სიენაში” 2 შეხვედრა გამართა. საქართველოში დაბრუნებულმა დიღმელაშვილმა, 2006 წლის ჩათვლით, “ვეტერინართა” რიგებში 135 შეხვედრა ითამაშა და 8 გოლი გაიტანა. 2009 წლის შემოდგომამდე, იგი თბილისის “დინამოში” ასპარეზობდა და მის შემადგენლობაში ჩატარებულ 58 მატჩში თავი ორჯერ გამოიჩინა. რაანანულ კლუბში, დავით დიღმელაშვილი N23 მაისურით ითამაშებს.

ფრიდონ კერვალიშვილი


 

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.070468