29 ნოემბერს, ქუთაისმა ძიუდოში იმერეთის რეგიონალურ ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი დატვირთვა საქართველოს 2009 წლის ჩემპიონატის საგზურების გათამაშება იყო.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, იმერეთს საქართველოს პირველობაზე თითო წონით კატეგორიაში 4 ძიუდოისტის გამოყვანის უფლება აქვს და შესაბამისად, რეგიონალურ ჩემპიონატზე მედლების მომპოვებლები ავტომატურად ეწერებოდნენ იმერეთის ნაკრებში. შესაბამისად, უკვე ცნობილია იმერელთა 28-კაციანი განაცხადი, მაგრამ მასში მცირე ცვლილებები შეიძლება მაინც მოხდეს. თუნდაც 100 კილოგრამში, სადაც პეკინის ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ჭიდაობს. როგორც წესი, ტიტულოვან ძიუდოისტებს საქართველოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა არ სჭირდებათ. ხშირად კი, სამწუხაროდ, უმეტესობა შიდა კონკურენციაში გარევას თავს არიდებს, ძირითადად ტრავმების მომიზეზებით.
საქართველოს ჩემპიონატი 5-6 დეკემბერს, სწორედ ქუთაისში გაიმართება და იმედია, მშობლიური ქალაქის ტატამზე ცირეკიძეც გავა და კიმონოს სხვა ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტებიც მოირგებენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამირან ტოტიკაშვილისა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა თქმით, ქუთაისში ჭიდაობა ნაკრების ყველა წევრისთვის და კანდიდატისთვის სავალდებულო იქნება და მომავალ წელს, პირველნომრობისთვის ბრძოლას მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნები გააგრძელებენ.
იმერეთის რეგიონალურ ჩემპიონატში ყველაზე მეტად ქუთაისელმა და ზესტაფონელმა სპორტსმენებმა იყოჩაღეს. 7 წონითი კატეგორიიდან 5-ში ოქროს მედალი მასპინძლებმა მოიპოვეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ 23-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონი ზურაბ შარვაშიძე (66 კგ), ფინალისტი მალხაზ ნიჟარაძე (100 კგ) და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გრიგოლ მამრიკიშვილი (90 კგ).
რეგიონალურ შესარჩევ ტურნირებს წერტილი ქუთაისში დაესვა და უახლოეს დღეებში, უკვე ყველა რეგიონის წარმომადგენელთა ვინაობა დაზუსტდება.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო
იმერეთის რეგიონალური ჩემპიონატი
29 ნოემბერი
60 კგ
1 გიორგი ნასყიდაშვილი (ზესტაფონი)
2 თემურ ნასყიდაშვილი (ზესტაფონი)
3 ირაკლი კინწურაშვილი (ქუთაისი)
3 ვაჟა შველიძე (ქუთაისი)
66 კგ
1 ზურაბ შარვაშიძე (ქუთაისი)
2 იოსებ ჭოლაძე (ქუთაისი)
3 გიორგი კვასტიანი (ქუთაისი)
3 მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი)
73 კგ
1 ლაშა სილაგაძე (ქუთაისი)
2 ირაკლი იობიძე (ზესტაფონი)
3 გიორგი გასიტაშვილი (ზესტაფონი)
3 ლაშა გუმბერიძე (ქუთაისი)
81 კგ
1 გოჩა ხუციშვილი (ჭიათურა)
2 შოთა ლევიძე (ქუთაისი)
3 ირაკლი მერკვილაძე (ტყიბული)
3 გიგა ხაჭაპურიძე (ქუთაისი)
90 კგ
1 გრიგოლ მამრიკიშვილი (ქუთაისი)
2 ლაშა გურული (ქუთაისი)
3 ნიკა გიორგაძე (ქუთაისი)
3 გიორგი გელაძე (ტყიბული)
100 კგ
1 მალხაზ ნიჟარაძე (ქუთაისი)
2 შოთა მოწონელიძე (ქუთაისი)
3 არჩილ საღინაძე (ქუთაისი)
3 დავით ცინცაძე (ქუთაისი)
+100 კგ
1 დავით ბოჭორიშვილი (ქუთაისი)
2 გიგა გუბელაძე (ქუთაისი)
3 ამირან წაქაძე (ზესტაფონი)
3 გურამ პირველაშვილი (ზესტაფონი)







