დიუსელდორფის “დიდ პრიზზე” 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები - ლევან წიკლაური და ავთანდილ ჭრიკიშვილი დაეჭიდებიან. 90 და +100 კილოგრამებში კი ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ვარლამ ლიპარტელიანი და ადამ ოქრუაშვილი იბრძოლებენ. ლიპარტელიანი ფინალში ბრაზილიელ ტიაგო კამილოს შეხვდება, ოქრუაშვილი - იაპონელ მასარუ მომოსეს.
კვარცხლბეკზე ასასვლელად ზვიად გოგოჭურიც (90 კგ) იბრძოლებს. იგი რეპეშაჟის ფინალშია და ბრინჯაოს მედლისთვის ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდს დაუპირისპირდება.
დღესვე “დიდ პრიზზე” ალექსანდრე მსხალაძემ, გიორგი ნოზაძემ (ორივე 100კგ) და ლევან მატიაშვილმაც იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ და ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც უმალ დაკარგეს.
გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 20.00 საათიდან დაიწყება.







