ფეხბურთი

2:57 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ინგლისური გოლი და 1/4-ფინალისტი “რეალი”

5 თამაში დასჭირდათ ინგლისურ გუნდებს იმისათვის, რომ 2014 წელს, ევროტურნირებზე, პირველი გოლი გაეტანათ. “მანჩესტერ სიტისთვის”, “არსენალისთვის”, “ტოტენჰემისთვის” და “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” შეუსრულებელი მისია “ჩელსიმ” შეასრულა, რომელმაც, ფერნანდო ტორესის ზუსტი დარტყმის წყალობით, 1/4-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

თურქეთში გამართული მატჩი “ჩელსის” კარნახით მიმდინარეობდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ჟოზე მოურინიო სიფრთხილეს იჩენდა.

ლონდონელებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს. “არისტოკრატებმა” კონტრშეტევა კარგად გაითამაშეს და შეხვედრის წინა დღეს მოურინიოს მიერ ნაქებმა ასპილიკუეტამ ტორესი ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო დატოვა. ესპანელმა თავდამსხმელმა თანამემამულის გადაცემა გამოიყენა და “ჩელსის” მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე, მე-9 გოლი გაიტანა.

“გალათასარაი” შესვენების შემდეგ გააქტიურდა და რობერტო მანჩინის გუნდმა 3 დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა. ერთ ეპიზოდში, მასპინძლებმა აუტი სწრაფად მოაწოდეს და ბურაქ ილმაზმა ძალიან მახვილი კუთხიდან გიატანა კიდეც, მაგრამ იმის გამო, რომ მოედანზე 2 ბურთი იყო, არბიტრმა გოლი არ ჩათვალა.

შემდეგ იყო დროგბას მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთის მოგება და ინანის ახლო მანძილიდან დარტყმა, მაგრამ “ჩელსის” კარი ძელმა იხსნა.

ამ ეპიზოდიდან მალევე, სნეიდერმა კიდევ ერთი კუთხური მოაწოდა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა შეჯუმ გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.

მატჩში მეტი ბურთი აღარ გასულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი ფრე დაფიქსირდა და “ჩელსიმ” ფავორიტის სტატუსი გაიმყარა, თუმცა, უშანსოდ არც “გალათასარაია”.

თურქული კლუბისგან განსხვავებით, ნამდვილად უიმედო მდგომარეობაშია “შალკე”. გელზენკირხენელებმა, საკუთარ კედლებში, “რეალთან” 1:6 წააგეს და მათი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მხოლოდ ფორმალობაა.

მადრიდელთა მხრიდან გოლები წყვილ-წყილად გაიტანეს ქარიმ ბენზემამ, გარეთ ბეილმა და კრიშტიანუ რონალდუმ. ეს უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ათზე მეტი გოლის გატანა სამ სეზონში მოახერხა.

ანგარიში ბენზემამ გახსნა, რომელმაც ზუსტი დარტყმა ბეილის გარღვევასა და რონალდუს მიერ ქუსლით გაკეთებულ გადაცემას მოაყოლა. ეს მე-13 წუთზე მოხდა, ხოლო 8 წუთში, გარეთ ბეილმა, სოლორეიდი ზუსტი დარტყმით თავად დააგვირგვინა.

მე-2 ტაიმი რონალდუს საფირმო ფინტითა და ზუსტი დარტყმით დაიწყო. მალევე, პორტუგალიელის მორიგ გადაცემას ბენზემას დუბლის მოჰყვა. 69-ე წუთზე, რამოსმა ბეილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და უელსელმა დუბლი გაიფორმა. ოც წუთში, ბენზემასა და ბეილს მხარი რონალდუმაც აუბა, რომელმაც ასევე დუბლი გაიფორმა.

“შალკემ” ერთადერთი გოლი, რომელსაც პრესტიჟისაც არ ეთქმის, პირველ დამატებულ წუთზე გაიტანა, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს ფუხსმა საჯარიმოს წინა ხაზთან ჩააწოდა, ხოლო ჰუნტელაარმა, მიწაზე დაუშვებლად, ბურთს ადგილი თავისი ყოფილი კლუბის კარში მიუჩინა.

 

გალათასარაი-ჩელსი 1:1 (0:1)

სტამბული, “ტელეკომ არენა”

გალათასარაი (4-4-2): მუსლერა, ებუე, შეჯუ, ბალთა (კაია 46), ტელესი, ჰაიროვიჩი (კურტულუსი 31), მელუ, ინანი, სნეიდერი, ილმაზი, დროგბა (ბულუთი 80).

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი, ლემპარდი, ვილიანი, შიურლე (მიკელი 67), აზარი (ოსკარი 90+2), ტორესი (ეტოო 68).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: 0:1 ტორესი (9), 1:1 შეჯუ (65).

გაფრთხილებები: ინანი 57 – ტერი 42, შიურლე (57), რამირესი (58), ჩეხი (61).

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 9 (4)-9 (5), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-3, ჯარიმა: 20-18.

 

შალკე-რეალი 1:6 (0:2)

გელზენკირხენი, “ფელტინს არენა”

შალკე (4-2-3-1): ფარმანი, ჰიოვედესი, მატიპი, სანტანა, კოლასინაცი (ფუხსი 76), ბოატენგი (გორეტზკა 59), ნოიშტადტერი, ფარფანი (ობასი 72), მაიერი, დრაქსლერი, ჰუნტელაარი.

მწვრთნელი: იენს კელერი.

რეალი (4-1-2-3): კასილიასი, კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო, ალონსო (ილიარამენდი 73), მოდრიჩი, დი მარია (ისკო 68), ბეილი (ხესე 80), ბენზემა, რონალდუ.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 0:1 ბენზემა (13), 0:2 ბეილი (21), 0:3 რონალდუ (52), 0:4 ბენზემა (57), 0:5 ბეილი (69), 0:6 რონალდუ (89), 1:6 ჰუნტელაარი (90+1).

გაფრთხილებები: ჰიოვედესი 62, ჰუნტელაარი 72 – დი მარია 29.

მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 10 (6)-21 (12), კუთხური: 1-7, თამაშგარე: 0-5, სეივი: 6-5, ჯარიმა: 9-3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177585