ფეხბურთი

13:42 | 16.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

პავლე ხორგუაშვილი ფინეთის პოლიციაში

საფეხბურთო სკანდალია ფინეთში, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც შეეხო, თანაც, პირდაპირ. ფინეთის პოლიციამ ექვსი უცხოელი ფეხბურთელი დააკავა და მათ შორის ოთხი - “როვანიემიდან”. და ამ ოთხშია 23 წლის ქართველი ნახევარმცველი პავლე ხორგუაშვილიც. დაკავების მიზეზი გარიგებულ თამაშებში მონაწილეობაა.
გეცოდინებათ, “როვანიემში” პავლეს გარდა, მისი ტყუპისცალი ვალტერ ხორგუაშვილიც თამაშობს, თუმცა მას არავინ შეხებია. ცნობისთვის, ეს კლუბი შარშან მეორე ლიგაში იყო, პირველ ადგილზე გავიდა და წლეულს ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი) გამოდის.
ეს ინფორმაცია “როვანიემის” ოფიციალურ საიტზეც წერია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ფინეთში მალაიზიის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სამშობლოში ბრალს სდებდნენ გარიგებული მატჩების ორგანიზებაში. და ამას მოჰყვა ექვსი ფეხბურთელის დაკავება.
საუბარია ფინეთის შარშანდელი ჩემპიონატის ათ მატჩზე.
“როვანიემის” საიტზე, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ინგლისელი ჯონ ალენის სიტყვებია მოყვანილი:
“ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას, თუმცა სიტუაცია რთულია. შაბათს “ვაასას” ვხვდებით და ოთხი ფეხბურთელის გამოკლება დიდი დანაკლისია ჩვენთვის. პოლიციას ჩემთვის არაფერი უთქვამს. მოკლედ, ისე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ვითომ არაფერი მომხდარა. ძნელია”.  
კლუბის გენერალური დირექტორი იუკო კიისტალაც მნიშვნელოვანს ვერაფერს ამბობს, თუმცა როგორც გაირკვა, ხორგუაშვილისა და კიდევ ხუთი ფეხბურთელის საკითხი პარასკევს განიხილება.
აღსანიშნავია, რომ “როვანიემისთვის” ასეთი ამბავი პირველი არაა – შარშან, გუნდის ზამბიელი ფეხბურთელი კრისტოფერ მუსონდა, ამავე ბრალდებით დააკავეს.
 

ილია ნანობაშვილი

 

Loading...
0.14761