ძიუდო

17:32 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს თაობის მორიგი გაბრწყინება

რამდენიმე წელია, ტრადიციად იქცა - 1998-99 წლებში დაბადებული ქართველი ძიუდოისტები საერთაშორისო ტურნირებებიდან ხვავრიელი მოსავლით ბრუნდებიან. ეს ის ასაკობრივი ჯგუფია, თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში რომ უნდა ჩაერთოს. გამორჩეული შედეგიანობის მთავარი მიზეზი კი სწორედ ამ შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად წლების წინ შედგენილი სახელმწიფო პროგრამაა, რომლის თანახმადაც სპორტსმენებს შიდა კონკურენციაში პირველობა ფინანსურადაც უფასდებათ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის და შესაბამისად ნაკრებში დამკვიდრების შანსი უცხოურ შეჯიბრებებზე გამოსვლით ეძლევათ. ცუდი კი ისაა, რომ ეს პროგრამა მომავალ წელს დასრულდება.

ბოლო წარმატებას ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ახლახან ბაქოში მიაღწიეს – აზი ასლანოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 4-4 ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გოგონების ანგარიშზე კი 2-2 ოქრო და ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. ამასთან, გოგონათა გუნდი აზერბაიჯანში ლიდერების გარეშე იყო ჩასული.

ბაქოს ტატამზე სულ 11 ქვეყნის სპორტსმენები გავიდნენ. საქართველოს ნაკრები საქმეში გაფართოებული შემადგენლობით ჩაერთო და კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანისა და რუსეთის ნაკრებები უკან მოიტოვა.

ვაჟებში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ვაჟა ბუბუნაური (46 კგ), ალეკო მამიაშვილი (55 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (60 კგ) და ამირან წიქორიძე (+90 კგ) ავიდნენ. გიორგი თუთაშვილს (46 კგ), გუგა გოგიტიძეს (60 კგ), გოგა ქევხიშვილსა (73 კგ) და ვაჟა კაკილაშვილს (90 კგ) ჩემპიონობამდე ფინალის მოგებაღა დააკლდათ, ხოლო გიორგი ნიაზაშვილი (46 კგ), შოთა ბესიაშვილი, ლაშა დუდაშვილი (ორივე 66 კგ) და ნიკა სიდამონიძე (90 კგ) ბრინჯაოებს დასჯერდნენ.

გოგონების გუნდიდან ტურნირი წაუგებლად თამარ მჭედლიშვილმა (63 კგ) და ელისო სისაურმა (70 კგ) დაასრულეს. ნინო მგელაძემ (52 კგ) და ნათია მიქაბერიძემ (63 კგ) მეორე ადგილები დაიკავეს, მარიამ ჭანტურიამ (52 კგ) – მესამე.

წარმატებას ფასს კიდევ უფრო მატებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანული ტურნირი 1997-98 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა და რიგ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების წევრებს 2 და 3 წლით უფროს მეტოქეებთან მოუხდათ დაჭიდება.

ქართული გუნდი ბაქოში მწვრთნელებმა თამაზ კარიაულმა, გიგა ბოჭოიძემ, ნესტორ ხერგიანმა და დავით კობერიძემ ჩაიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112563