კალათბურთი

15:25 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ში საინტერესო ტრეიდები განხორციელდა

როგორც მოგეხსენებათ, NBA-ს გულშემატკივრებისთვის მიმდინარე ზაფხული ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთი გამორჩეულია. ჯერ ერთი, უკანასკნელი დრაფტით ლიგაში ბევრი ნიჭიერი კალათბურთელი მივიდა და ამასთან, რამდენიმე სუპერვარსკვლავი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ყველას აინტერესებს, რა შემადგენლობას შეკრებს მომავალი სეზონისთვის ესა თუ ის გუნდი.

წლეულს, გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ხელში ჩაეგდოთ ლებრონ ჯეიმსი, დუეინ ვეიდი, კრის ბოში, კარმელო ენტონი, პაუ გასოლი და კიდევ ბევრი უმაღლესი დონის მოთამაშე. 10 ივლისიდან, გუნდებს ოფიციალურად შეუძლიათ მოთამაშეებთან კონტრაქტის გაფორმება და რამდენიმე საინტერესო ტრეიდი უკვე განხორციელდა.

უკანასკნელი ორი დღე საინტერესო ფაქტებით დახუნძლული გამოდგა და ბევრმა ვარსკვლავმა თავისი გადაწყვეტილება გაამხილა. ქვემოთ, რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს გამცნობთ.

დავიწყოთ ლებრონ ჯეიმსით, რომლის გადაწყვეტილებასაც აბსოლუტურად ყველა ელოდა და “მეფე ლებრონმა” თავისი არჩევანი ორიოდ დღის წინ გაასაჯაროვა. “მე შინ ვბრუნდები” – განაცხადა ჯეიმსმა და გასაგები გახდა, რომ მან “კლივლენდ კავალიერსი” აირჩია.

“იმ დღის მერე, რაც “კავალიერსი” დავტოვე, სინდისი მაწუხებს, რადგან ჩემი წასვლით, გუნდი ძალიან დავასუსტე. ახლა გავიზარდე და მსურს, ჩემს გუნდს ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო. მე შინ ვბრუნდები” – განაცხადა ლებრონმა.

თუმცა, ცოტა უცნაურია ის ფაქტი, რომ ლებრონმა მხოლოდ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თანაც, ერთი სეზონის შემდეგ, შეუძლია, ხელშეკრულება აღარ გაახანგრძლივოს. მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში, “მეფე” 42 მილიონ დოლარს მიიღებს.

ლებრონთან ერთად, ყველა ელოდა, თუ რას გადაწყვეტდა კარმელო ენტონი. მას არჩევანი “ნიუ იორკ ნიქსს”, “ჩიკაგო ბულზსა” და “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” შორის უნდა გაეკეთებინა. ლებრონის მსგავსად, მელომაც მშობლიური ქალაქი ყველაფერს ამჯობინა და “ნიქსთან” კონტრაქტი ხუთი წლით გაახანგრძლივა, რომლის თანახმადაც, ჯამში 129 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ენტონის აგენტის – ლეონ როუზის განცხადებით, კარმელო საკუთარ ქალაქს გულს ვერ დაწყვეტდა და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ “ნიქსი” გააჩემპიონოს. თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, ამ გადაწყვეტილებით, კარმელომ სერიოზულად შეიმცირა კარიერაში ჩემპიონის ბეჭდის მოპოვების შანსები.

ბოლო დროს, ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ თუ ლებრონი “ჰიტს” დატოვებდა, კრის ბოშიც ანალოგიურად მოიქცეოდა. ჯეიმსი “მაიამიდან” წამოვიდა და ბოშიც, თითქოს დღე-დღეზე “ჰიუსტონში” გადავიდოდა, მაგრამ გუშინ ყველაფერი შეიცვალა და “რეპტილიამ” “ჰიტთან” ახალი, ხუთწლიანი და 118 მილიონიანი ხელშეკრულება შეათანხმა. დიდი ალბათობით, ასევე მოიქცევა დუეინ ვეიდიც და გუნდთან მაქსიმალურ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გუნდი შეიცვალა ლეგენდარულმა ვინს კარტერმაც, რომელიც “დალასიდან” “მემფის გრიზლისში” გადავიდა. 37 წლის ვეტერანმა ახალ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის განმავლობაშიც 12 მილიონ დოლარს მიიღებს.

ბევრი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა, თუ რას იზამდა “ლეიკერსი” შარშანდელი ჩაგდებული სეზონის შემდეგ. როგორც ადრე გაუწყეთ, ლოს-ანჯელესელებს თავის გუნდში კარმელო ენტონისა და ლებრონ ჯეიმსის გადმოყვანა სურდათ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ძნელად სავარაუდოა, კალიფორნიული გრანდი მომავალ სეზონში ტიტულის მაძიებელთა შორის ვიხილოთ.

ამასთან, გუნდი დატოვეს ჯოდი მიქსმა, კრის კამანმა, ჯორდან ფარმარმა, კენტ ბეიზმორმა და პაუ გაზოლმა. ამ უკანასკნელმა “ლეიკერსის” ორწლიანი და 20 მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა და გუშინ ჩიკაგოში გაფრინდა, სადაც “ბულზთან” მოაწერს ხელს.

ბევრი მოთამაშის დაკარგვის მიუხედავად, “ლეიკერსს” რამდენიმე ახალწვეული ჰყავს – გუნდში დაბრუნდნენ ნიკ იანგი (ოთხ სეზონში 21.5 მილიონი), რომელიც ლოს-ანჯელესში შარშან გადავიდა და მალევე, გულშემატკივრების ფავორიტად იქცა და ჯორდან ჰილი (ორ სეზონში 18 მილიონი). მათ გარდა, გუნდმა ბევრისთვის მოულოდნელი ტრეიდი განახორციელა და ჯერემი ლინი დაიმატა, რომელსაც მომავალ სეზონში 15 მილიონ დოლარამდე უნდა გადაუხადოს, რაც ამ მოთამაშისთვის, ნამდვილად ძალიან ბევრია. (დიდი შანსია, „ლეიკერსის“ ფორმა კარლოს ბუზერმა მოირგოს, რომელთანაც კონტრაქტის გახანგრძლივებას „ჩიკაგო ბულზი“ არ აპირებს)

გუშინ, “ბრუკლინ ნეთსიდან” “ვაშინგტონ ვიზარდსში” გადავიდა პოლ პირსი, რომელიც მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში დედაქალაქურ გუნდში 10 მილიონ დოლარს მიიღებს. (პირსს შეუძლია, ერთი სეზონის შემდეგ კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს).

“ჰიუსტონმა” ტრევორ არიზა დაიმატა და ოთხწლიანი კონტრაქტიც გაუფორმა, რომლის თანახმადაც, იგი წლიურად, საშუალოდ 8 მილიონ დოლარს მიიღებს. ამით, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ “როკეტსის” მსუბუქი ფორვარდი – ჩენდლერ პარსონსი “დალასში” გადავა და მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში 45 მილიონ დოლარს მიიღებს.

გუშინვე, “ოკლაჰომამ” მსუბუქი ფორვარდი - ენტონი მოროუ დაიმატა, აიზია ტომასი “ფინიქსში” გადავიდა (ოთხი სეზონი და 27 მილიონი), ხოლო მარვინ უილიამსი “შარლოტ ჰორნეთსს” შეუერთდა (ორი სეზონი და 14 მილიონი).

მოკლედ, სატრანსფერო ბაზარი გახურდა და წინ ძალიან საინტერესო ზაფხული გველის. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღები აქვთ ლუოლ დენგს, კევინ ლავსა და ბევრ სხვა ვარსკვლავს...

ლევან გოგოტიშვილი

თეგებიNBAტრეიდები
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120475