ფეხბურთი

22:52 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალისტის ვინაობა განმეორებით მატჩში გაირკვევა

ზამთრის პაუზის შემდეგ საქართველოში საფეხბურთო სეზონი სათასო მატჩებით განახლდა. ერთი ასეთი შეხვედრა ქობულეთში ,,ჩელე არენაზე’’ გაიმართა, სადაც 1/4 ფინალის მატჩში პირველი ლიგის A ზონის ერთ-ერთმა ლიდერმა ქობულეთის ,,შუქურამ’’ უმაღლესი ლიგის აუტსაიდერს, მარტვილის ,,მერანს’’ უმასპინძლა.

შეხვედრა აჭარელთა უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. მარჯვენა ფრთიდან ხუჭუას ჩაწოდებულ საჯარიმოს ბაჯელიძე საჭირო ადგილზე დაუხვდა და თავური დარტყმით ბურთი მარტვილელთა კარისკენ გადაგზავნა. ბურთმა კარის ძელს სულ ახლოს ჩაუქროლა. როგორც მატჩის მიმდინარეობისას გამოჩნდა, ეს კომბინაცია მასპინძლებს კარგად ჰქონდათ დამუშავებული და იგი რამდენჯერმე გამოიყენეს, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

ტაიმის შუაწელიდან სტუმრებიც გამოცოცხლდნენ და 3 წუთის ინტერვალში ფონიავა ზედიზედ ორჯერ დაემუქრა ქობულეთელთა კარს. პირველად იგი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოვებულმა ძლიერად გაისროლა, მაგრამ ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო. მეორეჯერ თითქმის იგივე ადგილიდან მან ტექნიკური დარტყმა განახორციელა, თუმცა თეიმურაზ კაკალაძე მეტოქეს ჩანაფიქრს მიუხვდა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

28-ე წუთზე მარტვილელებმა გოლის გატანაც მოახერხეს... ბენაშვილის ჩაწოდებულ საჯარიმოს გაგა ჩხეტიანმა თავით მიმართულება შეუცვალა. ბურთი ხარიხამ აისხლიტა და ცარიელი კარის წინ სრულიად მარტო მყოფ გაბუნიას მისი ბადეში მოთავსება არ გასჭირვებია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა მარტვილელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაბამისად კარის აღებაც არ დაფიქსირდა.

ნახევარი საათის მიწურულს ისევ სტუმრებმა იყოჩაღეს. კუჭუხიძემ რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, ბურთიანად საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერადაც გაისროლა. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ტაიმის უკანასკნელი ათწუთეული აჭარელთა უპირატესობით წარიმართა. მასპინძლები სახიფათო მომენტებს ძირითადად სტანდარტული მომენტების გათამაშების შემდეგ ჰქმნიდნენ.

38-ე წუთზე ხუჭუას ჩაწოდებულ საჯარიმოს ბაჯელიძე ურტყამდა თავით ახლო მანძილიდან, მაგრამ მიზანს ამჯერადაც ააცილა. 43-ე წუთზე კი მასპინძლებმა კარის აღების რეალური შანსი გაანიავეს. ისევ ხუჭუას ჩაწოდებულ საჯარიმოს მეტოქის რიგებში არეულობა მოჰყვა. საბოლოოდ ბურთი შეროზიას მიუვიდა, რომელიც მეკარის ბაქნიდან ურტყამდა ძლიერად, თუმცა მეტოქის კარის დალაშქვრა ვერც მან მოახერხა.

შეხვედრის მეორე ნახევარი სახიფათო მომენტების მხრივ გაცილებით უფრო მწირი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა მოედანზე ორი თავდამსხმელი, კაკალაძე და ჩელებაძე გამოიყვანეს, ნახევარი საათი ისე მიილია, რომ არცერთ კართან რაიმე ხიფათი არ შექმნილა.

მატჩის უკანასკნელი წუთები სტუმართა უპირატესობით წარიმართა. 76-ე წუთზე გამოცდილმა ბაბუნაშვილმა მოედნის ცენტრიდან ინდივიდუალური გარღვევა განახორციელა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. თითქმის მაშინვე, ისევ ბაბუნაშვილი ურტყამდა იგივე ადგილიდან, მაგრამ ქობულეთელთა კიპერიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

87-ე წუთზე მარტვილელებს შეეძლოთ შინ გამარჯვებულები დაბრუნებულიყვნენ. ბენაშვილი-ხუბუა-ბაბუნაშვილის სწრაფი სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი ურტყამდა მეკარის ბაქნიდან, მაგრამ თეიმურაზ კაკალაძემ შესაშური რეაქცია გამოავლინა და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა.

შეხვედრის დარჩენილ დროში აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა და კვარაცხელიას საფინალო სასტვენმა უგოლო ფრე დააფიქსირა.

მატჩის დამთავრების შემდეგ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეთათვის დაწესებული პრიზები გადაეცათ ზურაბ მალანიას და კიჭი მელიავას.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

ბესიკ შეროზია (,,შუქურა”) - ,,კარგი თამაში გამოვიდა. ჩემი ბიჭების მონდომებით და თავდადებით კმაყოფილი ვარ, თუმცა თამაშის ხარისხით არა. ეს სეზონის დასაწყისია და იმედი მაქვს თამაშის ხარისხსაც გამოვასწორებთ. 0:0 ისეთი ანგარიშია, რომ ორივე გუნდს თანაბარ პირობებში გვამყოფებს. ასე რომ, ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება.“

ზურაბ იონანიძე (,,მერანი”) - ,,ეს ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ. საგოლე მომენტები ჩვენ უფრო მეტი შევქმენით. ვეცდებით განმეორებით შეხვედრაში გამარჯვებას მივაღწიოთ და ნახევარფინალის საგზური მოვიპოვოთ.”

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება. 1/4 ფინალი.
,,შუქურა
” (ქობულეთი) -,,მერანი” (მარტვილი) 0:0 (0:0)
22 თებერვალი
. 14:00 სთ. ქობულეთი. ,,ჩელე არენა’’. 3000 მაყურებელი.                                     

,,შუქურა”:  თ. კაკალაძე, ხუჭუა, შეროზია, მალანია, ბაჯელიძე (კ), ტაკიძე, კალანდაძე, გოლიხინი (მაჭავარიანი 79), ჩალაძე, ჭკუასელი (ჩელებაძე 46), ცენტერაძე (კაკალაძე 46);

მთავარი მწვრთნელი:  ბესიკ შეროზია

,,მერანი”:  მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, გაბუნია (რაფაელო 89), ხუბუა, ჯოჯუა, ფონიავა, ბენაშვილი, კუჭუხიძე (ციცხვაია 84), ბაბუნაშვილი (კ), გაგა ჩხეტიანი (შულაია 72);

მთავარი მწვრთნელი:  ზურაბ იონანიძე

გაფრთხილება: მელიავა (42), ხუბუა (65);

არბიტრი:  ლევან კვარაცხელია


0.11366