ფეხბურთი

19:50 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელები საქმეში: ქართველებისა და უცხოელების მონაგარი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საიუბილეო, რიგით მეათე შესარჩევი ციკლი დაასრულა. ამ ხნის განმავლობაში, დაწყებული 1994 წლის 7 სექტემბერს მოლდოვასთან ცალკარაში წაგებული საშინაო მარცხიდან, ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრებში თორმეტმა სხვადასხვა მწვრთნელმა უთავკაცა. ამ თორმეტიდან 5 უცხოელი გახლდათ.

გვყავდა "ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ"-ის მთქმელი იოჰან ბოსკამპი; დროებით, 2 მატჩით მოსული ხორვატი ივო შუშაკი; მერაბ ჟორდანია-მიშელ პლატინის ურთიერთობით დანიშნული ფრანგი ალენ ჟირესი, რომელმაც შემდეგ მშვენიერი შედეგი აჩვენა აფრიკულ ნაკრებებში; დიდი ზარ-ზეიმით მოყვანილი კლაუს ტოპმიოლერი, რომელსაც საქართველოდან წასვლის შემდეგ, ფეხბურთში აღარ უმუშავია და მშობლიურ რივენიხში ვენახს უვლის; საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, მაგრამ შემდეგ აშკარად სამწვრთნელო კრიზისში მყოფი არგენტინელი ექტორ კუპერი.

გადავხედეთ ამ ხუთივე მწვრთნელის სტატისტიკას ნაკრებში და თავად განსაჯეთ – ერთად აღებულ ხუთივე უცხოელს საქართველოს ნაკრების ოფიციალურ მატჩებში, ჯამში მხოლოდ 5 მატჩი მოუგიათ. მხოლოდ 5. ბოსკამპი და კუპერი სულაც გამარჯვების გარეშე წავიდნენ საქართველოდან.

ამ 5 მწვრთნელს ერთი საერთო ჰქონდა: საქართველოში ჩამოსვლამდე, ნაკრებში საერთოდ არ უმუშავიათ. ეგებ, ესაა მიზეზი მათი მკვეთრად ცუდი შედეგებისა? მათ კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა (განსაკუთრებით, კუპერისა და ტოპმიოლერისა), უაზრობაა. მაშ, ან ნაკრებში მუშაობის გამოცდილების არქონაა მიზეზი, ან უცხო გარემოსთან და საფეხბურთო სტილთან შეუჩვევლობა, ან უსუსტესი ფეხბურთელების ბირთვი, ან თავად მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ცოტა ნიჰილისტური დამოკიდებულება. კიდევ შეიძლება მიზეზების ჩამოთვლა, მაგრამ ესენი მაინც უმთავრესია.

კუპერმა სულაც "სამშაბათობა" დანერგა, რომლის შემხედვარე მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა: "ნახეთ, რას ვასწავლი ფეხბურთელებს. უბრალო რამ არ იციან". იქიდან დაიწყო და დღემდე მოდის აზრი, რომ "ფეხბურთელები არ გვყავს". ამის ძახილით სრულ პასუხისმგებლობას ვარიდებთ მწვრთნელებსა და ფეხბურთის ფედერაციას.

ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნის, თუმცა ჯერ უცნობია, ის უთავკაცებს თუ არა მომდევნო შესარჩევში. ნოემბრის შუა რიცხვებში ქეცბაიასა და ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება და იმსჯელებენ განვლილ შესარჩევზე, სამომავლო გეგმებზე. ჯერჯერობით, ქეცბაიას დარჩენა-არდარჩენის თემა ღიადაა. 

საკითხი, ქართველი უნდა იყოს მწვრთნელი თუ უცხოელი, ვფიქრობთ, არასწორადაა დასმული. მთავარია გეგმიური ხაზი – როგორ აპირებს მწვრთნელი მუშაობას, რამდენად ესადაგება ქართული ფეხბურთის სტილსა და ხედვას. თუ "ფეხბურთელები არ გვყავს" უნდა იძახოს, მაშინ რა აზრი აქვს წყლის ნაყვას?

თორმეტივე მწვრთნელის სტატისტიკა ოფიციალურ მატჩებში:

ალექსანდრე ჩივაძე 18 7 2 9 21:23 23 ქულა

დავით ყიფიანი 6 3 1 2 7:6 10

ვლადიმერ გუცაევი 5 1 1 3 3:9 4

იოჰან ბოსკამპი 5 0 1 4 5:9 1

დავით ყიფიანი/რევაზ ძოძუაშვილი 5 1 0 4 6:10 3

ივო შუშაკი 2 1 0 1 1:2 3

მერაბ ჟორდანია 3 1 0 2 5:6 3

ალენ ჟირესი 7 1 2 4 10:16 5

გაიოზ დარსაძე 5 1 1 2 4:9 5

კლაუს ტოპმიოლერი 12 3 1 8 16:19 10

ექტორ კუპერი 10 0 3 7 6:18 3

თემურ ქეცბაია 18 3 6 9 10:19 15    

 

ქართველი: 60 17 12 31 56:82 63

უცხოელი: 35 5 7 24 38:64 22

მთლიანად ნაკრებს აქვს ჩატარებული შესარჩევის 88 მატჩი: მოიგო 22, ფრედ დაასრულა 19 და წააგო 55. ბურთების შეფარდება – 94:146.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122618