ფეხბურთი

2:26 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიგებს “რეალი” გერმანიაში?

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ექვს წყვილში ფავორიტი უკვე გამოკვეთილია, ხოლო რამდენიმე მათგანში, შეიძლება ითქვას, 1/4-ფინალისტის ვინაობაც ცნობილია. დღეს, დარჩენილი ორი დაპირისპირების პირველი მატჩები გაიმართება.

 

შალკე-რეალი

“რეალს” გერმანიაში თამაში ყოველთვის უჭირდა და კარლო ანჩელოტის გუნდი გელზენკირხენს იმის დასამტკიცებლად ეწვია, რომ ეს სიტუაცია შეიცვალა.

მადრიდელებს გერმანიაში 21-ე საუკუნეში მოგება არ აქვთ, ხოლო მათი ბოლო 6 სტუმრობა მარცხით დასრულდა.

გერმანიის წარმომადგენლებთან სულ გამართულ 52 თამაშში “რეალს” 22 მოგება, 10 ფრე და 20 მარცხი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება – 88:87. სტუმრად ჩატარებული 24 შეხვედრიდან “სამეფო კლუბმა” მხოლოდ 1 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 17 დათმო.

“შალკე” ესპანეთის წარმომადგენლებს 23-ჯერ შეხვედრია. გელზენკირხენელებმა შვიდ-შვიდჯერ მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 9-ჯერ წააგეს. ბურთების შეფარდება – 25:25. საკუთარ კედლებში გამართული 11 თამაშიდან “შალკემ” 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 დათმო.

მატჩს ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება. “შალკემ”, გერმანიის ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 2 ქულა დაკარგა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

“რეალმა”, პრიმერას ბოლო 9 თამაშიდან 8 მოიგო და შედეგად, მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები 2011-12 წლების სეზონის ბოლო ტურის შემდეგ პირველად გახდნენ.

“შალკემ”, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ფლეი ოფის ეტაპიდან დაიწყო, სადაც გერმანელებმა პაოკ-ს, 2 მატჩის ჯამში, 4:3 სძლიეს. ჯგუფში გერმანელები “ჩელსისთან”, “ბაზელთან” და “სტიაუასთან” მოხვდნენ. ფინალური ეტაპის 2 მოგებით დაწყების მიუხედავად, იენს კელერის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ ბოლო ტურში 3 ქულის აღების წყალობით, “შალკემ” “ჩელსის” შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა.

“რეალმა”, ჯგუფურ ეტაპზე, “გალათასარაის”, “იუვენტუსისა” და “კოპენჰაგენის” წინააღმდეგობა იოლად დაძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

“შალკეს”, დღევანდელ მატჩში, ტრავმირებული აოგო და ჰიოგერი ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა კლემენსის, ჰიოვედესისა და უჩიდას თამაში.

“რეალის” ერთადერთი დანაკლისი ტრავმირებული სამი ხედირაა.

მატჩს ინგლისელი ჰოვარდ უები განსჯის. “შალკეს” თამაშში მან მონაწილეობა 2-ჯერ მიიღო. 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, გელზენკირხენელები “პორტუსთან”, პორტუგალიაში, 0:1 დამარცხდნენ. 2010 წელს, იმავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, ისევ პორტუგალიაში, გერმანელებმა “ბენფიკა” 2:1 დაამარცხეს.

“რეალის” მატჩში უებს 5-ჯერ უმსაჯია. 2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდელებმა “ვერდერი” 2:1 დაამარცხეს. 2010 წელს, კვლავ ჯგუფში, “სამეფო კლუბი” “მილანს” დაუზავდა, ანგარიშით 2:2. 2012 წელს, ლიგის ნახევარფინალში, მიუნხენში, “ბაიერნთან” გამართულ შეხვედრაში “რეალი” 1:2 დამარცხდა. 2013 წელს, კვლავ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ესპანელებმა “დორტმუნდს” 2:0 სძლიეს. “რეალის” ბოლო მატჩი უებმა მიმდინარე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე განსაჯა. მადრიდელებმა ტურინში 2:2 ითამაშეს.

  • “შალკეს” ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ზედიზედ 2-ჯერ გავიდა;
  • “რეალი” ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 16 გუნდში ზედიზედ მეთერთმეტედ მოხვდა;
  • “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 20 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია;
  • მიმდინარე გათამაშებაში, კრიშტიანუ რონალდუმ 9 გოლი გაიტანა, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ისტორიაში საუკეთესო შედეგია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 23 თამაშში რონალდუმ 28 გოლი გაიტანა;
  • კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 34 შეხვედრაში რონალდუმ 41 გოლი გაიტანა. ამ 34 მატჩში პორტუგალიელმა ჰეთ თრიქით თავი 5-ჯერ გამოიჩინა;
  • “რეალმა” გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 21 გასვლით თამაშში გაიტანა. ამ 21 თამაშიდან მადრიდელებმა 4 წააგეს, აქედან 3 გერმანიაში;
  • “რეალს” გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 31 თამაშში აქვს გატანილი, რაც რეკორდია;
  • 2008-09 წლების მე-2 ნახევარში, კლას-იან ჰუნტელაარი “რეალში” თამაშობდა. მადრიდული გუნდის მაისურით მან 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა;
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, “შალკეს” განაცხადს ენტონი ანანი დაემატა, ხოლო დენის აოგო, ჯერმეინ ჯონსი და ლარს უნერშტალი გამოაკლდნენ;
  • “რეალს”, ყველა ტურნირზე, 26-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც კარლო ანჩელოტის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ბოლო 16 თამაშიდან მადრიდელებმა 15 მოიგეს;
  • “შალკეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ესპანურ გუნდს ერთ გოლზე მეტი არასდროს გაუტანია;
  • ბოლო სამ შემთხვევაში, როდესაც “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ გუნდს დაუპირისპირდა, მადრიდელები გათამაშებას გამოეთიშნენ;
  • “შალკეს” მიერ ჯგუფურ ეტაპზე გატანილი ექვსივე გოლი მე-2 ტაიმში გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი, ჰოოგლანდი, მატიპი, სანტანა, კოლასინაცი, ბოატენგი, ნოიშტადტერი, ფარფანი, მაიერი, დრაქსლერი, ობასი.

რეალი (4-3-3): კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო, ილიარამენდი, ალონსო, დი მარია, ხესე, ბენზემა, რონალდუ.

მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

 

გალათასარაი-ჩელსი

“ჩელსის” ჩემპიონთა ლიგა ერთადერთხელ, 2012 წელს აქვს მოგებული. 2 წლის წინანდელი ტრიუმფის მთავარი შემოქმედი კოტ დ’ივუარელი დიდიე დროგბა იყო, რომელიც დღეს “გალათასარაიში” თამაშობს. თურქული კლუბის 35 წლის ვარსკვლავს, დღეს, იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში მოუწევს, რომელშიც თავისი კარიერის საუკეთესო 8 წელი გაატარა.

დროგბას გუნდი იმ “ჩელსის” დაუპირისპირდება, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, “ჩელსი”, პრემიერლიგაში, ლიდერ “არსენალს” 5 ქულით ჩამორჩებოდა, დღეს კი, ჟოზე მოურინიოს გუნდი პირველ ადგილზეა. “არისტოკრატებს” პრემიერლიგის ბოლო 12 თამაშში წაგება არ აქვს.

კარგ ფორმაშია “გალათასარაიც”. თურქეთის ჩემპიონატის ცუდად დამწყებმა გუნდმა, ბოლო 11 თამაშიდან 7 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. ბოლო ოთხ ტურში, რობერტო მანჩინის გუნდმა ლიდერ “ფენერბაჰჩესთან” ჩამორჩენა 6 ქულით შეამცირა და ახლა, “გალათასარაის” პირველ ადგილთან 4 ქულა აშორებს.

“გალათასარაისა” და “ჩელსის” შორის აქამდე გამართული 2 დაპირისპირება თურქული გუნდის გულშემატკივრებს ცუდად უნდა ახსოვდეთ. 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლონდონში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო თურქეთში, “ჩელსიმ” მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანა.

“გალათასარაი” ინგლისის წარმომადგენლებს 17-ჯერ შეხვედრია. თურქებმა 3-ჯერ მოიგეს, ხოლო შვიდ-შვიდჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს. ბურთების შეფარდება – 16:28. საკუთარ კედლებში გამართული 8 დაპირისპირებიდან “გალათასარაიმ” 3 მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და 2 დათმო.

“ჩელსი” თურქულ კლუბებს სულ 6-ჯერ შეხვედრია. ლონდონელებმა 4-ჯერ მოიგეს და 2-ჯერ წააგეს. ბურთების შეფარდება – 11:4. სტუმრად ჩატარებული 3 თამაშიდან ინგლისელებმა 2 მოიგეს და 1 წააგეს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “გალათასარაი” ჯგუფში “რეალთან”, “იუვენტუსთან” და “კოპენჰაგენთან” ერთად მოხვდა. ბოლო ტურში “იუვენტუსის” დამარცხების წყალობით, რობერტო მანჩინის გუნდმა ტურინელები ჯგუფში ჩატოვა, თავად კი 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

“ჩელსიმ” ჯგუფური ეტაპი “ბაზელთან” სენსაციური საშინაო მარცხით დაიწყო. ჟოზე მოურინიოს გუნდმა შვეიცარიელებთან მე-2 თამაშიც წააგეს, მაგრამ “შალკესა” და “სტიაუას” ორ-ორჯერ მოუგეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

“გალათასარაის” ტრავმირებული აიდინ ილმაზი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შეჯუს, გიოკჰან ზანის, ჰაქან ბალთასა და ჰამით ალთინთოფის საკითხი.

“ჩელსის” მხრიდან ტრავმა მარკო ვან გინკელს აქვს. საეჭვოა დავიდ ლუისის, ოსკარისა და ჯონ ობი მიკელის მოედანზე ხილვა, ხოლო მოჰამედ სალაჰსა და ნემანია მატიჩს ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსის” მაისურით თამაშის უფლება არ აქვთ.

შეხვედრას ესპანელი კარლოს ველასკო კარბალიო მოემსახურება, რომელსაც “გალათასარაის” მატჩში აქამდე ერთხელ უმსაჯია. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, თურქებმა “მანჩესტერ იუნაიტედი” 1:0 დაამარცხეს.

“ჩელსის” თამაშში კარბალიოს მონაწილეობა 4-ჯერ მიუღია. 2010 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლონდონელებმა “სპარტაკი” მოსკოვში 2:0 დაამარცხეს. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “ჩელსი” “ნაპოლისთან” 1:3 დამარცხდა. იმავე წელს, ჯგუფურ ეტაპზე, “არისტოკრატებმა” დონეცკის “შახტარს” 3:2 მოუგო, ხოლო მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, მოურინიოს შეგირდებმა “სტიაუა” 4:0 გაანადგურეს.

  • “გალათასარაის” თავდამსხმელი დიდიე დროგბა, 2004-2012 წლებში, “ჩელსიში” თამაშობდა. პრემიერლიგაში ჩატარებულ 226 თამაშში მან 100 გოლი გაიტანა;
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “გალათასარაის” საჩემპიონთალიგო განაცხადს გილერმო ბურდისო, იზეტ ჰაიროვიჩი და ალექს ტელესი დაემატნენ, ხოლო ნორდინ ამრაბათი, დანი ნუნკო, ალბერტ რიერა და ენჯინ ბაითარი გამოაკლდნენ;
  • “გალათასარაიმ”, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 19 თამაშიდან მხოლოდ ერთი დათმო. თურქულ კლუბს, საკუთარ კედლებში, 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • თუ დღეს გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, “ჩელსი” ევროტურნირებზე თავის 50-ე ფრეს ითამაშებს;
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, “ჩელსის” საჩემპიონთალიგო განაცხადს ილარიო დაემატა, ხოლო რაიან ბერტრანდი, კევინ დე ბრუინე და ხუან მატა გამოაკლდნენ;
  • “ჩელსიმ”, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 13 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 6 მოიგო;
  • ჯგუფურ ეტაპზე, “გალათასარაიმ” 14 გოლი გაუშვა, რაც 1/8-ფინალისტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია;
  • “ჩელსის”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ბოლო 6 თამაშში წაგება არ აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა, ებუე, კაია, შეჯუ, ბალთა, ინანი, მელო, ბ. ილმაზი, სნეიდერი, ბრუმა, დროგბა.

ჩელსი (4-3-3): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, ლემპარდი, მიკელი, რამირესი, ვილიანი, ეტოო, აზარი.

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.206606