სხვა

23:08 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრთან ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

27 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტოში მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძესთან ერთად ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივანს – ჰასან აკუსს და სპორტული ტელეარხის – “ევროსპორტის” ტექნიკურ დირექტორს – დევიდ გოლდსტრომს შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი – რამაზ გურგენიძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი – გიორგი ასანიძე და ძალოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის - დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენელი ირაკლი გუგუშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში 2015 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების და სამომავლო გეგმების შესახებ. ჰასან აკუსმა და დევიდ გოლდსტრომმა თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე გამართეს შეხვედრები საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ – ლერი ხაბელოვთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ – გიორგი ბარათაშვილთან.

სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის სპორტის სასახლე და სასტუმროები “შერატონ მეტეხი პალასი” და Holliday inn Tbilisi, სადაც ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს სპორტსმენები და ოფიციალური პირები უნდა დაბინავდნენ.

“დარწმუნებული ვარ, თბილისის ევროპის ჩემპიონატი ერთ-ერთი გამორჩეული იქნება, რადგან ძალოსნობა თქვენთვის უცხო ხილი არ არის. გარდა ამისა, გაისად საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს, რამეთუ ოლიმპიადის წინა წელია და “რიო 2016”-ის სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატამდე, საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად თუ ფორმაში შესასვლელად ამაზე უკეთესი შეჯიბრი სპორტსმენმა რა უნდა ინატროს.

ევროპის ძალოსნობის სამყაროში საქართველო დაფასებულია და ვიცით, რომ სპორტის ეს სახეობა თქვენთვის სულერთი არ არის. მოგვეწონა სპორტული არენა და სასტუმროები. 3 აპრილს თელ-ავივში ევროპის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება და იქ, თბილისზე დადებითი ანგარიშით წარვსდგები” – განაცხადა ჰასან აკუსმა.

ევროპის ჩემპიონატი 2015 წლის აპრილში თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119184