ფეხბურთი

2:37 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ვნახე დაჭრილი...

მილანი-ბარსელონა

გუნდების სახელებისა და ისტორიის გათვალისწინებით, დღეს, მილანში, ევროპული ფეხბურთის გრანდების ძალიან საინტერესო დაპირისპირება უნდა გაიმართოს. რეალობა კი ისაა, რომ “მილანს” ამ გუნდის ისტორიისთვის აშკარად სუსტი შემადგენლობა ჰყავს და ამას ისიც ემატება, რომ მასიმილიანო ალეგრის საკადრო პრობლემები აწუხებს. რაც შეეხება “ბარსელონას” – ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, კატალონიელები კარგ ფორმაში არიან და არა მხოლოდ ორმატჩიანი დაპრისპირების, არამედ დღევანდელი თამაშის ფავორიტებადაც მიიჩნევიან.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ძალიან ცუდად დამწყებმა “მილანმა”, ბოლო დროს, სიტუაცია აშკარად გამოასწორა. უკანასკნელ 7 თამაშში 17 ქულის მოპოვებით, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთო და შეიძლება ითქვას, რომ “როსონერი” მე-3 ადგილის დაკავების უმთავრესი კანდიდატია.

შიდა ასპარეზზე კიდევ უფრო კარგად აქვს საქმე “ბარსელონას”. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, კატალონიელებმა მხოლოდ 7 ქულა დაკარგეს და ჩემპიონატს ისინი 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. მდევართან არსებული დიდი სხვაობა “ბარსას” ჩემპიონთა ლიგაზე სრულად კონცენტრირების უფლებას აძლევს.

გუნდებს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. პირველად, “ბარსელონა” და “მილანი” ერთმანეთს 1959 წელს, ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. კატალონიელებმა ორივე თამაში მოიგეს – სტუმრად 2:0 და შინ 5:1. 30 წლის შემდეგ, უეფას სუპერთასის ფინალში, უფრო ძლიერი უკვე მილანი აღმოჩნდა. ბარსელონაში 1:1 თამაშის შემდეგ, იტალიელებმა შინ 1:0 იმარჯვეს. 1994 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ამ გუნდების ყველაზე ცნობილი დაპირისპირება გაიმართა. ფავორიტად შერაცხული კატალონიელები “მილანმა” 4:0 გაანადგურა. მორიგი დაპირისპირება 2000 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შედგა. კატალონიაში, სტუმრებმა 2:0 მოიგეს, ხოლო მილანში გამართული თამაში 3:3 დასრულდა. 4 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის იმავე ეტაპზე, “მილანმა” შინ 1:0 მოიგო და სტუმრად 1:2 წააგო. ყველაზე გოლმწირი თამაშები გუნდებმა 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართეს. ერთადერთი ბურთი მილანში ჩატარებულ შეხვედრაში, მასპინძელთა კარში გავიდა.

2011-12 წლების სეზონში, “მილანი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. ჯგუფურ ეტაპზე, ესპანეთში, გუნდებმა 2:2 ითამაშეს. იტალიელთა მხრიდან გატანილი გოლების ავტორები, პატუ და ტიაგუ სილვა, დღეს, სხვა გუნდებში თამაშობენ. “ბარსას” მეგოლეები, პედრო და დავიდ ვილია კი, კვლავ კატალონიელთა ღირსებას იცავენ. განმეორებითი თამაში ესპანელებმა 3:2 მოიგეს. მასპინძელთა რიგებიდან გოლები ბოატენგმა და იბრაჰიმოვიჩმა გაიტანეს. ეს უკანასკნელი, დღეს სხვა გუნდში თამაშობს. სტუმართა მხრიდან თავი მესიმ და ჩავიმ გამოიჩინეს, ხოლო ვან ბომელმა ავტოგოლი გაიტანა.

იმავე სეზონში, გუნდები ერთმანეთს უკვე 1/4-ფინალში შეხვდნენ. მილანში, გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს, ხოლო ბარსელონაში მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში, მასპინძელთაგან გოლები მესიმ (2) და ინიესტამ გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან თავი ნოჩერინომ გამოიჩინა, რომელიც დღეს ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

ნოჩერინო ერთადერთი არაა, ვინც “მილანს” დღეს დააკლდება. განსაკუთრებით პრობლემურია ნახევარდაცვის ცენტრი, სადაც ნოჩერინოს გარდა, მასპინძლებს ფლამინი და დე იონგიც დააკლდებიან. შექმნილ ვითარებაში, სავარაუდოდ, ბოატენგი ნახევარდაცვაში ითამაშებს, ხოლო შეტევაში ადგილს “ბარსას” აღზრდილი ბოიანი დაიკავებს. “მილანის” პრობლემები ნახევარმცველების არყოფნით არ შემოიფარგლება. “როსონერის”, ტრავმების გამო, ამელია, რობინიო, ბონერა და ანტონინიც დააკლდებიან. ვერ ითამაშებს “მილანში” გადასვლისთანავე გუნდის ლიდერად მოვლენილი ბალოტელი. მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს. მასიმილიანო ალეგრის გუნდში კარგი ამბავი ისაა, რომ ტრავმა მოირჩინა ელ შაარავიმ, რომელიც ბალოტელის არყოფნაში გუნდის უმთავრესი იმედია.

დანაკლისი აქვს “ბარსელონასაც”, მაგრამ ვილიას, აბიდალის, ადრიანოსა და ვილანოვას არყოფნა “მილანის” პრობლემებთან აბა რა მოსატანია. აბიდალზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კატალონიელები ვილიას გარეშე თამაშს დიდი ხანია მიეჩვივნენ. ადრიანო “ბარსას” ძირითადი შემადგენლობის წევრი არც არასდროს ყოფილა. რაც შეეხება ამერიკაში სამკურნალოდ მყოფ ტიტო ვილანოვას – გუნდს მისი არყოფნა სულაც არ ემჩნევა. სტუმართა რიგებში კარგი ამბავი ისაა, რომ 2 თამაშის გამოტოვების შემდეგ, გუნდს ჩავი ერნანდესი დაუბრუნდა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ, “მილანის” საჩემპიონთალიგო განაცხადს სალი მუნტარი, მ’ბაიე ნიანგი და ბაკაიე ტრაორე დაემატნენ, ხოლო ფრანჩესკო აჩერბი, ურბი ემანუელსონი, ჯამელ მესბა და პატუ გამოაკლდნენ. “ბარსას” შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არაა. კატალონიელებს ისააკ კუენკა გამოაკლდათ.

  • გუნდები ერთმანეთს 15-ჯერ შეხვედრილან. “მილანს” 4 მოგება აქვს, “ბარსას” – 6;
  • “მილანს”, იტალიის ჩემპიონატში, 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “მილანს”, გუნდებს შორის გამართულ ბოლო 7 თამაშში მოგება არ აქვს;
  • “მილანმა”, ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 6 თამაში მოიგო. აქედან უკანასკნელი 4 ანგარიშით 2:1;
  • 1/8-ფინალისტთა შორის “მილანი” ერთადერთია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ კედლებში, ჯერ არ მოუგია;
  • ჯგუფურ ეტაპზე, “მილანმა” 7 გოლი გაიტანა, რაც 1/8-ფინალისტებს შორის, “გალათასარაისთან” შედეგთან ერთად, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში ჩატარებულ ბოლო 4 თამაშში “მილანმა” მხოლოდ 1 გოლი გაიტანა;
  • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჩატარებული უკანასკნელი 10 თამაშიდან “მილანმა” მხოლოდ 1 მოიგო;
  • ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე, “მილანს” 399 გოლი აქვს გატანილი;
  • ჯგუფურ ეტაპზე, “მილანის” ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი, 17 ყვითელი ბარათი მიიღეს;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, “მილანმა” 55 გოლი გაიტანა, აქედან 40 მე-2 ტაიმში;
  • 2007-2011 წლებში, “ბარსელონას” პირველ გუნდში, ბოიან კრკიჩმა 163 თამაში ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ის დღესაც კატალონიელთა საკუთრებაა;
  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან 8 მოიგო;
  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 24 თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო და ორივე ბრიტანულ გუნდებთან;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონა” ბურთს საშუალოდ დროის 75.8%-ის (ზოგიერთო წყაროს ცნობით 71%) განმავლობაში ფლობს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა თამაშის წესები 46-ჯერ დაარღვიეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია;
  • ესპანეთის ჩემპიონატში, ლიონელ მესიმ გოლის გატანა ზედიზედ 14 თამაშში მოახერხა, რაც ლა ლიგის რეკორდია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, მესის 56 გოლი აქვს გატანილი და რუდ ვან ნისტელროისთან ერთად, ის მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. 71 გოლით, პირველ პოზიციაზე რაულია.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი, მონტოლივო, ამბროზინი, ბოატენგი, ბოიანი, პაცინი, ელ შაარავი.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, პედრო, მესი, ინიესტა.

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).

 

გალათასარაი-შალკე

მიმდინარე სეზონის სტარტზე კარგ ფორმაში მყოფი “შალკე”, ამჟამად, ძალზე ცუდ დღეშია. გელზენკირხენელები ბუნდესლიგაში მდგომარეობას უფრო და უფრო იუარესებენ და ისინი ჩემპიონთა ლიგაზეც აუტსაიდერები არიან.

გერმანიის ჩემპიონატში, “შალკეს”, ევროზონამდე მხოლოდ 3 ქულა აშორებს, მაგრამ გელზენკირხენელთა ფორმის გათვალისწინებით, იენს კელერის გუნდს ევროტურნირის საგზურის მოპოვება გაუჭირდება.

საპირისპირო სიტუაცია გვაქვს “გალათასარაის” ბანაკში. თურქეთის ჩემპიონატის ბოლო 2 თამაშის მომგები გუნდი გათამაშებას 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ, “გალათასარაი” ძალიან გაძლიერდა. თურქულმა კლუბმა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, უესლი სნეიდერი და დიდიე დროგბა დაიმატა. ამას დავუმატოთ ძალიან შედეგიანი ბურაქ ილმაზი და ცხადი გახდება, რომ “შალკეს” დაცვასა და მეკარეს ბევრი საქმე ექნებათ.

მასპინძლები ტრავმირებული უიფალუშისა და ელმანდერის გარეშე ითამაშებენ. უფრო სერიოზულია “შალკეს” დანაკლისი. გერმანელებს პაპადოპულოსი, აფელაი, უჩიდა, მორიტცი, უნერშტალი და მარიკა არ ეყოლებათ.

  • “გალათასარაის” ახალწვეულს, დიდიე დროგბას, თურქული კლუბის მაისურით პირველი გოლის გასატანად მხოლოდ 5 წუთი დასჭირდა;
  • 2001 წლის შემდეგ, “გალათასარაი” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში პირველად ითამაშებს;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, “გალათასარაიმ” ზედიზედ 3 თამაში მოიგო. თურქულ კლუბს, ამ ტურნირზე, ზედიზედ 4-ჯერ არასდროს უმარჯვია;
  • ჯგუფურ ეტაპზე, “გალათასარაიმ” 7 გოლი გაიტანა, რაც 1/8-ფინალისტებს შორის, “მილანის” შედეგთან ერთად, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია;
  • ჰამით ალთინთოფმა კარიერა “შალკეში” დაიწყო. 2003-07 წლებში, გელზენკირხენული გუნდის მაისურით ჩატარებულ 113 თამაშში, მან 8 გოლი გაიტანა;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “გალათასარაიმ” 7 გოლი გაიტანა. აქედან 6 ბურაქ ილმაზის ანგარიშზეა;
  • “შალკე” ერთ-ერთია იმ 4 გუნდთანაგ, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლეს;
  • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 12 თამაშიდან “შალკემ” მხოლოდ 1 მოიგო;
  • “შალკეს” ახალწვეულმა, მიშელ ბასტოსმა, გელზენკირხენელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა;
  • “გალათასარაიმ” და “შალკემ”, ჯგუფურ ეტაპზე, მთლიანობაში 17 გოლი გაიტანეს. აქედან 13 მე-2 ტაიმში გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, ებუე, ნუნკო, სემიჰი, რიერა, ალთინთოფი, ფელიპე მელო, შელჩუქი, სნეიდერი, დროგბა, ილმაზი.

შალკე (4-2-3-1): უნერშტალი, ჰოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი, ჯონსი, ნოიშტადტერი, ფარფანი, დრაქსლერი, ბასტოსი, ჰუნტელაარი.

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

 

მიშა ზაქარეიშვილი

 

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150222