კალათბურთი

16:17 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეფე” წყობილებიდან ვერ გამოიყვანეს

“მაიამი ჰითი” ზედიზედ მე-4 ფინალს მიუახლოვდა. ნბა-ს დასავლეთ კონფერენციის გადამწყვეტ სერიაში ფლორიდელებმა “ინდიანა პეისერზს” მორიგი მატჩი 102:90 მოუგეს და 3:1 დაწინაურდნენ. ამგვარად, ლებრონ ჯეიმსის გუნდს მიზნამდე ერთადერთი გამარჯვებაღა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ გასული თამაშის წინ, ინდიანელთა მცველმა ლენს სტივენსონმა მაიამელთა ლიდერ ლებრონ ჯეიმსის სუსტ მხარეებზე ისაუბრა და ამით, მის წყობილებიდან გამოყვანას შეეცადა, თუმცა, როგორც გამოჩნდა, მიზანს ვერ მიაღწია.

“მეფე ლებრონი” ამჯერადაც შეუდარებელი გახლდათ და 32 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, სტივენსონის მონაგარი კი 9 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი იყო. “გარწმუნებთ, კარგი თამაშისთვის დამატებითი მოტივაცია ნამდვილად არ მჭირდება, ამდეად, ლენსის სიტყვებისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია”, - განაცხადა ჯეიმსმა.

ლებრონი პოლ ჯორჯის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც “პეისერზის” დამარცხება მსაჯების არაობიექტური ქმედებებით ახსნა. “თუკი სტატისტიკურ მაჩვენებლებს გადავხედავთ, აუცილებლად დავინახავათ, რომ მასპინძლებმა 34 საჯარიმო შეასრულეს, ჩვენ კი – მხოლოდ 17. როდესაც მეტოქე 30 ქულას საჯარიმოებიდან იღებს, მოგებაზე ფიქრი ძალიან ძნელია”. ცხადია, ჯეიმსის მოსაზრება სხვაგვარი გახლდათ. “ჩვენს გამარჯვებას საჯარიმოებთან არანაირი კავშირი არ აქვს”.

ლებრონის გარდა, “ჰითის” მხრიდან კრის ბოშიც გამოირჩა 25 ქულით, ინდიანელებს კი, შესაბამისად, 23 და 20 ქულით პოლ ჯორჯმა და დევიდ უესტმა ულიდერეს. სამაგიეროდ, მორიგი მატჩი ჩაუვარდა “პეისერზის” ძირითად ცენტრ როი ჰიბერტს.

ამ უკანასკნელმა მოედანზე 22:14 წუთი გაატარა და ამ პერიოდში მაიამელებმა ინდიანელებზე 23 ქულით მეტი ჩააგდეს. ჰიბერტმა ყველა ტყორცნა გააცუდა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, აქტივში კი 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პლეი ოფში, ეს უკვე მეოთხე მატჩია, რომელშიც როიმ ვერცერთი ქულა მიითვალა.

სერიის მომდევნო შეხვედრა, 29 მაისს, უკვე “პეისერზის” სარბიელზე შედგება.

 

მაიამი – ინდიანა 102:90 (27:19, 22:25, 31:20, 22:26)

მაიამი: ჯეიმსი (32 ქ. 10 მ.), ბოში (25 ქ.), უეიდი (15 ქ.), ჩალმერსი (4 ქ.), ლუისი; ალენი (9 ქ.), კოული (7 ქ.), ბატიე (5 ქ.), ჰასლემი (5 ქ.).

ინდიანა: ჯორჯი (23 ქ. 7 მ.), უესტი (20 ქ. 12 მ.), ჰილი (15 ქ.), სტივენსონი (9 ქ.), ჰიბერტი; სკოლა (12 ქ.), მაინმი (5 ქ.), უოტსონი (3 ქ.), ბატლერი (3 ქ.), კოუპლენდი.

მაიამი იგებს სერიას 3:1

0.099427