კალათბურთი

0:17 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა სირენის თანხლებით ჩააგდო, “გალათასარაი” 1 ქულით დამარცხდა

მანუჩარ მარკოიშვილს თურქეთის ჩემპიონობა გადაედო. ფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურებულმა „გალათასარაიმ“ მორიგი მატჩი სტუმრად, ბალიკეშირში „ბანვითთან“ 1 ქულით – 85:86  წააგო და ტიტულის მოპოვებას მომდევნო მატჩში ეცდება.

ეს არცაა გასაკვირი – უცხო ქალაქში, მეტოქე გუნდის მხარდამჭერებით სავსე დარბაზში ჩემპიონობას ისეთი ლაზათი ვერ ექნება, როგორც შინაურ კედლებში. ამიტომ არ წაუგიათ, მაგრამ ტიტულის საკუთარ კედლებში მოგებაზე რომ ფიქრობდნენ, სტამბოლელებს ალბათ ის ჟინი აკლდებოდათ, რაც თამაშის მოსაგებად იყო საჭირო.

თანაც, ბანვითელები ერთობ მოწადინებულნი იყვნენ – ფინალური სერიის 0:4 წაგება გვარიანი სირცხვილია და თუნდაც ერთი მოგების მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებდნენ.

ბოლო მეოთხედამდე, რომ იტყვიან, ცალფარა თამაში მიდიოდა. მასპინძლებმა სოლიდური ლიდერობა თავიდანვე მოიპოვეს და მთელი 3 პერიოდის განმავლოვლობაში დამაჯერებლად ლიდერობდნენ.

პირველი პერიოდი ბალიკეშირელებმა 10 ქულით მოიგეს, დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 14-მდე გაზარდეს, ხოლო ბოლო ათწუთეულის წინ სულაც 18 ქულით – 65:47 იგებდნენ.

სტამბოლელებმა გადამწყვეტ მეოთხედში კინაღამ სასწაული მოახდინეს, რომლის შემოქმედიც ამერიკელი ჯეიმონტ გორდონი იქნებოდა. ამ კალათბურთელს საწყის 3 მეოთხედში 10 ქულა ჰქონდა მოგროვებული, საბოლოოდ კი შეხვედრა 34 ქულით დაასრულა.

გორდონმა ბოლო ათწუთეულში 24 (!) ქულა მიითვალა. საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე მასვე შეეძლო, ანგარიში გაეთანაბრებინა, როცა ბურთი ჩააგდო და მასპინძლებს დაჯარიმება აიძულა. ჯეიმონტმა გამათანაბრებელი საჯარიმო ააცილა, რასაც სტამბოლელთა ტაქტიკური ჯარიმა მოჰყვა, მაგრამ ბანვითელმა ჩარლზ დევისმა ორივე საჯარიმო ჩააგო და 3-ქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად “გალათასარაის“ 16 წამი დარჩა.

ამ დროში სტამბოლელებმა ორჯერ მოასწრეს სამქულიანის სროლა, მაგრამ გორდონის და ერდენ არსლანის გამთანაბრებლები არაზუსტი აღმოჩნდა. მეორე აცილებული მარკოიშვილმა მოხსნა, თუმცა ბურთის პერიმეტრზე ატანის დრო აღარ იყო და ქართველმა მცველმა ფარქვეშიდან სირენის თანხლებით ორქულიანი მიითვალა.

ცნობისთვის, ამ თამაშში ეს მანუჩარის პირველი ჩაგდებული ბურთი გახლდათ. ქართველმა უკანახაზელმა მატჩი 2 ქულით დაასრულა, რასაც 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაყოლა. მანუჩარმა 29:40 წუთში 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და 6-ივე სამქულიანი ააცილა.

ფინალური სერიის მორიგი მატჩი 15 ივნისს სტამბოლში, “გალას“ დარბაზში გაიმართება. მარკოიშვილის გუნდი სერიას 3:1 იგებს და ჩემპიონობის მოსაპოვებლად 1 მოგება სჭირდება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112174