საბერძნეთის ქალაქ კავალაში დაწყებულ საჭადრაკო ტურნირში ოთხი ქართველი – დავით ჯოჯუა (2530), ლელა ჯავახიშვილი (2469), ლუკა პაიჭაძე (2467) და სალომე მელია (2442) ჩაება.
ორი ტურის თავზე უდანაკარგოდ 10 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორისაც ჩვენებურები არ იმყოფებიან. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი – 1.5 ქულა პაიჭაძესა და მელიას გააჩნიათ, რომელთაც შესაბამისად, მე-16 და 36-ე ადგილები უკავიათ.
ჯოჯუა 1.0 ქულით 44-ეა, ხოლო ქართველთაგან საუკეთესო რეიტინგის მქონე ჯავახიშვილმა მხოლოდ 0.5 ქულის აღება შეძლო და 94 მოჭადრაკეს შორის 69-ე საფეხურზე იმყოფება.
მე-3 ტურში ოთხივე ქართველი თეთრი ფიგურებით ითამაშებს: პაიჭაძე რუმინელ ნემედიჩნის (2592) დაუპირისპირდება, მელია – გერმანელ გრაფს (2590), ჯოჯუა – ბერძენ ფახირიდუს (2238), ხოლო ჯავახიშვილი – ასევე ბერძენ მიხელაკოსს (1996).
კავალას ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, გამარჯვებული კი საპრიზო ფონდიდან 3 500 ევროს მიიღებს.







