ფეხბურთი

12:35 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას არ უვარჯიაშია, დვალიშვილი ინდივიდუალურად დაიტვირთა

თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი პაპავა არ ელოდა, რომ ესპანეთში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის შეკრებაზე წაიყვანდნენ.

 “სასიამოვნოა, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გიძახებენ. მქონდა ინფორმაცია, რომ გაფართოებულ სიაში ვიყავი, მაგრამ ასე მალე თუ გამომიძახებდნენ, არ მეგონა. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ეროვნულ გუნდში ითამაშოს.  ყველაფერი ნორმალურად მიდის. საკმაოდ კარგი ვარჯიშებია. ფეხბურთელებს სათამაშო სიტუაციებში სხვა კლასი აშკარად ეტყობათ და მიხარია, მათთან ერთად რომ ვარ და ყოველდღე სიახლეებს ვეცნობი. ის, რომ ამ ფეხბურთელებთან ერთად ვარ და ვვარჯიშობ, მომავალში აუცილებლად დამეხმარება. ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსი ეძლევათ ამ გუნდში და ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებს უკეთესი შედეგი ექნება, რადგან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები წარმატებით თამაშობენ და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ეროვნულ ნაკრებზეც აისახება. თითოეული ახალგაზრდასთვის ნაკრებში გამოძახება დიდი სტიმულია” - იუწყება პაპავას სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

29 მაისს ქალაქ ხერესში საქართველოს ნაკრების საუდის არაბეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას განკარგულებაში 24 ფეხბურთელია:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი) გიორგი ნადირაძე („სპარტაკი" ცხინვალი).

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი („დინამო“ თბილისი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი პაპავა („დინამო" თბილისი), ლევან ხმალაძე („ჩიხურა",საჩხერე).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი) ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია" ვარშავა).

თემურ ქეცბაიას შეგირდები ქალაქ კადისთან ახლოს დღეში ერთხელ ვარჯიშობენ. ორშაბათს წვრთნა მსუბუქი ტრავმის გამო დავით კვირკველიამ გამოტოვა. ესპანეთში ვარჯიშამდე წუთით ადრე ჩავიდა ვარშავის “ლეგიას” ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილი, რომელიც ინდივიდუალურად დაიტვირთა.

0.16499