კალათბურთი

10:49 | 15.11.2012 | ნანახია 1665 - ჯერ

ნოდარ ჯორჯიკია - კვალი ნათელი...

საქართველო, საბედნიეროდ, გამორჩეული ადამიანებისა და მათ შორის სპორტსმენების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა. სახელოვან ქართველთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი შესანიშნავ მამულიშვილსა და ბრწყინვალე კალათბურთელს ნოდარ ჯორჯიკიასაც უკავია. ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჯაჯუ ჯორჯიკიას ვაჟი არამარტო დიდებული სპორტსმენი, ღრმად ერუდირებული და ინტელექტუალური პიროვნება გახლდათ. ნოდარ ჯორჯიკიას დარი ადამიანების მნიშვნელობა მარტოოდენ სპორტის სფეროთი არ შემოიფარგლება. ისინი დიდ ზეგავლენას ახდენენ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა მსოფლმხედველობაზეც, მათი ცხოვრების წესზეც და ჯანსაღ პატრიოტულ გრძნობასაც აღვივებენ მათში.  
საკალათბურთო კარიერას რაც შეეხება, ნოდარ ჯორჯიკიამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კალათბურთში და ოთარ ქორქიასთან ერთად ჩვენში სპორტის ამ მიმზიდველ სახეობას ის მყარი საფუძველი ჩაუყარა, რომელზეც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები, კონტინენტის ჩემპიონთა თასის მფლობელები აღიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ. ბატონი ნოდარის გამორჩეული, მოქნილი, პლასტიკური, მაღალინტელექტუალური თამაშით აღტაცებას არა მარტო კალათბურთის მოყვარულები, სპეციალისტებით ვერ მალავდნენ. ამის ნათელ დადასტურებად პარიზის ევროპის ჩემპიონატიც შეგვიძლია მოვიშველიოთ. საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე კონტინენტის პირველობას პოპულარულ ჟურნალ “ეკიპის” ცნობილი ჟურნალისტი ბიუსნელი აშუქებდა, რომელმაც შეჯიბრების სიმბოლური ნაკრები დაასახელა და კონტინენტის უმაღლესი კლასის სხვა კალათბურთელებთან ერთად ევროჩემპიონატის საუკეთესოთა ხუთეულში ნოდარ ჯორჯიკია დაასახელა.
წარმოუდგენელია, ნოდარ ჯორჯიკიას ოსტატობა და საკალათბურთო მნიშვნელობა მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით შეფასდეს, თუმცა, მის მიერ მოპოვებულ ჯილდოთა და რეგალიათა მშრალი ჩამონათვალიც მიუთითებს, რა შთამბეჭდავი სპორტსმენი იყო ჩვენი კალათბურთის ერთ-ერთი მესაძირკვლე. ნოდარ ჯორჯიკია 1947 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მედალი მოიპოვა, ქართველ კალათბურთელთაგან ყველაზე მეტჯერ, ხუთგზის დაიმსახურა საკავშირო პირველობების ჩემპიონობა, ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი და 1949 წელს სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ჩემპიონი გახდა.    
   
15 ნოემბერს ნოდარ ჯორჯიკიას დაბადების დღეა და ჩვენ მკითხველს ჯანრი კაშიას მოგონება გვსურს შევთავაზოთ, რომელიც ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელს ეძღვნება.
თბილისი ყოველთვის არაჩვეულებრივად მიმზიდველი და თბილი იყო, სადაც ვაჟკაცობა ქალაქში ცხოვრების წესიდან გამომდინარეობდა ამ წესის შემადგენელი იყო სპორტი და სპორტსმენობა. და, რადგან სპორტი იყო ვაჟკაცობის ასპარეზი, ბუნებრივად ჩნდებოდნენ პიროვნებებიც, რომლებიც განასახიერებდნენ სპორტსაც, სპორტსმენობასაც და ვაჟკაცობასაც, ქალაქელობასაც. ამ ფონზე გამოიკვეთებოდა ის სახელები, რომლებიც არათუ ყველამ იცოდა, არამედ რომელთა შესახებაც ლეგენდები იქმნებოდა. ასეთი სახელი იყო ნოდარ ჯორჯიკია. გასული საუკუნის 40-50-იანი წლების თაობის კალათბურთელთა შორის წყვილი ქორქია-ჯორჯიკია პირველ რიგში იდგა. პირველი ცენტრი იყო, მეორე – მცველი. და იყო კვარცხლბეკები განაწილებული და იყო კამათი: მცველობა უფრო მნიშვნელოვანია თუ მეფარეობა. ეს მოგონება იმგვარ სურათს აცოცხლებს, რომელიც სანატრელი გაგვიხდა. “დინამო” განასახიერებდა ქართული სპორტის მთავარ ძარღვს პრაქტიკულად სპორტის ყველა სახეობაში. მთავარი, ცხადია, ფეხბურთი და კალათბურთი იყო. სპორტის ის სახეობა, სადაც იწრთობოდა არა მხოლოდ სპორტული ოსტატობა, არამედ – მოქალაქეობა და ღირსების გრძნობა. თანათამაში და გულშემატკივრობა თანაცხოვრების ფორმას ფორმას აყალიბებდა. ნოდარ ჯორჯიკია ამის განსახიერება გახლდათ მომდევნო თაობებისთვის.
გამოთქმა “ქართული სპორტი” მაშინ სრულიად სხვა აზრის შემცველი გახლდათ. “ქართული” გამოწვევა იყო და “ქართველობა” სპორტს კი არ ეხებოდა უშუალოდ, არამედ ვაჟკაცობას, ღირსებას, შეუპოვრებას, მოქალაქეობას და ყოველივე იმას, რაც პიროვნული თვისებებით აღჭურავდა ჩვენ მცირერიცხოვან ერს და ქვეყანას.  
ერთი კადრი უცვლელად გამოხატავს ჩემთვის ნოდარ ჯორჯიკიას სახეს: საჯარიმოს წინა ხაზზე არწივის ფრთებივით გაშლილი ხელები ფარავს საჯარიმო მოედანს და კალათსაც...
ეს იყო ნოდარ ჯორჯიკია...

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:15 | 15.11.2012
kutaiseli7 (1444)

ერთი სიტყვა არ წერია სად დაიწყო თამაში ბატონმა ნოდარმა, სირცხვილია

11:50 | 15.11.2012
BEERTRANCE (97819)

ღმერთმა ინებოს რომ ესეთი ადამიანი ისევ გვეყოლოს ქართველებს.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.080719