სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სტატიები

15:16 | 29.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა – უძველესი კონტინენტური პირველობა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

არგენტინაში კოპა ამერიკის მორიგი, რიგით 43-ე გათამაშება აიღებს სტარტს და თითქმის თვის განმავლობაში ფეხბურთის მოყვარულებს მოსაწყენად არ გვეცლება. კოპა ამერიკა სანაკრებო დონის ტურნირთა შორის ყველაზე ძველი შეჯიბრებაა, მას მეტად საინტერესო ისტორია აქვს, ჩვენ კი მკითხველს იმ პერიოდის საფეხბურთო პერიპეტიები გვინდა გავაცნოთ, როცა კოპას ჩატარების იდეა წარმოიშვა და შედარებით ვრცლად 1916 წელს ჩატარებულ პირველ ტურნირზე მოვუთხროთ.
1910 წელს სარკინიგზო ხაზი გაიხსნა, რომელიც არგენტინის დედაქალაქს ბუენოს აირესს ჩილესთან აკავშირებდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად არგენტინის მთავრობამ საფეხბურთო ტურნირის ჩატარება განიზრახა და ამ მიზნით მიწვევა ურუგვაის, ბრაზილიასა და ჩილეს გაუგზავნა. ბრაზილიელები სამხრეთელი მეზობლის წინადადებას ამრეზით შეხვდნენ და არგენტინაში გამგზავრებაც იუარეს. საბოლოოდ, ტურნირში სამმა ეროვნულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 29 მაისს ბუენოს აირესის სტადიონ “ხიმნასიაზე”, შეჯიბრების სასტარტო მატჩში, ერთმანეთის პირისპირ ურუგვაისა და ჩილე წარსდგნენ. თამაში ურუგვაელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ერთი კვირის თავზე მასპინძლებმა სამხრეთ ამერიკის უკიდურესი დასავლეთით მყოფი ქვეყნის საფეხბურთო წარმომადგენელს კიდევ უფრო დიდი ანგარიშით (5:1) სძლიეს. ასე რომ, არგენტინამ ურუგვაის “დაუსწრებელი დუელი” მოუგო და თავისი უპირატესობის დამტკიცება პირისპირ შეყრის დროსაც მოუწევდა. გადამწყვეტმა მატჩმა არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია. თამაშის დაწყებამდე ორიოდე საათით ადრე, არგენტინელმა და ურუგვაელმა გულშემატკივრებმა ერთმანეთს სროლა აუტეხეს, მოგვიანებით კი, ერთ-ერთი ტრიბუნა ცეცხლს მისცეს. ამ დროს ფეხბურთელები გასახდელში იყვნენ გაყურსულები და შიშით გარეთ ცხვირის გაყოფას ვერ ბედავდნენ. ცხადია, მატჩი ჩაიშალა. ფინალი კი მეორე დღეს, ბუენოს აირესის სხვა სტადიონზე ჩატარდა. არგენტინელებმა მეტი მონდომება და რაც მთავარია, უკეთესი სათამაშო კლასი გამოავლინეს, რაც თვალნათლივ შეხვედრის საბოლოო ანგარიშზეც (4:1) აისახა.
არაოფიციალურად, არგენტინა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა, რადგან 1910 წელს სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია (კონმებოლი) ჯერ კიდევ დაარსებული არ იყო. ეს ორგანიზაცია 6 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა და სწორედ 1916 წლიდან ტარდება კონტინენტის პირველობა, რომელსაც 1975-დან სახელი გადაარქვეს და კოპა ამერიკა შეარქვეს.
სამხრეთამერიკელებს თავიანთი კონტინეტის უპირველესი სანაკრებო ტურნირი ძალიან მაღალი დონის შეჯიბრებად მიაჩნიათ და კოპა ამერიკას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, რანგით მეორე გათამაშებად თვლიან. ცხადია, ევროპელებს განსხვავებული პოზიცია გვიკავია, მაგრამ მოდით, ამჯერად ნუ მოვყვებით იმის მტკიცებას, “ძველი კონტინენტის” ქვეყნების ეროვნულ გუნდთა პაექრობა “ახალი სამყაროს” სახელმწიფოების ნაკრებთა სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას ჯობია თუ პირიქით. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი გემოვნების საკითხია. ზოგს ევროპელთა უფრო მეტად რაციონალური, ათლეტური, ტაქტიკურად უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი ასპარეზობა ურჩევნია, ზოგიც ლათინოსების ტექნიკური და არტისტული თამაშის მოტრფიალეა. მოკლედ, გემოვნებაზე არ დავობენ, ჩვენ კი სტატიის თემას მივუბრუნდეთ.
მაშ ასე, სამხრეთ ამერიკის პირველი ჩემპიონატი 1916 წლის 2-19 ივლისს ბუენოს აირესში ჩატარდა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ კონტინენტის საფეხბურთო ასოციაცია ტურნირის მსვლელობის დროს, 9 ივლისს დაფუძნდა. იმხანად არგენტინის სახელმწიფო დაარსების 100 წელს ზეიმობდა და საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ იმ მეზობელთა ეროვნულ  გუნდებს უხმო საკონტინენტო შეჯიბრების ჩასატარებლად, რომელთაც საფეხბურთო ფედერაციები უკვე დაარსებული ჰქონდათ. ასეთი კი სულ 3 ქვეყანა – ჩილე, ბრაზილია, ურუგვაი – აღმოჩნდა. ასე და მაგვარად ჩაეყარა საფუძველი კოპა ამერიკას. 1916 წლის ტურნირს ლეგიტიმურობა კი ჰქონდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკელები რისი სამხრეთ ამერიკელები იქნებოდნენ, ერთი ლაფსუსი მაინც რომ არ დაეშვათ – ორგანიზატორებმა გამარჯვებულის თასით დაჯილდოების საპატიო და ჩემპიონისთვის მეტად სასიხარულო ცერემონიალი არ გაითვალისწინეს. კონტინენტის უპირველესი საფეხბურთო შეჯიბრების გამარჯვებული ნაკრებისთვის გადასაცემი თასი მხოლოდ მომდევნო ტურნირის სტარტის წინ დაამზადეს.
პირველი ჩემპიონატი კი მეტად თავისებური სათამაშო გრაფიკით ჩატარდა. თავდაპირველად თავისი ყველა მატჩი ჩილემ გამართა. როგორც 6 წლის წინათ, ჩილელებს ურუგვაელებმა და არგენტინელებმა ამჯერადაც “გადაურბინეს”. მასპინძლებმა თავიანთი სასტარტო შეხვედრა 6:1 მოიგეს, ურუგვაელებმა კი “მშრალი ანგარიშით”, 4:0 გაიმარჯვეს. ჩილემ დასკვნითი პაექრობა ბრაზილიასთან ჩაატარა და მომავალ პენტაკამპეონებს ქულაც აართვა (1:1). ამის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ არგენტინელები და ბრაზილიელები წარსდგნენ. დაძაბულმა მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა (1:1), ურუგვაელებმა კი კონტინენტის ყველაზე დიდი ქვეყნის ნაკრებს 2:1 სძლიეს და შეჯიბრების დასკვნითი შეხვედრის წინ ლიდერის რანგში ეპაექრნენ არგენტინას. მოკლედ, უცნაური კალენდარი საბოლოოდ “არცთუ უცნაური” გამოვიდა – ურუგვაისა და არგენტინის დასკვნითმა მატჩმა ფინალური დაპირისპირების დატვირთვა შეიძინა. პირველობის მოსაპოვებლად ურუგვაის ფრეც სავსებით აძლევდა ხელს, მასპინძლები კი მხოლოდ მოგებას იყვნენ ყაბულს. ისევე, როგორც 6 წლის წინათ, მასობრივი არეულობა ამჯერადაც ვერ იქნა აცილებული თავიდან. “ხიმნასია ესგრიმას” სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ფეხბურთელებს მხოლოდ 5 წუთი აცალა თამაში, რის შემდეგაც ჩხუბსა და აყალმაყალს მიჰყო ხელი. მატჩი ჩაიშალა. მეორე დღეს გადათამაშება მეექვსე წუთიდან აველიანედეში, “რასინგის” სარბიელზე ჩატარდა. თამაში ნულოვანი ყაიმით დასრულდა, ურუგვაიმ თავის “დაუძინებელ მტერს” გადაასწრო და კოპა ამერიკის პირველი ჩემპიონი გახდა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი მონტევიდეოს “პენიაროლის” ფორვარდი ისაბელინო გრადინი გახდა. ურუგვაული ფეხბურთის შავკანიანმა ვარსკვლავმა სამხრეთ ამერიკის პირველ ჩემპიონატზე 3 გოლის გატანა მოახერხა.
კოპა ამერიკის მომდევნო გათამაშებებიც დახვეწილი საასპარეზო გრაფიკით არ გამოირჩეოდნენ. ორგანიზატორები ვერა და ვერ ახერხებდნენ ტურნირის მკაფიოდ გამოკვეთილ რიტმში ჩასმას. ასპარეზობები ხანაც ყოველწლიურად ტარდებოდა (1959 წელს სულაც 2 შეჯიბრება გაიმართა), ხანაც კარგახნიანი პაუზის პერიოდი დგებოდა. იყო ექვსწლიანი “ჩავარდნაც” (1929-35).
იშვიათი გამონაკლისის გარდა, ტურნირები ერთ წრედ ტარდებოდა. 1975 წელს კი “კომბინირებული სისტემა” დანერგეს. საწყის ეტაპზე ნაკრებები ერთმანეთს წრიულად ეთამაშებოდნენ, მომდევნო სტადიაზე კი ერთმანეთთან ურთიერთობას ოლიმპიური სისტემით არკვევდნენ. თუმცა, გამონაკლისი ამ პროექტსაც ჰქონდა. მაგალითისთვის, 1989 და 1991 ორივე სტადიაზე ერთწრიანი მიკროტურნირები ჩატარდა.
აქამდე გამართული 42 კოპადან, 39 ტურნირი ერთ ქვეყანაში ჩატარდა, სამჯერ (1975, 1979, 1983) კი მეტოქეებმა მიმოსვლითი სისტემით გაარკვიეს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ვინაობა. საერთოდ, “რეფორმატორული სული” კოპა ამერიკას ორგანიზატორებს მოსვენებას უკარგავს. 1993 წლიდან მათ ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო ნაკრებების მიწვევა დაიწყეს. თავის სადებიუტო კოპა ამერიკაზე მექსიკამ ფინალამდე გააღწია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი არგენტინასთან 1:2 წააგო. 2 წლის შემდეგ წარმატებას მიაღწია კიდევ ერთმა მიწვეულმა ნაკრებმა. აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ნახევარფინალს უწია, თუმცა, საპრიზო ადგილს ხელი მაინც ვერ გამოჰკრა (მესამე ადგილისთვის მატჩში კოლუმბიასთან 1:4 დამარცხდა).
კოპა ამერიკის ტურნირების კიდევ ერთი დამახასიათებელი მაღალი შედეგიანობაა – 42 შეჯიბრების მატჩების შედეგების დაჯამებისას თუკი საშუალო შედეგიანობას გამოვითვლით, იგი 3.3-ს გაუტოლდება. სარეკორდო კი 1927 წელს პერუს პირველობა გამოდგა (6.2). სადღეისოდ ამგვარ შედეგიანობაზე მხოლოდ თუ ვიოცნებებთ... თუმცა, ერთიცაა – სამხრეთ ამერიკული ნაკრებები გახსნილი, ლაღი თამაშით ძირითადად 1920-50-იან წლებში ახარებდნენ მაყურებელს. იმხანად ევროპაში კონტინენტის ჩემპიონატი არ ტარდებოდა, თორემ ვინ იცის, როგორი შედეგიანობით გამოიჩენდნენ თავს “ძველი სამყაროს” მაშინდელი გოლეადორები. აი, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, “სამხრეთამერიკულ” და “ევროპულ” სტატისტიკებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, ევროპელთა უპირატესობა გამოიკვეთება. ამასთან, თუკი “ძველი კონტინენტის” ცამეტ ჩემპიონატში 9 ნაკრებმა იმარჯვა, კოპა ამერიკის ორმოცდაორ ტურნირში 36 გამარჯვებული 3 ქვეყნის (ურუგვაი, არგენტინა, ბრაზილია) გახლავთ. ამასთან, თუკი მსოფლიოს პირველობებზე ბრაზილიამ ყველაზე მეტ ტრიუმფს მიაღწია, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატებში ურუგვაელები და არგენტინელები დომინირებენ. ისინი 14-14-ჯერ გახდნენ დასავლეთ ნახევარსფეროს უძლიერესი ნაკრებები, ბრაზილიელებმა კი მხოლოდ რვაჯერ მოახერხეს კოპას მოგება. თანაც, სელესაომ ოთხჯერ საკუთარ კედლებში იმარჯვა...
საერთოდ, “საშინაო ფაქტორი” სამხრეთ ამერიკაში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ტემპერამენტიანი და იმპულსური სამხრეთელების ასპარეზობაზე მაყურებელთა მხარდაჭერა დოპინგის როლს ასრულებს. სხვა რომელი ფაქტორით უნდა ავხსნათ 1963 წელს ბოლივიელთა მიერ კოპა ამერიკას მოგება. ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე მათ სენსაციურად მოუგეს არგენტინასაც (3:2) და ბრაზილიასაც (5:4) და მთელმა ბოლივიამ რამდენიმედღიან საყოველთაო ზარ-ზეიმს მისცა თავი. ბოლივიელები 1997 წელსაც გავიდნენ ფინალში და პირველობისთვის გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიასთან დაძაბულ ორთაბრძოლაში 1:3 დამარცხდნენ. როგორ გგონიათ, სად ტარდებოდა იმ წელს კოპა ამერიკა? რაღა თქმა უნდა, ბოლივიაში!
შვიდჯერ ჩატარდა კოპა ამერიკა ურუგვაიში და შვიდივეჯერ პირველობა მასპინძლებმა დაისაკუთრეს. ამ მხრივ ნაკლებად “გაუმართლათ” არგენტინელებს. მათ რვაჯერ მიიღეს საკუთარ სტადიონებზე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი, თუმცა, ორჯერ ჩემპიონობა ურუგვაის “დიდსულოვნად” დაუთმეს. პირველად ეს 1916 წელს მოხდა, მეორედ კი 1987-ში. ამ უკანასკნელი ტურნირის ფინალში, ურუგვაიმ კოპა ამერიკის სასტარტო შეჯიბრების კიდევ ერთ მონაწილეს, ჩილეს 1:0 მოუგო, არგენტინელებმა კი ბრინჯაოც ვერ აიღეს (მასპინძლები კოლუმბიასთან ვერას გახდნენ და 1:2 წააგეს). საშინაო ფაქტორი სათავისოდ ჩილემ, ეკვადორმა და ვენესუელამ (2007 წლის ტურნირის ორგანიზატორი) ვერ გამოიყენეს. არადა, ჩილემ ექვსჯერ უმასპინძლა სამხრეთ ამერიკის პირველობას და ჩემპიონობა ჯერ არ მოუპოვებია.
კოპა ამერიკის ჩემპიონი ხუთჯერ გადათამაშებამ გამოავლინა და ხუთივე შემთხვევაში განმეორებითი ფინალის მონაწილე ბრაზილია იყო. მან 1937 წელს არგენტინას 0:2 დაუთმო, 1953-ში – პარაგვაის (2:3). სამაგიეროდ, 1919 წელს ბრაზილიელებმა ურუგვაის მოუგეს (1:0), ორჯერ კი პარაგვაი დაჩაგრეს. 1922 წელს სელესაომ 3:1 გაიმარჯვა, 1949-ში კი ზღვის ნაპირის არმქონე ქვეყნის ნაკრები სულაც 7:0 გაანადგურა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ურუგვაიმ და არგენტინამ კოპა ამერიკა 14-ჯერ მოიგეს, ბრაზილიელებმა 8 ტურნირში იზეიმეს პირველობა, დანარჩენი 6 შეჯიბრება კი პარაგვაიმ და პერუმ (ორ-ორჯერ), აგრეთვე, ბოლივიამ და კოლუმბიამ მოიგეს.
და ბოლოს. ბოლო 5 კოპა ამერიკიდან 4 ბრაზილიამ მოიგო, ტურნირის ამჟამინდელ მასპინძელ არგენტინას კი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი 1993 წლიდან მოყოლებული არ მოუგია...


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108745
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X