ინტერვიუები

14:09 | 18.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

იუპ ჰაინკესი: “გვარდიოლას დანიშვნა ჩემი მწვრთნელობის დასრულების გადაწყვეტილების შემდეგ გახმაურდა”

მომავალ ზაფხულს იუპ ჰაინკესის ნაცვლად მიუნხენის “ბაიერნს” პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს. მიმდინარე სეზონში კი ბავარიულ გრანდს კვლავინდებურად ჰაინკესი გაუძღვება და სავარაუდოდ, ამჟამად ბუნდესლიგის ლიდერს კიდევ ერთხელ მოპოვებული საჩემპიონო წოდებით დაშორდება. გამოცდილმა დამრიგებელმა სადამრიგებლო საქმიანობის დასრულების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება, “ბაიერნის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ული ჰიონესი კი ჰაინკესს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის: “ჰერ იუპის მოღვაწეობა წარმატებულია და იმედია, მას კარიერის ტრიუმფული დასასრული ექნება. მის შემცვლელად მხოლოდ და მხოლოდ პეპ გვარდიოლას კანდიდატურას განვიხილავდით და ყველანი მახარულები ვართ, კათალონელთან მოლაპარაკება საბოლოო შეთანხმებით რომ დასრულდა”.

 
- ჰერ ჰაინკეს, რა კომენტარს გააკეთებთ “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლას დანიშვნის თაობაზე?
- რამდენიმე დღის წინ კლუბის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ ჰაინც რუმენიგესთან მქონდა საუბარი და მას პირდაპირ ვუთხარი, რომ მომავალი ზამთრიდან სამწვრთნელო კარიერას ვწყვეტ. “ბაიერნის” ხელმძღვანელებთან მეორე წრეში დასახული ამოცანების გადაწყვეტაზე ვისაუბრეთ. ყველანი მოწადინებულნი ვართ, რათა გუნდმა სეზონის დასკვნითი ნაწილი წარმატებით ჩაატაროს და მიუნხენს მორიგი საჩემპიონო ტიტული მოუპოვოს. დიდი მადლობა მსურს მოვახსენო “ბაიერნის” მესვეურებს – მიუნხენში გვარდიოლას მოსვლის ამბავი მათ მხოლოდ მას შემდეგ გაახმაურეს, რაც სამწვრთნელო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე ჩემი გადაწყვეტილება ვამცნე. 
- როგორ ჩაიარა მეორე წრის წინ ჩატარებულმა მზადებამ?
- ბიჭები გადაღლილები არიან, მაგრამ მათ დოჰაში ნაყოფიერი სავარჯიშო პროცესი გაიარეს, რაც სამომავლო წარმატების საწინდარი გახდება. წვრთნის ხარისხითა და ინტენსივობით მეტად კმაყოფილი ვარ. თუნდაც, “შალკეს” 5:0 ძლევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, სწორ გზაზე რომ ვართ. ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს ჩემი დავალებები და შედეგიც სახეზეა. თუმცა, ტესტ-მატჩების მნიშვნელობის გადამეტებაც არ ღირს. ყველაფერს პასუხი ბუნდესლიგის განახლების შემდეგ გაეცემა.
- რომელი სათამაშო ელემენტების დახვეწას მიაქციეთ ყურადღება ყატარის შეკრების დროს და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?
- დარწმუნებული ვარ, წარმატების საწინდარი დაცვაში საიმედო თამაშია. ბიჭები კარგ ფორმაში არიან და სეზონის განახლებას მოუთმენლად ელიან. მახარებს არიენ რობენის მიერ ფორმის აკრებაც. მან გელზენკირხენელებთან შეხვედრაში პირველი ტაიმი კაპიტნის სამკლავურით, მაღალ დონეზე ჩაატარა. ჰოლანდიელი თანდათან კიდევ უფრო მოუმატებს.  
- 19 იანვარს “ფიურტთან” მატჩით განაახლებთ ბუნდესლიგას. გუნდი მზადაა გულშემატკივრებისთვის დაპირებული ჩემპიონობის მოსაპოვებლად?
- ბიჭები სათამაშო რიტმში უკვე შესულები არიან. გუნდი კარგადაა დაბალანსებული. ვიმედოვნებ, მეორე წრეს წარმატებით დავიწყებთ, მომდევნო მატჩებსაც მოვიგებთ, რასაც ტიტულების დაუფლებაც მოჰყვება.
 
გოჩა კაჭარავა
 
 
 
0.142231