სხვა

16:13 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰარუ ბაშო კაკურიუმ მოიგო

სენსაციურად დასრულდა იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართული მარტის სუპერტურნირი. ჰარუ ბაშოზე “იმპერატორის თასის” მფლობელი 28 წლის ოძეკი კაკურიუ გახდა, რითაც მან იოკოძუნას სტატუსის მიღება გაინაღდა.

მანგალჯალავ ანანდმა ჩემპიონობა ბრწყინვალედ ჩატარებული საფინიშო ბრძოლების ხარჯზე იზეიმა. კაკურიუმ შაბათს თანამემამულე ჰაკუჰო დაამარცხა, კვირას კი ოძეკი კოტოშოგიკუ დასცა და ნანატრი ტიტული კარიერაში პირველად მოიგო.

ერთნაირი ბალანსი (12 მოგება, 3 მარცხი) აღმოაჩნდათ მონღოლ იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და ჰარუმაფუჯის. ისინი ერთმანეთს ჰარუ ბაშოს დასკვნით დღეს გაეჯიბრნენ და ჰარუმაფუჯიმ ტორინაოსიში (განმეორებითი შერკინება) იმარჯვა. ასევე 12 მოგება მოუგროვდა სეკივაკე გოეიდოსაც.

მარტის სუპერტურნირი 6 მოგებით და 9 მარცხით დაასრულა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ერთადერთმა ქართველმა ბინადარმა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელმა ბოლო ბრძოლებში ჯერ ჩიომარუს სძლია, შემდეგ კი იკიოისთან დამარცხდა.

გაგამარუ ოსაკაში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობდა და ცხადია, უარყოფითი ბალანსის (მაკე-კოში) გამო, წოდებაში დაქვეითება ელის, თუმცა, მაკუუჩი დივიზიონის დატოვება არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში ჩინებულად იასპარეზა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი დოჰიოს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა და შვიდივე ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. ტოჩინოშინს სატიტულო წინსვლა გარანტირებული აქვს.

პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) 24 აპრილს გამოქვეყნდება, მომავალი ტურნირი კი 11-25 მაისს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება.

 მარტის ბაშოს მე-14 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=wFstG8GV2O4

მარტის ბაშოს მე-15 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=eQp50S8E8pE 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112028