ფეხბურთი

14:40 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილმა კვიპროსში მოიგო, ებრალიძე პორტუგალიაში დამარცხდა

კვიპროსის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-16 ტურში, ფამაგუსტას “ანორთოსისმა”, სადაც შოთა გრიგალაშვილი გამოდის, თავის მოედანზე “ალკის” 3:1 მოუგო.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. ამ გამარჯვების შემდეგ, “ანორთოსისმა” 30 ქულა დააგროვა და 14 გუნდში მე-5 ადგილზეა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის (უმაღლსი ლიგა) მე-15 ტურში, “ჟილ ვისენტე”, რომლის ღირსებასაც ავთო ებრალიძე იცავს, სტუმრად “ნასიონალთან” 0:2 დამარცხდა. ისევე როგორც წინა მატჩში ლიგის თასზე, ებრალიძე სასტარტოში ვერ მოხვდა და მოედანზე 58-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. “ჟილ ვისენტეს” 18 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) მე-17 ტურში, “ლუზენაკმა” “კოლმარი” მიიღო და 3:0 სძლია. მასპინძლებში მარცხენა მცველმა ამირან სანაიამ შეუცვლელად ითამაშა. 35 ქულით “ლუზენაკი” 18-გუნდიან ცხრილში მეორეა და ლიგა 2-ში აღზევებას ლამობს.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში შეკრებაზე მყოფმა ჰოლანდიის “ვიტესმა” მორიგი ამხანაგურო მატჩი “ჰამბურგთან” ჩაატარდა და გუნდები უგოლოდ გაიყარნენ. გურამ კაშიამ არნემელებს თავიდან ბოლომდე უკაპიტნა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილს თამაშის შანსი 73-ე წუთიდან მიეცა. გიორგი ჭანტურია მოედანზე არ გამოჩენილა.

ბერლინის “ჰერტამ” “ჰანოვერთან” ისპარინგა და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. ლევან კობიაშვილი ბერლინელთა სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.


0.121455