სტატიები

12:24 | 6.06.2012 | ნანახია 3210 - ჯერ

გივი ჯავახაძე: “ხალხის სიყვარული მათამაშებდა“

“იგი ახლაც, 85 წლის ასაკში დიდი მოწიწებით მოიხსენიებს თავის ყოფილ დამრიგებლებსა და პარტნიორებს: “უშანგი იოსებოვიჩი“ (უშანგი სალდაძე), “ვახტანგ შალვოვიჩი“ (ვახტანგ რამიშვილი), “ალექსეი ანდრეევიჩი“ (ალექსეი სოკოლოვი), “ანდრო დიმიტრიჩი“ (ანდრო ჟორდანია), “ბორის სოლომონოვიჩი“ (ბორის პაიჭაძე), “გოგი სამსონიჩი“ (გოგი ანთაძე), “ვიქტორ პორფირიჩი“ (ვიქტორ პანიუკოვი)...
თავის დროზე მას ყველა იცნობდა, ქუთაისში ხომ განსაკუთრებით. მისი თამაში ყველას სიამოვნებას ჰგვრიდა, ტანმორჩილი (160სმ) მარჯვენა ინსაიდი ბრძოლის საოცარი ჟინით, მაღალი სისწრაფით, დახვეწილი ტექნიკით და ძლიერი დარტყმით გამოირჩეოდა. ქუთაისში მას მოფერებით გივიკოს ეძახდნენ, თბილისელმა სომხებმა “პატარა გევორქად“, ანუ “პატარა გივიდ“ მონათლეს.
გივი ჯავახაძე 1927 წელს ქუთაისის მახლობლად, სოფელ მაღლაკში დაიბადა. 12 წლის იყო, როცა ოჯახი ქალაქში გადაბარგდა საცხოვრებლად. სწავლას მე-10 კლასიდან დაანება თავი. სხვა გზა არ ჰქონდა, გაგანია ომი იყო, ლუკმა პური ჭირდა. ოჯახის რჩენაში მშობლებს რომ დახმარებოდა, ჯანმრთელობისათვის მავნე - ნიკელის საამქროში დაიწყო მუშაობა. სამუშაოს რომ მორჩებოდა, “თეთრ ხიდთან“ მდებარე სპორტული სკოლის ფეხბურთის სექციაში მიდიოდა სავარჯიშოდ. ცეკვის წრეშიც ასწრებდა სიარულს. მერე არჩევნის დრო დაუდგა. ქალაქის ახალგაზრდული ნაკრები გორში მიემგზავრებოდა ამხანაგურ თამაშზე. იმავე დღეს გორშივე მიდიოდნენ გასტროლზე ქუთაისელი მოცეკვავეები.
- აბა, გივიკო, ან ჩვენთან ერთად წამოდი, ან მოცეკვავეებს გაჰყევი“, - უთქვამს დამწყებ მწვრთნელს ოთარ მაჭავარიანს (მოგვიანებით თბილისის “დინამოში“ ითამაშა). ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, ბიჭმა ჩანთაში სპორტული ფორმა ჩაალაგა...
დღეს ბევრმა არ იცის და, შეიძლება ნათქვამიც გაუკვირდეს, 1928 წელს დაარსებიდან და ზუსტად 30 წლის განმავლობაში ქუთაისის უპირველესი გუნდი “დინამო“ გახლდათ, რომელსაც ტიტულები არასოდეს აკლდა. ქუთაისის “დინამო“ საქართველოს ორგზის ჩემპიონი (1946, 1955 წწ.) და ათგზის პრიზიორი იყო, ამასთან ორჯერ (1953, 1955 წწ.) ფლობდა საქართველოს თასს. და, მართლაც რომ ნიშანდობლივია ყველა ეს ტიტული “დინამომ“, ორი გამონაკლისის გარდა, გივი ჯავახაძის მონაწილეობით ირგუნა.
ქუთაისური ფეხბურთის დიდმა მოამაგემ, სტეფანე ერქომაიშვილმა გივი ჯავახაძე 18 წლის ასაკში მიიწვია “დინამოში“, სადაც იმ დროისათვის შოთა ვაჩაძე, ნოე ხერხაძე, ტიხონ და მიშა გერაძეები, სერგო ნინუა და სხვა მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ. სწორედ მათ გვერდით ხვეწდა ოსტატობას პატარა ბიჭი, რომელიც სულ მალე ქომაგთა კერპად იქცა. იგი იშვიათად გადიოდა თამაშიდან უგოლოდ, ბერჯერ 2-3 ბურთიც გაუტანია.
გივი ჯავახაძე იხსენებს: “ახალი მისული ვიყავი ქუთაისის “დინამოში“, როდესაც ამხანაგურ თამაშზე თბილისის დინამოელები გვესტუმრნენ. ერთ ეპიზოდში გრიგოლ გაგუას პირისპირ აღმოვჩნდი. ძალიან ძლიერი და გამოცდილი მცველი იყო. რამდენიმე ცრუმოძრაობა გავაკეთე, იციც დაიბნა, ჯერ წაბარბაცდა, მერე წაიქცა. ამის გამო ისე გაცხარდა, რომ იქვე ხელით დამიჭირა და თავში წამკრა. ეს რომ ბორის პაიჭაძემ შენიშნა, თანაგუნდელს ნიშნისმოგებით გასძახა - გრიშა, შენ არ ვარგოდე, მაგ ბავშვს რას ერჩიო. ის მატჩი ჩვენ 2:0 მოვიგეთ“.
1948 წელს ქუთაისელებმა კარგად იასპარეზეს სპორტსაზოგადოება “დინამოს“ ცენტრალური საბჭოს პირველობაზე და ნახევარფინალს უწიეს, სადაც მათი მეტოქე საბჭოთა ფეხბურთის იმდროინდელი ვარსკვლავებით გაძეძგილი მოსკოვის “დინამო“ იყო. ხომიჩი, სემიჩასტნი, სალნიკოვი, ბესკოვი, კარცევი, ტროფიმოვი - აი, ამათ წინააღმდეგ მოუწიათ თამაში ქუთაისელ დინამოელებს, რომლებმაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულში გატყდნენ. გივი ჯავახაძე ამ მატჩჩში საუკეთესო გახლდათ ქუთაისელთაგან. შემთხვევით არ იყო, მოსკოველთა მწვრთნელმა მიხაილ იაკუშინმა შესვენების შემდეგ მას ორი მეურვე მიუჩინა.
1949 წელს ქუთაისის “დინამომ“ საკავშირო ჩემპიონატის “ბ“ კლასის ცენტრალურ ზონაში თამაშის უფლება მიიღო. დებიუტი სანაქებო გამოდგა. ქუთაისელებმა 14-გუნდა პირველობაზე მე-2 ადგილი დაიკავეს და უკან ჩამოიტოვეს გამოცდილი მინსკის, ვილნიუსის და ერევნის “სპარტაკი“, ტაშკენტის, თბილისის, რიგის ოფიცერთა სახლების და სხვა გუნდები. ზონის გამარჯვებული თბილისის “სპარტაკი“ გახდა, რომელსაც ერთადერთი მარცხი სწორედ ქუთაისის “დინამომ“ აგემა. გივი ჯავახაძე ამ სეზონს საკუთარ კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევს. სამწუხაროდ, ფინანსური მოსაზრებით მომდევნო სეზონში “დინამოს“ ისევ საქართველოს ჩემპიონატში მოუწია თამაში. რაც შეეხება გივი ჯავახაძეს, ის ჯუმბერ რუსაძესთან ერთად “ა“ კლასში აღზევებულმა თბილისის “სპარტაკმა“ მიიწვია, თუმც ერთიც და მეორეც მალევე თბილისის “დინამომ“ გადაიბირა.
გივი ჯავახაძე იხსენებს: “მე და ჯუმბერ რუსაძე “სპარტაკში“ ვაპირებდით თამაშს, მაგრამ საქმეში “დინამოს“ რესპუბლიკური საბჭოს ხელმძღვანელები ჩაერივნენ – თქვენ დინამოელები ხართ და “დინამოში“ უნდა ითამაშოთო. ცოტა არ იყოს, შევშინდით. აბა, როგორი იყო, “დინამოში“ ხომ ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, ნიაზ ძიაპშიპა, გოგი ანთაძე, გრიგოლ გაგუა და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ“.
თბილისის “დინამოს“ მწვრთნელმა ალექსეი სოკოლოვმა პირველად მინსკის “დინამოსთან“ ამხანაგურ მატჩში გამოსცადა გივი ჯავახაძე, მერე ერევნის “დინამოსთანაც“ დააყენა, მაგრამ... ტრამვის გამო მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა. “დინამოსათვის“ ბრინჯაოს მედლების მომტანი 1950 წლის ჩემპიონატში მან ერთი ბურთი გაიტანა, ისევე როგორც მომდევნო სეზონში.
გივი ჯავახაძე იხსენებს: “თბილისში სტალინგრადის “ტორპედოს“ ვეთამაშებოდით და დიდი ანგარიშით - 7:0 მოვიგეთ. ბოლოსწინა ბურთი ჩემი იყო. გოგი ანთაძემ საჯარიმოში ჩააწოდა და თავური დარტყმით გავიტანე. მატჩის შემდეგ გასახდელში გოგიმ, ვითომ სხვათა შორის, იკითხა: “მაინც ვერ გავიგე, მეექვსე ბურთი ვინ შეაგდოო. “სიჩუმე ჩამოვარდა. ვერ მოვითმინე და ხმა ამოვიღე: ”გოგი სამსონიჩ, მე გავიტანე-მეთქი. “შენ კი არ გაიტანე, თავში მოგხვდა ბურთიო“. გასახდელში ხარხარი ატყდა. მასხრობა უყვარდა სამსონიჩს. პოლონეთში გავემგზავრეთ ტურნეზე. ვარშავაში უამრავი ხალხი დაგვხვდა. ერთნაირ შარვალ-კოსტიუმებში ვართ გამოწყობილები. ნაჩუქარ თაიგულებს, რატომღაც, ყველა მე მაჩეჩებდა და ბოლოს იმდენი შემრჩა, აღარ ვჩანდი. სამსონიჩმა შენიშნა, რა გაჭირვებაც მადგა და ხმამაღლა დაიძახა: ”აბა, ბიჭებო, ყველანი ვართ, ავტობუსი გადის, წავედითო“. “მოიცათ, არ დამტოვოთ, აგერ ვარ“-თქო. ამ ამბავს სიცილი მოჰყვა!“
როგორც ვთქვით, გივი ჯავახაძეს თბილისი “დინამოში“ ბევრი არ უთამაშია და ამის მიზეზი მენისკი გახლდათ. 1951 წელს “დინამომ“ ვერცხლის მედლები მოიპოვა. ამ სეზონის შემდეგ ფეხბურთისათვის თავის დანებებას აპირებდა, მაგრამ “სპარტაკიდან“ ვახტანგ რამიშვილი შეეხმიანა და მკურნალობა შეთავაზა. ოპერაცია მოსკოვში გაუკეთეს. 1952 წლის სეზონში საკავშირო პირველობაზე “სპარტაკის“ ღირსებას იცავდა. მერე მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.
გივი ჯავახაძე იხსენებს: “ქუთაისის “დინამოში“ ათ წელზე მეტი ვითამაშე. რომ ვიხსენებ, ამ გუნდს საუკეთესო სეზონი 1955 წელს ჰქონდა. საქართველოში ყველა ტიტული მოვიგეთ და თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდთან საკავშირო პირველობის “ბ“ კლასის საგზურისათვის ბრძოლა მოგვიწია. სტუმრად 0:0 ვითამაშეთ. საპასუხო შეხვედრაში ძალიან დიდ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ბურთის გატანა ვერადავერ მოვახერხეთ. ეს თამაშიც 0:0 დასრულდა. საჭირო გახდა მესამე, დამატებითი მატჩის ჩატარება. საკუთარ მოედანზე აშკარად მოსაგები თამაში წავაგეთ. საფეხბურთო კარიერაში ეს ყველაზე გულდასაწყვეტი ამბავი იყო ჩემთვის. მახსოვს, როგორ გვამშვიდებდა უშანგი სალდაძე. მართლა დიდი პიროვნება იყო. პროფესიით ექიმს უფეხბურთოდ არ შეეძლო. კარგად თამაშობდა და მწვრთნელობაშიც ჰქონდა წარმატებები. თამაშის წინა დღეს გუნდი სასეირნოდ დაჰყავდა, საღამოს ყველა ერთ დიდ ოთახში ვიძინებდით. გვაკონტროლებდა, ვინმეს რომ არ ეცუღლუტა. ამ კაცმა მოგვიანებით “ტორპედო“ გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში“.
1957 წელს გივი ჯავახაძეს მაინც მოუწია საკავშირო პირველობაზე (“ბ“ კლასში) თამაში, ოღონდ ქუთაისის “ლოკომოტივის“ შემადგენლობაში, რომელსაც ანდრო ჟორდანია წვრთნიდა. თანაგუნდელებმა გივი კაპიტნად აირჩიეს. ეს სეზონი უკანასკნელი აღმოჩნდა გივი ჯავახაძის კარიერაში.
გივი ჯავახაძე იხსენებს: “30 წლის ვიყავი. მართალია, ანდრო ჟორდანია მენდობოდა და გუნდში დარჩენას მთხოვდა, მაგრამ კარგად ვგრძნობდი, რომ ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი, თავს ხომ არ შევირცხვენდი და წასვლა გადავწყვიტე. გუნდმა პატარა გაცილება მომიწყო“.
გივი ჯავახაძე დიდი სითბოთი იხსენებს მწვრთნელებს – უშანგი სალდაძეს, სტეფანე ერქომაიშვილს, ანდრო ჟორდანიას, პარტნიორებს ორივე “დინამოში“ - შოთა ვაჩაძეს, ნოე ხერხაძეს, ჯუმბერ რუსაძეს, გივი იობიძეს, სერგო ნინუას, ბონდო ბობოხიძეს, ანტონ ქარჩავას, ბორის პაიჭაძეს, ავთანდილ ღოღობერიძეს, გოგი ანთაძეს, ვლადიმერ მარღანიას, ვლადიმერ ელოშვილს და სხვებს.
- ასაკი ნამდვილად არ მაკლია. ბოლო დროს ცოტა ჯანმრთელობას ვუჩივი, მაგრამ მეხსიერება საკმარისად შემომრჩა. ახლაც თვალწინ მიდგანან ჩვენი ბიჭები, - ამბობს გივი ჯავახაძე, - ჩვენს თაობას ძალიან მძიმე დროს მოუწია ფეხბურთის თამაში, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით გულშემატკივრების გასახარად. ერთ რამეს გეტყვით, თბილისის “დინამოში“ 160 მანეთი მქონდა ხელფასი. ამ ფულით, დიდი-დიდი, თავს არ მოაშივებდი, თორემ ოჯახს ვერ არჩენდი, მაგრამ თბილისის “დინამოში“ მოხვედრა მაშინ ნებისმიერი ჩვანთაგანის ოცნება იყო და ხელფასს ვინღა ჩიოდა. ქუთაისის “დინამოშიც“ ასე იყო, მე ამ გუნდის წევრობა მეამაყებოდა და ხალხის სიყვარული მათამაშებდა.

 

იუზა კაციტაძე
 

Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:45 | 04.06.2016
Lazare Javakhadze (1)

მეამაევა რომ ეს კაცი ბაბუაჩემია,,, დიდი მადლოა მას ამისთვის

21:32 | 06.06.2012
ioskebi (533)

ხშირად დაწერეთ ხოლმე ასეთ ხალხზე სტატიები და მომავალი თაობაც გაიგებს რაღაცას.

19:39 | 06.06.2012
kobaSP (4473)

გმადლობთ ბატონო იუზა, ამ შესანიშნავ ხალხს რომ არ გვავიწყებთ! ბატონ გივის კი ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ..."ხალხის სიყვარული მათამაშებდა"...ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია!

12:58 | 06.06.2012
zirzikichi (2340)

მადლობა ავტორს სტატიისთვის

12:43 | 06.06.2012
kvasana (561)

ლამაზი სტატიაა , გავიხსენოთ ხოლმე ჩვენი ისტორია

12:41 | 06.06.2012
leo-dzia (5518)

Ai aseti statiebi bevri unda werot da gagvaxsenot aseti xalxi.

12:36 | 06.06.2012
leo-dzia (5518)

Yochag avtoro. .

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.093352