სტატიები

10:26 | 2.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ღირსშესანიშნავი თარიღი "ტორპედოს” ისტორიაში

1962 წლის 2 მაისი. ეს თარიღი განსაკუთრებულია ქუთაისური ფეხბურთის ისტორიაში. ზუსტად 50 წლის წინ, "ტორპედომ” პირველად შეაბიჯა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის "ა” კლასში(იგივე უმაღლეს ლიგაში). ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. მანამადე ისეთი პატარა ქალაქი, როგორიც მაშინ ქუთაისი (90-ათასიანი მოსახლეობით) იყო, საბჭოურ საფეხბურთო ელიტაში არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა  ხდებოდა იმ დღეს ქუთაისში. დიდს თუ პატარას ფეხბურთი ეკერა ენაზე. განახლებული ცენტრალური სტადიონის ტრიბუნები თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე შეივსო.  ტევა არ იყო გასასვლელებშიც. 23-ათასიან არენაზე თამაშს, ოფიციალური მონაცემებით, 30 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს. იმასაც ამბობენ, რომ 3 ათასამდე ქომაგი სტადიონს გარეთ დარჩა.
პირველ მეტოქედ ქუთაისელებს მოსკოვის "ტორპედო” ერგო, იმ პერიოდის საბჭოეთის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი. 1960 წელს, მოსკოველები ჩემპიონობას და თასს ერთდროულად დაეუფლნენ, ხოლო მომდევნო სეზონში, შესაბამისად, ვერცხლის მედლებს და ფინალისტობას დასჯერდნენ. წინა სეზონის მონაცემებით, სტუმარი გუნდის შვიდი ფეხბურთელი მოხვდა ქვეყნის "33 საუკეთესოს” სიაში. აი, ასეთ ძალასთან მოუწიათ დაპირისპირება ჩემპიონატის სტარტზე გამოუცდელ ქუთაისელებს. ამ მატჩს ინტრიგა კიდევ უფრო გაუღვივა წინა დღით მომხდარმა ამბავმა. დუბლშემადგენლობათა შეხვედრაში, ქუთაისელებმა ბდღვირი ადინეს მოსკოველებს - 5:1. ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რომ მეორე დღისათვის, მოსკოვიდან ქუთაისში სასწრაფოდ აფრინეს ცნობილი კომენტატორი ნიკოლაი ოზეროვი, რომელმაც მეორე ტაიმის რადიორეპორტაჟი წაიყვანა.
მატჩის დაწყებამდე მოეწყო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია. ალამი გუნდების კაპიტნებმა, ედუარდ თორაძემ და იური სავუშკინმა აღმართეს. ვიდრე 53 წლის ლენინგრადელი არბიტრი პეტრ ბელოვი თამაშის დაწყების ნიშანს მისცემდა, საპატიო დარტყმა ბურთზე, აკადემიკოსმა გიორგი შხვაცაბაიამ გააკეთა. ცნობილი მეცნიერი ქუთაისში გახლდათ დაბადებული და თავის დროზე, ქალაქის საუკეთესო გუნდის, "ტრიუმფის” კაპიტანი იყო, ცოტა მოგვიანებით, მან საკავშირო რეკორდები დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში.
მეტოქეებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ქუთაისის "ტორპედო”: რამაზ ურუშაძე, იუზა ლოსაბერიძე, ედუარდ თორაძე, გურამ ცხოვრებოვი, გივი მუმლაძე, გურამ ნიშნიანიძე, მიხეილ მიროშნიკოვი, ვალერიან ჩხარტიშვილი, ჯუმბერ ხაჟალია, გივი ლეჟავა (რომან სირაძე), ზაურ ბულია.
მოსკოვის "ტორპედო”: გლუხოტკო, მედაკინი, შუსტიკოვი, აფანასიევი, ხრომოვი, სავუშკინი, პოსუელო, დენისოვი, ზამოლოდჩიკოვი (სუკოვიცინი), დმიტრიევი, სერგეევი.
მასპინძლებმა აღმაფრენით დაიწყეს და უკვე მე-8 წუთზე გახსნეს ანგარიში. გურამ ნიშნიანიძემ, მინდვრის სიღრმიდან ზუსტი გრძელი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ გაიყვანა გივი ლეჟავა, რომელმაც თავური დარტყმით შეარხია ანატოლი გლუხოტკოს კარის ბადე. სტუმრებმა  მალევე მოახერხეს გათანაბრება - რამაზ ურუშაძემ ვიქტორ პოსუელოს მიერ უძლიერესად დარტყმული ხელებში ვერ შეიმაგრა. 34-ე წუთზე, ქუთაისელები ისევ გავიდნენ წინ - ლეჟავას გადაცემით ვალერიან ჩხარტიშვილმა გაიტანა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, კვლავ ჩხარტიშვილმა ისახელა თავი, როდესაც ჯუმბერ ხაჟალიას სწრაფი გარღვევა დააგვირგვინა გოლით. შესვენებისთვის ტაბლოზე 3:1 ენთო.
მეორე ტაიმში მოსკოველები ყველა ღონეს ხმარობდნენ მატჩის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ - მასპინძელთა მეკარე და დაცვა, ედუარდ თორაძის მეთაურობით დინჯად იგერიებდნენ მეტოქის იერიშებს. 59-ე წუთზე კი, სტუმრებს მეოთხედ მოუხდათ თამაშის ცენტრიდან დაწყება. მიხეილ მიროშნიკოვმა გივი მუმლაძისაგან მიიღო ბურთი და 22 მეტრიდან ყუმბარისებური დარტყმით გაზარდა ანგარიშში სხვაობა. თამაშის ბოლოსკენ, მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ალექსანდრ  მედაკინმა გამოიყენა. 4:2- ასე დასრულდა ეს შეხვედრა. ქუთაისის "ტორპედომ” სადებიუტო მატჩი "ა” კლასში ძალზე დამაჯერებლად მოიგო. "შესანიშნავი სტარტი”, "კარგი დებიუტი დიდ ასპარეზზე”, "იბადება გუნდი, რომელიც სხვებს არ ჰგავს”, - ასეთი სათაურებით გამოეხმაურა იმდროინდელი პრესა ქუთაისელთა გამარჯვებას.
ტორპედოელებმა მთლიანობაში კარგად ჩაატარეს 1962 წლის სეზონი, 22-გუნდა ჩემპიონატში მე-15 ადგილი დაიკავეს. მოსკოველი თანაკლუბელების გარდა, ქუთაისელებმა დაამარცხეს ხარკოვის `ავანგარდი” (4:1), კუიბიშევის "კრილია სოვეტოვი” (3:2), ტაშკენტის "პახტაკორი” (2:1), რიგის `დაუგავა” (2:0), მოსკოვის "დინამო”(1:0) და "ლოკომოტივი” (3:0), ლენინგრადის "დინამო” (2:1), ვილნიუსის "ჟალგირისი” (3:0, 2:1). ჩემპიონატში "ტორპედოს” ღირსებას იცავდნენ:
გურამ ცხოვრებოვი - ჩაატარა 30 მატჩი(გაიტანა 1 ბურთი), იუზა ლოსაბერიძე-29, ედუარდ თორაძე - 29, გურამ ნიშნიანიძე-29(2), მიხეილ მიროშნიკოვი-28(2), რამაზ ურუშაძე-27, ვალერიან ჩხარტიშვილი-24(7), ჯუმბერ ხაჟალია-24(6), ზაურ ბულია-20(1), ანზორ სიამაშვილი-20(1), რომან სირაძე-18(4), გივი მუმლაძე-13(2), ამირან ზარდანია-13(2), ნოდარ სარჯველაძე-13, ლევან ჟორდანია-11(3), გივი ლეჟავა-6(1), გურამ  გომელაური-4, როინ კვასხვაძე-4, ალბერტ ავალიანი- 2, ჯემალ ხერხაძე-2, ემელიანე ოდიკაძე-1, ზაურ ბზიკაძე-1, თემურ ცერცვაძე-1.
"ტორპედოს” უფროსი მწვრთნელი გახლდათ დუკა(ვახტანგ) რამიშვილი, მწვრთნელი - გიგა ნორაკიძე.
"ტორპედომ”, როგორც ყველაზე კორექტულმა გუნდმა, გაზეთ "სოვეტსკი სპორტის” მიერ  დაწესებული პრიზი - "სამართლიანი თამაშისათვის” - დაიმსახურა.
1962 წელს ტორპედო სსრ კავშირის თასის გათამაშებაშიც  ჩაერთო. ქუთაისელები უშეღავათო ბრძოლაში დამარცხდნენ (3:4) თბილისის "დინამოსთან” და ასპარეზობას გამოეთიშენ.
ტორპედოელებმა ხუთი საერთაშორისო ამხანაგური მატჩიც გამართეს და აქედან ოთხში იმარჯვეს: რუმინულ "პროგრესულთან” (2:0), ირანულ "თაჯთან” (შინ და სტუმრად ერთნაირი ანგარიშით 3:0), და "შაჰინთან” (1:0), მარცხი კი  ირანულ "დარაისგან” იწვნიეს(1:2).

 

იუზა კაციტაძე
ფოტოები ავტორის არქივიდან

Loading...
0.372351