ინტერვიუები

17:32 | 7.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქინქლაძე: “სიტიზე”, “აიაქსზე”, “ფერარიზე”, გადარჩენილ სიცოცხლესა და გაფლანგულ ნიჭზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი ქინქლაძემ, რომელსაც დღემდე “მანჩესტერ სიტის” ფანები გუნდის საუკეთესო ლეგიონერად თვლიან, ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესს”, რომელშიც ყველა კითხვაზე გულღიად უპასუხა. სხვათა შორის, რუსი ჟურნალისტები ქინქლაძეს ინგლისში ეძებდნენ, მაგრამ ზაზა ჯანაშიამ შეატყობინა, რომ გიორგი მოსკოვშია და ტელეფონის ნომერიც მისცა.   
- დიდი ხანია რუსეთში ხართ?
- 2006 წელს კარიერა რომ დავასრულე, ქალაქგარეთ სახლი ვიყიდე. მოსკოვთან არასოდეს არაფერი მაკავშირებდა. თუმცა, აგენტი გავხდი და მივხვდი, რომ აქედან საკითხების გადაწყვეტა უფრო ადვილია. გოგა გახოკიძესთან ერთად ვმუშაობ, რომელიც “ალანიასა” და პსვ-ში თამაშობდა.
- ადრევე გადაწყვიტეთ, რომ აგენტი იქნებოდით?
- ზუსტად ვიცოდი, რომ მწვრთნელი არ ვიქნებოდი. ამის მოთხოვნილება არ მქონდა. საერთოდ, დარწმუნებული ვარ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ორი წელიწადი მაინც ფეხბურთისგან შორს ყოფნას აზრი აქვს. ამ დროს ყველაფერს გვერდიდან უყურებ. თუ ფეხბურთი გენატრება, მაშინ უნდა დაბრუნდე და მწვრთნელობა დაიწყო.
- თქვენ პაუზა გქონდათ...
- “რუბინთან” დამშვიდობების შემდგე, ორი წელიწადი თბილისში ვცხოვრობდი. ვისვენებდი. შემდეგ, კვიპროსის “ანორთოსისში” კლუბის ტექნიკური დირექტორის თანამდებობა შემომთავაზეს. თუმცა, პრეზიდენტმა მომატყუა.
- როგორ მოგატყუათ?
- მითხრა, რომ ისეთი გუნდის გაკეთება სურდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდებოდა. მისი თქმით, ფულის პრობლემა არ იყო. მე კვიპროსის ჩემპიონატისგან საუცხოო მოგონება დამრჩა. ვიდრე “რუბინში” გადავიდოდი, იქ ერთი სეზონი გავატარე. ჰოდა, კვლავ “ანორთოსისში” დავბრუნდი. დამავიწყდა, კვიპროსელებთან როგორ ურთიერთობა როგორ უნდა.
- როგორ?
- რასაც გეტყვიან, 10-ზე უნდა გაყო. მე ჩამოვუთვალე ფეხბურთელები, რომლებიც აუცილებლად უნდა შეგვეძინა. მეუბნებოდა: “დიახ, დიახ, დიახ...”, საბოლოოდ კი, არც ერთი უყიდია. ამის მაგივრად, სამი თვით ხელფასი დამიგვიანეს.
- აგენტად მუშაობის პერიოდში ყველაზე რთული მოლაპარაკება ვისთან გქონდათ?
- ჩემთვის ტვინი არავის “გაურეცხია”, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებს ზოგჯერ გადაწყვეტილება დღეში 10-ჯერ შეუცვლიათ. საერთოდ, ყველაფერი უფრო მარტივად არის. როდესაც თურქულ “ქაისერისფორს” სათავეში ჩემი მეგობარი შოთა არველაძე ჩაუდგა, დამირეკა და მითხრა: “ამისულაშვილი მინდა. ეს შესაძლებელია?”. ამისულაშვილი მაშინ ნალჩიკის “სპარტაკში” თამაშობდა. მე მოლაპარაკება მოვახერხე.     
- ცოტა ხნის წინ არველაძემ კლუბი შეიცვალა?
- დიახ, რომელიღაც “ქარამბახჩეში” (“ქასიმფაშა”, რედ.) წავიდა. მითხრა, რომ ეს სტამბოლის გუნდი თურქეთის პრემიერ მინისტრს ეკუთვნის. კლუბის ბიუჯეტი დაალოებით 25 მილიონია. შოთა თურქეთში თავს ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში. მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის და თემურ ქეცბაია მწვრთნელები გახდებოდნენ.  
- რატომ?
- ისინი ჯერ კიდევ თამაშის პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასწავლიდნენ, მათთან ერთად ვარჯიშის შემდეგ რჩებოდნენ. ქეცბაიამ ჯერ “ანორთოსისი” შეათრია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩააბარეს, რომელშიც ბოსკამპი, ტოპმიოლერი და კუპერი მუშაობდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. მივიდა ქეცბაია და იმაზე მეტი გააკეთა, რაც სამივემ ერთად. ისეთი ნაკრებები, როგორც საქართველო და რუსეთია, “საკუთარმა” კაცმა უნდა ავარჯიშოს, რომელიც ჩვენ კარგად გვიცნობს. ჩვენ საოცარი თაობა გვყავდა. ახლა როდესაც თბილისში ვიკრიბებით და ერთამენთს ვუყურებთ ვფიქრობთ: სად გვქონდა ჭკუა?! როგორ ვერაფერი ვერ მოვიგეთ?!
- წარმოიდგინეთ, რომ 20 წლის გიორგი ქინქლაძეს მიმართავთ. მას რას ურჩევდით?
 - თავდაუზოგავად ვარჯიშს. სამწუხაროა, რომ ეს დროულად ვერ ამიხსნეს. ორი-სამი კვირა არ ვვარჯიშობდი, მოედანზე გავდიოდი და მაინც ყველაფერი წესრიგში მქონდა. ისეთი ილუზია იქმნებოდა, რომ ვარჯიშზე ოფლის ღვრა საჭირო არ იყო და მხოლოდ ნიჭი საკმარისია. თუმცა, ეს პერიოდი გადის. დგება დრო, როდესაც ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ შრომისმოყვარე ფეხბურთელი გჯობნის. ამას ძალიან გვიან მივხვდი. მიუხედავად ამისა, ამჟამად ახალგაზრდა ფეხბურთელების მდგომარეობა უფრო ძნელია.
- რატომ?
- ადრე სერიოზული ფულის შოვნა მხოლოდ საზღვარგარეთ შეიძლებოდა. ახლა კი, რუსულ კლუბებშიც მილიონობით დოლარს იხდიან. ამ ვითარებაში ახალგაზრდა ფეხბურთელს რა სტიმული უნდა ჰქონდეს? რისკენ უნდა ისწრაფვოდეს? ასეთი კონტრაქტებისგან ბიჭებს თავბრუ ეხვევათ. ფიქრობენ, რომ ცხოვრება აიწყვეს. როდესაც მიხვდებიან, რომ ასე არაა, რაიმეს შეცვლა შეუძლებელი ხდება.
- ბევრი თვლის, რომ ქინქლაძე საქართველოში ათწლეულის ფეხბურთელია. თავად ასეთად ვინ მიგაჩნიათ?
- შოთა არველაძე. მეგობრები მეუბნებიან, რომ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზება ვერ მოვახერხე. ამის გამო, ჩემზე გაბრაზებული არიან. თუმცა, ფეხბურთში ერთ შეცდომას რომ დაუშვებ, შემდეგ მას დანარჩენი მიჰყვება. “აიაქსმა” არ გამიმართლა და წელიწადნახევარი დავკარგე. მომდევნო წელიწადნახევარი სათამაშო ფორმის აღსადგენად დამჭირდა. საკუთარი ხელით სამ სეზონს ხაზი გადაუსვი.  
- როდის მიხვდით, რომ “აიაქსში” პერსპექტივა არ გქონდათ?
- გუნდს სახელოვანი მორტენ ოლსენი ავარჯიშებდა. მან მაშინ დამირეკა, როდესაც “მანჩესტერ სიტიში” კონტრაქტი მიმთავრდებოდა და მითხრა: “ლიტმანენის პოზიციაზე ითამაშებ, ის “ბარსელონასი” მიდის. გადაწყვიტე”. მე დავთანხმდი.
- შემდეგ რა მოხდა?
- ლიტმანენი არ წავიდა. მე მარცხენა ფლანგზე გამამწესეს, ხოლო ეს ჩემი ადგილი არაა.  
- ასეთი განსხვავებაა ამ პოზიციებს შორის?
- რა თქმა უნდა. “აიაქსი” 4-3-3 სქემით თამაშობს და ფლანგზე უბურთოდ მუდმივად უნდა ირბინო. 6 თვის მერე, ოლსენი მოხსნეს და მის მაგივრად გუნდში სულელი მოვიდა.
- კონკრეტულად?
- იან ვოუტერსი. გახსოვთ ასეთი?
 - ულვაშა, ჰოლანდიის ნაკრებში თამაშობდა.
- დიახ. “აიაქსში” ის არ უყვარდათ და პატივს არ სცემდნენ. ნებისმიერ გუნდში, სადაც ვყოფილვარ შემეძლო მწვრთნელთან მივსულიყავი და მეთქვა, სად უფრო უკეთესად ვთამაშობ. ვოუტერსმა კი, უხმოდ მომისმინა და პირველი გუნდიდან დამაქვეითა. როდესაც გავიგე, რომ დუბლშემადგენლობაში უნდა მეთამაშა, ინგლისში დავბრუნდი. “აიაქსი” დიდ ჯარიმებს მაკისრებდა, რადგან გუნდთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებდა და არ ვვარჯიშობდი.
- რამდენს იხდიდით?
- თვეში ხან 20000 დოლარს, ხან – 30000-ს. ასე გაგრძელდა სეზონნახევარი, ვიდრე “დერბი ქაუნთიში” არ გამყიდეს.
- ახლა ნანობთ?
- სხვაგვარად უნდა მოვქცეულიყავი. ვოუტერსი მალე გაუშვეს და ახალ მწვრთნელს, შესაძლოა, კვლავ მოედნის ცენტრში დავებრუნებინე. თუმცა, კარგად გამიგეთ, “აიაქსში”, რომელიღაც სოფლიდან კი არა, ინგლისის პრემიერლიგიდან ჩავედი, რომელში მოხვედრაზეც ჰოლანდიელები ოცნებობენ. საწყენია იყო, რომ ჯეროვნად ვერ დამაფასეს. ამსტერდამში ფეხბურთი გადამიყვარდა. ყოველ დილას სავარჯიშო ჩანთას ვიღებდი და სამსახურში მივდიოდი, რაც არავითარ სიამოვნებას არ მგვრიდა. მე ასე არ შემიძლია.
- არიან ადამიანები, რომლებიც ამსტერდამს ქალაქად არ აღიქვამენ. თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო?
- დიახ. იქ მთელი ევროპიდან მიდიან, რათა 3-4 დღის განმავლობაში ბოლომდე განიტვირთონ. ირგვლივ ჭუჭყია. სტადიონზეც კი, მარიხუანის სუნი ცხვირში გხვდება. ინგლისის შემდეგ, ეს შოკი იყო.    
- “აიაქსის” ნაცვლად შესაძლოა “ბარსელონაში” აღმოჩენილიყავით. იქ თამაშს შეძლებდით?
- ჩემ პოზიციაზე იქ ბრაზილიელი ჯოვანი თამაშობდა. მასთან კონკურენცია რეალურად შეიძლებოდა. თუმცა, ჩემთვის არავის უკითხავს, მსურდა თუ არა “ბარსელონაში” წასვლა. “მანჩესტერ სიტის” პრეზიდენტმა ყველაფერი ჩემ მაგივრად გადაწყვიტა.
- ეს როგორ?
- კლუბს ფული არ ჰქონდა. ვინც ჩემ სანაცვლოდ მეტი გადაიხადა, იმ კლუბში გამიშვეს. “აიაქსმა” 5 მილიონი გირვანქა გადაიხადა, “ბარსელონა” და “ლივერპული” უფრო ნაკლებს სთავაზობდნენ. “სიტის” პრეზიდენტი ფრენსის ლი უცნაური ადამიანი იყო. გადასახადების ეკონომია რომ გაეკეთებიან, ნახევარი წელიწადი ყველაფერს მიატოვებდა და გაფრინდებოდა ხოლმე.
- სად?
- ბაჰამის კუნძულებზე. მიდი და ეძებე იქ.
- 1994 წელს “ბოკა ხუნიორსში” როგორ მოხვდით?
- ეს გრძელი ისტორიაა. ჯამარაულთან და ყაველაშვილთან ერთად, სინჯებზე მადრიდის “ატლეტიკოში” ვიმყოფებოდი. იქ რაღაც არ გამოვიდა და მენეჯერმა მითხრა: “ბოკაში” კავშირები მაქვს, იქ ოდესღაც ვმუშაობდი. წამოხვალ?”. მარადონა ჩემი ბავშვობის კერპია. მისი თამაშების ვიდეოჩანაწერები ასობით მინახავს. ამიტომ, არც დავფიქრებულვარ ვუპასუხე: “მზად ვარ!” “ბოკაში” ორი ამხანაგური ჩავატარე და ყველაფერი საუცხოოდ იყო. თუმცა, კლუბში მარადონა ჩამოვიდა.  
- მწვრთნელად?
- არა სათამაშოდ. მანამდე, ის რამდენიმე თვის განმავლობაში რომელიღაც არგენტინულ კლუბს თავკაცობდა, მაგრამ შემდეგ ფეხბურთელის კარიერის განახლება გადაწყვიტა. თავად გესმით, რომ ასეთ კონკურენტთან შანსი არ მქონდა.
- ურთიერთობა გქონდათ?
- არა, სამწუხაროდ. მარადონა ცალკე ვარჯიშობდა, რადგან ზედმეტი წონა ჰქონდა. ის თავის შვილებთან ერთად მოდიოდა, ყავას სვამდა, 15 წუთი კარში დარტყმებს ამუშავებდა და მიდიოდა.   
- დაცვით დადიოდა?
- არა. მე აგენტთან ერთად მადრიდში დავბრუნდი. თუმცა, არა “ატლეტიკოში”, არამედ, “რეალში”.
- ცუდი ვარიანტი არც ეს იყო...
- ორი კვირა ბუტრაგენიოს, ლაუდრუპის, რედონდოს და იეროს გვერდით ვვარჯიშობდი. ძნელია ჩემი განცდების გადმოცემა. როდესაც ტელევიზორში ღმერთს ხედავ და მისი გარემოცვის ნაწილი ხდები...მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი.
- “რეალის” მწვრთნელი ვინ იყო?
- ხორხე ვალდანო. მან მეორე გუნდში თამაში შემომთავაზა: “ აქ დაიწყებ და შემდეგ ვნახოთო”. თუმცა, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ დამირეკა და მთხოვა, რომ სეზონის ბოლომდე კლუბს დავხმარებოდი, ხოლო ზაფხულში საზღვარგარეთ გაშვებას დამპირდა. საკუთარი სიტყვა შეასრულა.  
- 1995 წლის ივლისში “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი გახდით...
- ჯერ არც ერთი ჟურნალისტისთვის არ მითქვამს, რომ ეს დღე შესაძლოა ცხოვრებაში ბოლო ყოფილიყო.
-???
- როდესაც თბილისში ყველა საჭირო საბუთი გავაფორმეთ, მეგობრებმა ამ ამბის აღსანიშნავად ღამის კლუბში დამპატიჟეს. კლუბიდან რომ გამოვდიოდით, ჩემ მეგობარს კამათი შეზარხოშებულ კამპანიასთან მოუვიდა. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ იმ ადამიანებმა პისტოლეტები ამოიღეს, ხოლო ჩემმა მეგობარმა – ავტომატი. ორმხრივი სროლის შედედაგ სასწაული მოხდა და არავინ დაშავებულა. მეგობარი ჩემ ავტომანქანაში ჩაჯდა და წავედით.
- არ გამოგედევნენ?
- ჩვენ მაშინვე მილიციამ გაგვაჩერა და განყოფილებაში წაგვიყვანა. თუმცა, გაერკვნენ და გამოგვიშვეს.  
- დიდი ხანია ეწევით?
- ექვსი წელია. თამაში რომ დავასრულე, მოწევა დავიწყე. თუმცა, ჭკვიანი ხალხი ამ ასაკში მოწევას თავს ანებებს.
- ალბათ, “მანჩესტერ სიტიში” ნახევარი გუნდი ეწეოდა?
- არა. იქ ძირითადად სვამდნენ. ინგლისელებს ტრადიცია აქვთ – მატჩის შემდეგ, მთელი გუნდი ბარში მიდის. თოთოეული 10-12 კათხა “გინესს” იოლად იტანს. ჩემთვის ეს ძალიან ბევრია. როდესაც პირველად ბიჭებთან ერთად დავჯექი, ვთქვი, რომ არ ვსვამდი, მითუმეტეს, ლუდს. “სიტის” კაპიტანმა კიტ კერლმა მითხრა: “ქინქი” ასე არ გამოვა. თუ ჩვენთან ერთად არ დალევ, ხვალ ვარჯიშზე კარგად იქნები, ხოლო ჩვენ - საშინლად. ამიტომ, ან უნდა შემოგვიერთდე ან კიდევ არაფერს შევუკვეთავთ”.
- კოლექტივიდან მოწყვეტა არ გაგირისკავთ?
- ორი კათხის მერე “წამიღო”. ერთი დღე-ღამე “აზრზე მოვდიოდი” და ვარჯიში გავაცდინე. უცნაურია, მაგრამ გუნდში ამას გაგებით მოეკიდნენ.
- ანდრეი ტიხონოვი ჰყვებოდა “საუთჰემპტონის” შესახებ: “იქ ფეხბურთელები კი არა, ტომრები არიან ლუდის ღიპით”. ასეთები “სიტიშიც” იყვნენ?
- სამი ადამიანი, რომლებიც კარიერას ასრულებდნენ და ცოტას თამაშობდნენ. ფრენსის ლი იხსენებდა, რომ 70-იან წლებში როდესაც თამაშები ცივ ამინდში ტარდებოდა, გასახდელში ფეხბურთელებს არაყს უსხამდნენ. არყის ჭიქებს მაგიდაზე თამაშამდე და შესვენებაზე დებნდნენ. ვისაც სურდა, 50-100 გრამს სვამდა.  
- ამბობენ, რომ რუსები ბევრს სვამენ...
- ამას ისინი ამბობენ, ვისაც შოტლანდიელები არ უნახავს. მაგიდასთან ისინი “საშინელი” ხალხია. ინგლისელებს მათ ვერ შევადარებ. გუნდში შოტლანდიელები მყავდა და ჩემს თვალწინ ჯერ 18-20 კათხა “გინესს” სვამდნენ და შემდეგ ვისკიზე გადადიოდნენ. დილას კი, თითქოს არაფერი მომხდარა, სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ. მანჩესტერში იყო ადგილი, სადაც თამაშის მერე, “სიტისა” და “იუნაიტედის” ფეხბურთელები იკრიბებოდნენ.   
- რესტორანი?
- ღამის კლუბი. ბნელ კუთხეებში არ ვიმალებოდით. პირიქით, მაგიდიდან მაგიდისკენ ლუდის კათხებით გადავდიოდით. არანაირი მტრობა არ გვქონდა. “იუნაიტედიდან” ყველა “ვარსკვლავი” მოდიოდა ხოლმე ერიკ კანტონას გარდა.  
- რატომ?
- ის საერთოდ მედიდური ადამიანი. თავი ყოველთვის ცალკე ეჭირა. მოედანზეც ასეთი იყო, მაისურის საყელოს აიწევდა და არავის ამჩნევდა. მანჩესტერში იმავე რაიონში ვცხოვრობდი, სადაც კანტონა და კანჩელსკისი. ერთ ფიტნეს-ცენტრში დავდიოდით. ფრანგი გვერდით რომ გამივლიდა, მხოლოდ თავს დამიქნევდა. კონტაქტში არ შემოდიოდა.
- ბექჰემი სხვა ადამიანია?
- მასსა და კანტონას შორის სხვაობა, როგორც ცა და დედამიწაა. ბექჰემი მორიდებული, თავაზიანი ადამიანია, მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ყოველთვის პირველი მოვა და მოგესალმება.
- “იუნაიტედისა” და “სიტის” ფეხბურთელები დღემდე აგრძელებენ ამ ტრადიციას?
- რას ამბობთ! ამ ტრადიციის დარღვევა ჯერ კიდევ ჩემ დროს ალექს ფერგიუსონმა დაიწყო. მას რაღაც არ მოეწონა. ფეხბურთელებს კლუბში სიარული აუკრძალა და დაჯარიმებით დაემუქრა. ამით ეს შეხვედრები დასრულდა.
- დალევაზე უარს არც თავად სერ ალექსი ამბობს...
- რა თქმა უნდა. ის ხომ შოტლანდიელია.
- თქვენი მწვრთნელებიდან ვისკის ვინ ეტანებოდა?
- “დერბიში” იყო ასეთი შემთხვევა. სტუმრად “ლივერპულს” ვეთამაშებოდით და 12 საათზე მთავარ მწვრთნელს ჯიმ სმიტს მატჩისწინა დარიგება უნდა მოეცა. თუმცა, არ მოსულა და მატჩზეც არ გამოჩენილა. აღმოჩნდა, რომ ღამე ისე დაულევია, დილით ლოგინიდან ვერ ადგა. იწვა და გადასხმას იკეთებდა. ყველაზე სასაცილოა, რომ 3:1 გავიმარჯვეთ, ხოლო გაზეთებმა სმიტისთვის კომპლიმენტები არ დაიშურეს.  
- ზაზა ჯანაშიას კარიერა “ლიდსის” მცველის ლუკას რადებეს უხეშმა თამაშმა შეიწირა. ყველაზე საშინელი უხეშობა, რომელსაც თქვენმა ფეხებმა გაუძლო?
-  90-იან წლებში ინგლისში ხისტად თამაშობდნენ. მე ყოველ მატჩში მირტყამდნენ. თუმცა, გამიმართლა და კარიერის განმავლობაში ფეხი არასოდეს მომიტეხია.
- მიუხედავად იმისა, რომ ვინი ჯონსთან თქვენი დაპირისპირება ლამის ჩხუბამდე მიდიოდა...
- ის საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, ხოლო მე – გამთამაშებლად. მას ერთი “ტრიუკი” ჰქონდა. მატჩამდე გუნდები გვირაბში იდგნენ. ჯონსი უკვე იქ ცდილობდა, რომ მეტოქესთან ეკამათა და მწყობრიდან გამოეყვანა. ჩემთან მოვიდა და მითხრა: “შენ ახლავე დაგამტვრევ. ხუთ წუთსაც ვერ ითამაშებ. აირჩიე რა მოგტეხო, ცხვირი თუ ფეხი?”.
- დიდი არჩევანი არ გქონიათ...
- ჯონსი მაღალია და დაიხარა, მთელი სახე დამიდორბლა. უცებ შუბლი ცხვირში დავარტყი და შეხლა-შემოხლა ატყდა. შემდეგ მოედანზე გავედით და მე-5 წუთი დადგა.
- ჯონსმა თავისი დაპირება შეასრულა?
- მე საჯარიმო დარტყმის შემდეგ გოლი შევუგდე. თამაში 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, ჯონსი კვლავ მოვიდა და გადამეხვია: “ბოდიში ძმაო, არავითარი პირადული. მწვრთნელმა მთხოვა, რომ შენი პროვოცირება მომეხდინა”.  
- იოლად გადარჩენილხართ. მან მოედანზე პოლ გასკოინს ხელი “ერთ ადგილზე” წაავლო.
- ჩემთვის არ წაუვლია. უელსის ნაკრებს ვეთამაშებოდით და მას კვლავ შევხვდი. მაშინაც ყველაფერი მე-5 წუთმა გადაწყვიტა. ვინი ყაველაშვილს ფეხებში ჩაუხტა და წითელი ბარათი მიიღო.
- ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, კარიერის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანეთ.
- დიახ, მეკარე ბურთი თავს ზემოთ გადავუგდე და საქართველომ 1:0 მოიგო. თუმცა, “საუთჰემპტონის” კარში გატანილი გოლი, როდესაც 5 მეტოქე “დავახვიე”, უფრო ეფექტურია. ეს გოლი ინგლისში სეზონში საუკეთესოდ აღიარეს. ჯონსს კი ფილმებში ვუყურებ ხოლმე. ის არ შეცვლილა, კვლავ ბოროტები ადამიანების როლს თამაშობს.
- მოედანზე კიდევ ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
- როი კინის. მჭიდროდ თამაშობდა, უკან არასოდეს იხევდა და იდაყვის ჩარტყმაც შეეძლო. ჩემთვის კინი უდიდესი მოთამაშეა. ჩვენ ქართველები ასეთები ვართ, როდესაც ბურთს ვიღებთ, აქეთ-იქით ვიყურებით. არა იმისთვის, რომ ვინმეს პასი მივცეთ, არამედ, მეტოქეს ვირჩევთ, რომ მოვატყუოთ. ასეთი იყო გუცაევი, ყიფიანი, და მე...
- მანჩესტერში თქვენს მიმართ სიყვარულზე ლეგენდები დადის. მართალია, რომ “სიტის” პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ, ფანები ტრიბუნებზე მღეროდნენ: “ეს უბედურება არაა. მთავარია, “ქინქი” ჩვენთან რჩება”?
- დიახ.
- მართალია, რომ გულშემატკივრებმა წერილი გამოგიგზავნეს და “სიტიში” ერთი სეზონით დარჩენა გთხოვეს?
- მართალია. წერილი შენახული მაქვს. ის ინგლისურ ენაზეა და ხელითაა ნაწერი. ფანებს მისი ქართულად თარგმნა სურდათ, მაგრამ მანჩესტერში ვერავინ იპოვეს, ვინც ქართული იცოდა.  
- წერილს ხელს რამდენი ადამიანი აწერდა?
- ძალიან ბევრი. ინგლისელი გულშემატკივრები ფანტასტიკურები არიან. თუ ერთხელ გაღიარეს და შეგიყვარეს, მაშინ ეს სამუდამოდ გაგრძელდება. სხვადასხვა კლუბებში მითამაშია, მაგრამ თბილისის “დინამოსა” და “სიტის” ჩემ გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.  
- “სიტის” ყველაზე საინტერესო გულშემატკივარი, რომელიც გაგიცნიათ?
- ძმები ლაიამ და ნოელ გალაჰერები ჯგუფიდან Oasis-ი. ლაიამს მოსკოვში კონცერტი ჰქონდა. მე ირაკლი ფირცხალავასთან ერთად მივედი. წარმოგიდგენიათ,  მუსიკოსებმა, როდესაც შეიტყვეს, რომ მისი ნახვა მსურდა, კონცერტი ერთი საათით გადადეს? საგრიმიოროში შემიყვანეს, დავსხედით, “მანჩესტერ სიტის” ადრინდელი თამაშები გავიხსენეთ, ხოლო ირაკლი ფოტოებს გვიღებდა. ეს ძმები ფეხბურთს აღმერთებენ. თუ გასტროლებზე არ არიან, თავისი გუნდის თამაშებს არ აცდენენ.
- როდესაც გეორგე ჰაჯიმ “ბარსელონადან” “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის სანაცვლოდ 12000 გირვანქა მოითხოვა, თქვენი გუნდის მწვრთნელმა თქვა: “ქინქლაძე როგორც მოთამაშე უფრო ძლიერია, მაგრამ ნაკლებს იღებს...”. დროთა განმავლობაში ამდენ ხელფასს იღებდით?
- უფრო მეტსაც. ჰაჯისთან კი, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩის დროს შეხლა-შემოხლა მომივიდა.
- რის გამო?
-  ხისტად მეთამაშა და თავი მივარტყი, როგორც ვინი ჯონსს.
- კანჩელსკისმა გვითხრა, რომ ინგლისში სიცოცხლის ბოლომდე პენსია ეკუთვნის. თქვენ?
- მეც. დაახლოებით 25000 გირვანქა. პენსიის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული, პრემიერლიგის საპენსიო ფონდში ხელფასის რა ნაწილს რიცხავ. ჩემ პენსიას ოჯახი იღებს ინგლისში. ყველაფერი მათ დავუტოვე, მათ შორის, სახლიც, რომელიც მანჩესტერში მქონდა.  
- ინგლისელ ცოლს დაშორდით?
- ცოლი არასოდეს ყოფილა, თუმცა ბიჭი გამიჩინა. საბა ჰქვია. 10 წლისაა და ფეხბურთს თამაშობს.
- გაზეთებში წერდნენ, რომ თქვენი მეგობარი გოგო საქართველოში მართლმადიდებლურად მონათლეს და ახალი სახელიც დაარქვეს. ეს თავისთავად არ გულისხმობს ქორწილის დაჩქარებას?
- როგორც ხედავთ, არა. ქორწილი არ შედგა. ის მანჩესტერიდანაა და ჩვენ ამსტერდამში შევხვდით, სადაც სამი დღით იყო ჩამოსული. ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მაგრამ... მენტალიტეტია ძალიან განსხვავებული. ჩვენ ხალხს უცხოელთან ცხოვრება უჭირს. ახლა რუსი ცოლი მყავს, მარიანა. 2005 წელს, “რუბინმა” სანქტ-პეტერბურგში “ზენიტი” დაამარცხა. თამაშის მერე რესტორანში წავედით და იქ გავიცანი.    
- ინგლისელი გოგო თქვენი და ბავშვის ურთიერთობას ხომ არ ეწინააღმდგება?
- რას ამბობთ! ის საქართველოშიც ჩამოდის ხოლმე. ერთადერთი პრობლემაა, რომ ბიჭი ქართულად საერთოდ ვერ საუბრობს. მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობს.  
- მიხეილ აშვეთია რას აკეთებს?
- მოსკოვში დარჩა და “სადოვოი კოლცოზე” რესტორანი გახსნა. პარალელურად მენეჯერობს, ისევე როგორც დავით ჩალაძე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს.
- მგონი, კალაძე პირველი იყო ვინც თქვენს თაობაში “ფერარი” იყიდა?
- “ფერარი” პირველმა მე ვიყიდე.
- ძვირი დაგიჯდათ?
- 150000 გირვანქა. “ფერარი” მხოლოდ ნახევარი წელიწადი მყავდა.
- თქვენ ავტოავარიაზე მთელი ინგლისი საუბრობდა...
- წვიმდა, ხოლო მე ძალიან სწრაფად მოვდიოდი.
- რას ნიშნავს სწრაფად?
- მეორე სიჩქარეში 120 კილომეტრ/საათით. კაფედან “სიტის” მცველ ჩემს მეგობარ კაიტ საიმონსთან ერთად გამოვედი. მან დაიტრაბახა, რომ სპორტული “ბმვ” ჰყავდა. მე ვუთხარი: “შენ “ბმვ” რა არის, მოდი ნამდვილ მანქანას გაჩვენებ-მეთქი”. ის ჩამიჯდა და ორიოდე წუთის შემდეგ, უკვე მოტეხილი ხელ-ფეხით იწვა. საშინელ ავარიაში მოვყევით. მანქანა დაბზრიალდა და ხიდის საყრდენ ბოძს შეეჯახა. მანქანიდან ორივე გადმოვფრინდით.  
- საქარე მინის მხრიდან გამოფრინდით?
- მე კაბრიოლეტი მყავდა. დამცავი ქამრების გაკეთება ვერ მოვასწარით. რომ გამოვხიზლდი, ასფალტზე ვიწექი. უპირველესად ფეხები მოვსინჯე და მთელი აღმომაჩნდა. იოლად გადავრჩი. მხოლოდ ერთი ნაჭრილობევი დამრჩა წელზე. მანქანა კონსერვის ქილასავით “დაიჭეჭყა”. ფული არ დამიკარგავს, რადგან ავტომობილი დაზღვეული მქონდა. თუ ხვდებით მაშინვე რა გავაკეთე?
- ახალი “ფერარი” იყიდეთ?
- მართალია.
- ვხვდებით, მოსკოვში რით დადიხართ...
- ცდებით, “ბენტლით” დავდივარ. შემოდგომაზე ორი კვირა თბილისში გავატარე და მანქანა იქ მყავს. მალე ჩამომიყვანენ.
- მოსკოვიდან თბილისში ზაზა ჯანასიას მსგავსად მანქანით დადიხართ?
- არა, ეს მხოლოდ ზაზა შეუძლია. ავტომობილს მეგობარი გამომიგზავნის, ჯერ ბათუმში ჩაიყვანს, ხოლო იქიდან ბორანით სოჭში.
- ავარიის შემდეგ, ინგლისში სასამართლოში სიარული მოგიწიათ?
- ინგლისელებმა იფიქრეს, რომ თანაგუნდელტან ერთად ქუჩაში რბოლა მოვაწყვეთ. ორივეს 6 თვით მართვის მოწმობა ჩამოგვართვეს. თუმცა, ის აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო. გარდა ამისა, 1200 გირვანქა ჯარიმა გადაგვახდევინეს. მას შემდეგ, მანქანას აკურატულად ვატარებ. საერთოდ, “ფერარით” სისწრაფის გადაჭარბება სახიფათოა.
- არ ფიქრობთ, რომ ასეთი ავტომანქანის შეძენა ფულის გადაყრაა?
- ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო კაპიტალდაბანდებაა. მე ასეთი ადამიანი ვარ, როდესაც შესაძლებლობა მაქვს, ვყიდულობ. მთელი სიჭაბუკე “ფერარიზე” ვოცნებობდი და ფული რომ მოვაგროვე, ვიყიდე. რატომ უნდა ვინანო?  
- “მაქაბის” კარში შესრულებული ჰეთ-თრიქისთვის ჯანაშიას მდიდარმა მოსკოველმა ქართველებმა “მერსედესი” აჩუქეს...
- ჩემთვის ავტომობილი არავის უჩუქებია. პირიქით, მე ვჩუქნიდი ხოლმე. “მერსედესის” გახსენებაც არ მინდა, საქართველოში მამაჩემს თავს დაესხნენ და ახალი მანქანა წაართვეს. მანჩესტერში ახლობლები მირეკავდნენ ხოლმე: ამას მოპარეს მანქანა, იმას მოპარეს. მამაჩემს დავურეკე და ვუთხარი, რომ ვინმე ავტოფარეხთან დახვედროდა ხოლმე. მან მითხრა: “რა ბავშვი ხომ არ ვარ, რომ ავტოფარეხთან დამხვდნენო?!”. ერთხელაც გამოვიდა და იარაღით ელოდებოდნენ. 
- წინააღმდეგობა გაუწია?
- შეეცადა. თუმცა, ზურგსუკნიდან პისტოლეტის ტარი ჩაარტყეს და ერთი წუთი გაითიშა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ “მერსედესი” წაეყვანათ.
- მამას ასეთი სახელი საიდან აქვს?
- ბავშვობაში ამ კითხვით დავიტანჯე. ის წარმოშობით გურიიდანაა, სადაც უცნაური სახელების დარქმევა უყვართ. თუმცა, რობინზონი რატომ დაარქვეს, არ იცის. სხვათა შორის, მის გარდა არავინ მინახავს რომ რობინზონი ერქვას, მათ შორის არც ინგლისში.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარი  
 

0.117017