ჭიდაობა

22:19 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ედიშერაშვილი: “უმთავრესი მიზანი ოლიმპიური თამაშების მოგებაა”

 თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის პირველობაზე ქართველ გულშემატკივრებს ყველაზე დიდი სიხარული 55 წონით კატეგორიაში მოასპარეზე თბილისელმა გიორგი ედიშერაშვილმა მოუტანა. მან ფინალში ბელარუსის წარმომადგენელი ვლადისლავ ანდრეევი დამატებით პერიოდში დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ედიშერაშვილმა ამ წარმატებას 24 წლის ასაკში მიაღწია, აქამდე კი დიდებში არც ვერცხლის და არც ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

“მსოფლიო სპორტი” ევროპის ახალ ჩემპიონს გიორგი ედიშერაშვილს ესაუბრა.

- ყველაზე უფრო რომელი შეხვედრის მოგება გაგიჭირდათ?

- რა თქმა უნდა ფინალის. შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო. პირველმა ორმა პერიოდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მესამე პერიოდში მოვახერხე მეტოქის დამარცხება. ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს და ყველა ჩემს მეგობარს ვუძღვნი.

- ადრე თუ შეხვედრილხართ ანდრეევს?

- კადეტებში გამოსვლის დროს შევხვედრილვარ და მაშინ დავმარცხდი. ამჯერად რევანში ავიღე.

- აქამდე რატომ ვერ აღწევდით წარმატებას?

- შეიძლება ითქვას, რომ ცოტას ვზარმაცობდი, მაგრამ მთლად ამაზეც არ იყო დამოკიდებული, რადგან ამ წონით კატეგორიაში ლიდერი ხინჩეგაშვილი იყო, რომელსაც ტიტულები არ აკლია. ის ჩვენი ქვეყნის სახელოვანი სპორტსმენია.

- თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

- ცოტას დავისვენებ და მოვემზადები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. უმთავრესი მიზანი კი ოლიმპიური თამაშების მოგებაა.

Loading...
0.162393