ფეხბურთი

15:33 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: “მსაჯების სკანდალში ყველა მონაწილე პირი უნდა დაისაჯოს”

 

საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფს 6 ტურის შემდეგ 18 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს თბილისის "საბურთალო". საბურთალოელებმა ყველა მატჩი მოიგეს და ბურთების შეფარდება +18 აქვთ.

"მსოფლიო სპორტი" თბილისური კლუბის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს დაუკავშირდა და როგორც "საბურთალოს" შესახებ, ასევე ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

ჭიაბრიშვილი: "დიდი ხანი არაა, რაც "საბურთალო ჩავიბარე. მინდა აღვნიშნო, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ასეთი ფეხბურთელები აღუზარდა კლუბს. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან მიადვილდება და კმაყოფილი ვარ.

- მიმდინარე სეზონში რა არის კლუბის მიზანი?

- მიზანი უცვლელი რჩება, ჩვენ უნდა გავზარდოთ ეს ნიჭიერი თაობა, რათა მომავალში კარიერა უცხოურ კლუბებში განაგრძონ და საქართველოს როგორც ასაკობრივ ისე ეროვნულ ნაკრებებს გამოადგნენ. თუ შეიცვლება ეროვნული ჩემპიონატი უკეთესობისკენ, შემდგომი ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა იქნება.

- ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე რას იტყვით?

- ძალიან ცუდად იმოქმედებს უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდა საერთო შედეგზე. ჩვენ ვნახეთ, როდესაც უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი ასპარეზობდა ევროტურნირებზე გაცილებით კარგი შედეგი გვქონდა. მაგრამ შემდეგ, ფედერაციამ ძალიან ბევრი ცვლილება მოახდინა, გუნდების რაოდენობა გაიზარდა, კლუბები კი დაფინანსებას ელიან. თუ არ იქნება გარანტიები, როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული, ისე ვერ განვითარდება ქართული ფეხბურთი.

- თქვენს მიერ აღნიშნულ პრობლემებს ახლახანს მსაჯების სკანდალი დაემატა...

- სანამ გამოძიება ბოლომდე არ ჩატარდება, რთულია დასკვნების გამოტანა. ჩემი აზრით, მსაჯს არ უნდა ჰქონდეს ყველაფრის უფლება და ეს ფედერაციამ უნდა აკონტროლოს. ყველა ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ, მაგრამ ასე მასობრივად მსაჯები დაკავებულიყვნენ, არ მახსოვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა იყოს მსაჯების მაქსიმალური კონტროლი და აგრეთვე გამოსაძიებელია, ვინც ამ ადამიანების უკან დგას. მნიშვნელობა არ აქვს, ჩვეულებრივი პირები იქნებიან თუ ოფიციალური - ყველა უნდა დაისაჯოს. მარტო მსაჯებზე ჯოხის გადატეხვა არასწორი იქნება.

გიორგი ბალახაძე

0.113762