ფეხბურთი

19:17 | 15.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

გახსენება - ვლადიმერ ელოშვილი

ქართული ფეხბურთის წარსულისა და ისტორიის მოყვარულებს კიდევ ერთ საინტერესო წიგნთან გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ. ახალი წიგნი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის და მწვრთნელის ვლადიმერ ელოშვილის შესახებაა. ვლადიმერ ელოშვილი თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი იყო, რომელიც 1949-59 წლებში, 10 სეზონის მანძილზე იცავდა დინამოს ღირსებას. წიგნის ავტორი საქართველოს მწერალთა კავშირისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი დემიკო ლოლაძეა. იგი ოთხი ათეული წიგნის ავტორი გახლავთ. მათ შორისაა წიგნები „დინამოს“ ლეგენდებზე: შოთა იამანიძეზე, სლავა მეტრეველზეზე, მიხეილ მესხზე, ვლადიმერ ბარქაიაზე, მურთაზ ხურცილავაზე, დავით ყიფიანზე, ვიტალი დარასელიაზე, ნოდარ ახალკაცზე... 

დემიკო ლოლაძე: "პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დინამო თბილისის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, წიგნის გამოცემაში გაწეული დახმარებისათვის. ვინც ოფლს ღვრიდა ქართული ფეხბურთის სადიდებლად, დავიწყებას არ უნდა მიეცნენ. ვლადიმერ ელოშვილი გამორჩეული ფეხბურთელი იყო „დინამო“ თბილისის ისტორიაში. მცირე პერიოდში გუნდის კაპიტანიც გახლდათ. იყო შემტევი ყაიდის მცველი და არაერთი გოლის გამტანი. დიდ ფეხბურთთან გამოთხოვების შემდეგ, ჭაბუკების აღზრდას მოჰკიდა ხელი და ამ კუთხითაც გაითქვა სახელი. უამრავი ფეხბურთელი აღზარდა: ჩივაძე, გუცაევი, კანთელაძე, გოგია, კოპალეიშვილი და მრავალი სხვა. 1967 წელს სსრკ–ს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. იმ ნაკრებში ვლადიმერ ელოშვილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მან, იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი წოდება მიიღო – გახდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. პიროვნულად ღირსეული, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და უაღრესად თავმდაბალი ადამიანი გახლდათ. ვფიქრობ, მკითხველი ბევრ საინტერესოს გაიგებს და გაიხსენებს ამ ახალი წიგნით. მინდა მადლობა ვუთხრა “დინამოს”, რომ იგი არ ივიწყებს თავის გამორჩეულ ვეტერანებს“.
 
www.fcdinamo.ge
Loading...
0.120571