ფეხბურთი

14:05 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გახარებული და თან, გულდაწყვეტილი კაშია

ჰოლანდიის ერედივიზიონი განახლდა და არნემის "ვიტესმა" "ცვოლეს" გასვლაზე 2:1 მოუგო, რითაც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, "აიაქსს" ამ ტურში სათამაშო აქვს პსვ-სთან და თუ ამსტერდამელები მოიგებენ, ბურთების შეფარდებით ისევ გადაუსწრებენ არნემელებს. "ვიტესმა" ბოლო წუთზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი – პატრიკ ვან აანჰოლტმა იმარჯვა. საერთოდ, ხშირია შემთხვევა, როცა "ვიტესი" ბოლო წუთზე ახერხებს გამარჯვების მოპოვებას.

გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჭანტურია კი 64-ე წუთზე შეცვალეს. ვაკო ყაზაიშვილი განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია. დავამატოთ, რომ დიდი შანსია, ჭანტურიასთვის ეს ბოლო მატჩი ყოფილიყო "ვიტესში". თავად ფეხბურთელის თქმით, ორ-სამ დღეში საბოლოოდ გადაწყდება, დარჩება თუ სხვაგან გააგრძელებს კარიერას. მისით "ბოლონია" და "მონპელიე" არიან დაინტერესებულნი, თუმცა უფრო დიდია ალბათობა, ჭანტურიამ იტალიას მიაშუროს.

და კაშიაზე. "ვიტესის" კაპიტანი მოგებით გახარებული იყო, თუმცა გული დასწყდა, რომ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მომდევნო ტურს გამოატოვებინებს – "ნაიმეგენთან" დერბიში ვერ ითამაშებს.

"ძალიან მწყდება გული. ვერ წარმომიდგენია, რომ ტრიბუნიდან უნდა ვუყურო ასეთ თამაშს..." – თქვა კაშიამ. 

0.512996