ფეხბურთი

16:33 | 12.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა ჯუმბერ ხაჟალია

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა გასული საუკუნის 60-იანი წლების ქუთაისის “ტორპედოს” გამორჩეული მოთამაშე, სპორტის ოსტატი ჯუმბერ ხაჟალია.
ჯუმბერ ხაჟალია 1938 წლის 19 აგვისტოს, სამტრედიაში დაიბადა. ფეხბურთის თამაში საკმაოდ გვიან, 17 წლის ასაკში დაიწყო -  ადგილობრივი “ლოკომოტივის” სკოლაში, მწვრთნელ გივი ჩიქობავასთან. მანამდე გატაცებული იყო  სიგრძესა და სიმაღლეზე ხტომით, მაგიდის ჩოგბურთით, ფრენბურთით, გახლდათ კალათბურთში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრი.
ფეხბურთის თამაში სერიოზულად გოგი ანთაძის რჩევით დაიწყო. 1956 წელს, თბილისის ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლაში, იგივე “ფშმ”-ში აღმოჩნდა. ამ სკოლის გუნდში, ჯუმბერ ხაჟალიასთან ერთად, თამაშობდნენ ნოდარ ახალკაცი, გივი მუმლაძე, მერაბ იაშვილი, ოთარ რუხაძე და სხვები.
ქუთაისის “ტორპედოში” ჯუმბერ ხაჟალია 1960 წელს მიიწვიეს. იმავე წელს, ტორპედოელებმა საკავშირო პირველობის “ბ” კლასის ზონალური ტურნირი მოიგეს  და ასეთივე წარმატებას მიაღწიეს მომდევნო სეზონში, რის შემდეგაც, საკავშირო პირველობის “ა” კლასში (უმაღლეს ლიგაში) გადასასვლელ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. სამთა ტურნირი “ტორპედოს”, თბილისის “ლოკომოტივსა” და ტალინის “კალევს” შორის, კიშინიოვში გაიმართა. მიუხედავად ესტონელებთან სასტარტო შეხვედრაში განცდილი მარცხისა, ქუთაისელებმა მომდევნო თამაშები აღმავლობით ჩაატარეს და საბჭოური ფეხბურთის ელიტაში აღზევდნენ, რაშიც გადამწყვეტი როლი ჯუმბერ ხაჟალიამ ითამაშა, კიშინიოვურ ბატალიებში მან 4 გოლი გაიტანა.
მაღალი სასტარტო სიჩქარის, დახვეწილი ტექნიკის მქონე, გოლის გასაოცარი ალღოთი და იმპროვიზაციის ნიჭით დაჯილდოებული  ფორვარდი, მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. თბილისისა და მინსკის “დინამო”, მოსკოვის ცსკა, ერევნის “არარატი”, ბაქოს “ნეფტიანიკი” ამაოდ ცდილობდნენ მის გადაბირებას - ხაჟალიამ ბოლომდე უერთგულა “ტორპედოს” და ქომაგთა განსაკუთრებული სიყვარულით ამიტომაც სარგებლობდა. 1962-68 წლებში “ტორპედოს” შემადგენლობაში, ჯუმბერ ხაჟალიამ 188 მატჩი ჩაატარა და 48 ბურთი გაიტანა. მან ბევრჯერ გამოიჩინა თავი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში ირანის, ავღანეთის, ყოფილი გდრ-ის, ბულგარეთის, აფრიკული ქვეყნების სტადიონებზე.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, ჯუმბერ ხაჟალია დროგამოშვებით საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე სამტრედიის “ლოკომოტივს” თავკაცობდა, საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, სამტრედიის “სანავარდოს” წვრთნიდა, ბოლოს კი, ჯანმრთელობის გაუარესებამდე, ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელ-კონსულტანტი გახლდათ.
  

Loading...
0.125809