ფეხბურთი

12:25 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გაგრა” არ დაიშლება

1 ივლისს, საფეხბურთო კლუბ “გაგრას” სამი მოთამაშე, ლაშა კალანდაძე, ნიკა ჭკუასელი და მეკარე გიორგი ბეგაშვილი დაუბრუნდნენ. “გაგრას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ეს ფეხბურთელები ტრანსფერზე იყვნენ დაყენებული. თუმცა, 30 ივნისს ისინი კლუბის პრეზიდენტს ბესიკ ჩიხრაძესა და მთავარ მწვრთნელ ზვიად ჯელაძეს შეხვდნენ. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ეს მოთამაშეები კვლავ პირველ გუნდში დაბრუნდებოდნენ და სავარაუდოდ, რუსთავის “მეტალურგთან” ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშებენ.

კლუბის იურიდიული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავას ვებგვერდთან საუბარში უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა “გაგრამ” პირველ ლიგაში არ ითამაშოს:

“გასულ სეზონში ჩვენი გუნდი უმაღლეს და პირველ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული იყო და თუ მომავალ სეზონშიც გაახალგაზრდავების პროცესი გაგრძელდა, ეს გასაკვირი სულაც არაა.

მეორე, საფეხბურთო კლუბ “გაგრას” არსად დაუფიქსირებია პოზიცია იმის შესახებ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს. უბრალოდ, გუნდმა სოლიდარობა გამოუცხადა იმ გუნდების მოთხოვნას, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან ყველა გუნდის მიმართ (ეს იქნება მუნიციპალური თუ კერძო მფლობელობაში), თანაბარი დაფინანსება მოითხოვა.

თუ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება და მათ შორის უმარ მაგაჯის, გუნდის დაშლად შეიძლება მოინათლოს, ნამდვილად არასწორია. უმარ მაგაჯის და ალექსანდრე ივანიშვილის გარდა, არც ერთ ფეხბურთელს, რომელთანაც გუნდმა შემდგომი თანამშრომლობა არ მოისურვა, მოქმედი კონტრაქტი არ აკავშირებდა.

ივანიშვილს კლუბთან კონტრაქტი ივნისის თვის ბოლომდე ჰქონდა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შორის წარმატებული თანამშრომლობა არ შედგა, ორივე მხარის სურვილით კონტრაქტი შეწყდა და ფეხბურთელი გათავისუფლდა.

არც უმარ მაგაჯის გუნდიდან წასვლა უნდა იყოს “გაგრასთვის” “დამღუპველი”, ვინაიდან გასულ სეზონში ამ ფეხბურთელმა ვერ გაამართლა მწვრთნელის ნდობა. სამწუხაროდ, შედეგიანი ვერ იყო და როდესაც ვერ ამართლებ, ქართველი იქნება თუ ნიგერიელი, თუ კლუბი გადაწყვეტს მის გაშვებას, ეს არ უნდა მივიჩნიოთ კლუბის დაშლის აუცილებელ მიზეზად. გარდა ამისა, მას საქართველოში ლეგალურად ყოფნის მხრივ პრობლემები შეექმნა და ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შინ გამგზავრებულიყო. საფეხბურთო კლუბ “გაგრას” არაერთი უცხოელი ფეხბურთელი ჰყავს მოწვეული საქართველოში და არც ერთი მათგანი არალეგალურად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ჯონ ჯერემიას მიმართ ინტერესი დიდი ხანია არის და მომავალშიც იქნება, მაგრამ გაყიდის თუ არა გუნდი მას სხვა კლუბში, ეს მხოლოდ კლუბის პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ფაქტია, ჯერემია და კიდევ ერთი ნიგერიელი ბენჯამინ ტეიდი გუნდთან ერთად არიან, საწვრთნელ პროცესში ღებულობენ მონაწილეობას და მომავალი სეზონისთვის ემზადებიან.

გუნდის ძირითადს დაუბრუნდნენ გამოცდილი ფეხბურთელები: ლაშა კალანდაძე, ნიკა ჭკუასელი და გიორგი ბეგაშვილი. ამდენად, გუნდი ისევ ისეთი ამბიციური, მიზანმიმართული და ბრძოლისუნარიანი იქნება, როგორც სხვა დროს.

კლუბის პრეზიდენტის გამონათქვამს კომენტარს ნამდვილად ვერ გავუკეთებ, თუმცა მგონი, ამ პიროვნებას მთელმა საქართველომ ყოველ დღე მადლობა უნდა უთხრას იმის გამო, რომ საფეხბურთო კლუბი “გაგრა” არსებობს. ეს მარტო გუნდი რომ არაა, მგონი, ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს. ჩვენი გუნდი უცხოურ ვებგვერდებზე ხშირად მოიხსენიებოდა როგორც თბილისის გუნდად და მისი უამრავი მცდელობის, მოთხოვნის და ბრძოლის შემდეგ, ყველგან დაფიქსირებულია როგორც გაგრის “გაგრა”. ევროპის ლიგაზე ასპარეზობით მთელ მსოფლიოს შევახსენეთ ჩვენი ტკივილის, მიწა-წყლის ისტორია და მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენი გუნდი არსებობს, არავის აზრადაც კი არ მოსვლია მისთვის დახმარების გაწევა. უკვე ცხრა წელია ბესიკ ჩიხრაძე მარტოდმარტო ინახავს არა მარტო კლუბს, არამედ აფხაზეთის იმ მშვენიერი კუთხის სახელის დიდებას, რომელსაც აფხაზეთი და გაგრა ჰქვია.

გუნდში სავარჯიშო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. სავარაუდოდ რამდენიმე დღეში მუხრანში გავაგრძელებთ წვრთნას, ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ. მოუთმენლად ველით ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, თუ როგორ დალაგდებიან გუნდები პირველი ლიგის ა და ბ ჯგუფებში.

და კიდევ ერთი, უახლოეს დღეებში მნიშვნელოვან ინფორმაციას მივაწვდით ჩვენ გულშემატკივრებს, რაც ცხადია, ჩვენი გუნდის მომავალ მიზანთან იქნება დაკავშირებული“. 

თეგებიგაგრა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126005