ფეხბურთი

11:43 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ნაკრებს კვირკველია და გელაშვილი გამოაკლდნენ, ფოფხაძე შვეიცარიაში დაემატება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს დღეს საუდის არაბეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში თბილისის “დინამოს” მარცხენა მცველი დავით კვირკველია და აგდამის “ყარაბაღის” თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი დააკლდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელმა ნაკრების საწვრთნელი ბანაკი ტრავმების გამო დატოვეს და თბილისში გამოემგზავრნენ. ასევე, მცირე ტრავმა აქვს მურთაზ დაუშვილს, რომელმაც ოთხშაბათს ვარჯიში გამოტოვა.  3 ივნისს, შვეიცარიაში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან გასამართ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს პოლონური “იაგელონიას” მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე დაემატება.

საუდის არაბეთთან დაპირისპირებისთვის გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი) გიორგი ნადირაძე („სპარტაკი" ცხინვალი).

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი („დინამო“ თბილისი.)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი პაპავა („დინამო" თბილისი), ლევან ხმალაძე („ჩიხურა",საჩხერე).

თავდამსხმელები: ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი) ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია" ვარშავა).

მომავალი მატჩის წინ, სფფ-ს ვებგვერდისთვის კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა:

გურამ კაშია: “ყველა ქვეყანაში საფეხბურთო სეზონი ახალი დამთავრებულია და ფეხურთელები რთული სეზონის შემდეგ გადაღლილები ვართ. თუმცა, ნაკრებთან ერთად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. ეს ორკვირიანი პერიოდი მწვრთნელთან, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება ჩვენ მეტოქეებს, მათ წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ასევეა, ჩემი  თანაგუნდელების უმრავლესობაც. ვნახეთ ვიდეოჩანაწერები და ვიცით რა სტილის გუნდს ვეთამაშებით.

როდესაც ნაკრები თამაშობს, გულშემატკივარი ყოველთვის შედეგს ელოდება. თუმცა ჩვენი მიზანია, შედეგთან ერთად კარგი თამაშიც ვაჩვენოთ. გუნდში არაერთი ახალგაზრდაა და უნდა აღინიშნოს, რომ  მწვრთნელებს და გამოცდილ მოთამაშეებს სწორედ მათი იმედი გვაქვს. კარგი თაობა მოდის და მათთან შეთამაშების შემდეგ, ვფიქრობ, უკეთესი შედეგი გვექნება. მინდა წარმატება მივულოცო საქართველოს 19- წლამდე ნაკრებს. მოულოდნელობებით სავსე გუნდია. უკვე ორი წელია წარმატებით და სტაბილურად თამაშობს. მე ვიცი, რას წარმოადგენს ამ ასაკში ჰოლანდიის ნაკრები. ჩვენმა გუნდმა კი, ის დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ საკუთარ ასაკში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. თავდაჯერებულები არიან და იმედი მაქვს, რომ 30 მაისს მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას კიდევ ერთხელ მივულოცავ”.

საქართველოსა და საუდის არაბეთის ამხანაგური თამაში ესპანეთის ქალაქ ხერესში დღეს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და მას არც ერთი ქართული ტელეარხი არ აჩვენებს. უცხოური ტელეარხებიდან მატჩის ტრანსლირებას SAUDI TV უზრუნველყოფს.

ფოტო gff.ge

0.112608