სტატიები

10:04 | 9.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

"ელ ჩეჩოს" პროექტი: "არგენტინელ ერს დიდი სიხარული უნდა ვაჩუქო"

ესპანეთმა 1:4 წააგო!.. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ასე შერცხვებოდა ნაკრებთან, რომელიც სულ ორიოდ თვის წინათ თავად განადგურდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიასთან. არგენტინულ პრესას სერხიო ბატისტას ქება არ ეზარება, პატაგონიური Ole-ც მატჩის გმირად არა ლეო მესის, გონსალო იგუაინს ან სერხიო აგუეროს, არამედ “ელ ჩეჩოს” მიიჩნევს.
“ელ ჩეჩო” ბატისტას მეტსახელია და ცოტა რამ ვთქვათ ესპანეთის დამშოკავ კაცზე: გეცოდინებათ, ის 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. სტაჟიან (და არა მარტო, სტაჟიან) გულშემატკივარს ემახსოვრება მაშინდელი არგენტინის ნაკრების წვერებიანი ნახევარმცველი, რომელიც უფრო დაცვით ოპერაციებში იყო ჩართული. ბატისტამ მუნდიალ-1990-ის მონაწილეცაა.  
ბატისტა 2000 წლიდან შეუდგა მწვრთნელობას და არგენტინას არ გასცდენია: “ბელა ვისტას”, “არგენტინოს ხუნიორსის”, “ტალიერესის”, შემდეგ ისევ “არგენტინოს ხუნიორსის”, “ნუევა ჩიკაგოს”, “გოდოის” და არგენტინის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
სწორედ “ელ ჩეჩოს” თავკაცობით მოიგეს არგენტინელებმა 2008 წლის ოლიმპიადა პეკინში. მარადონასთან ერთად, ბატისტაც განიხილებოდა “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ წლევანდელი მუნდიალის შემდეგღა ენდნენ: მას შემდეგ, რაც დიეგომ ვერ გაამართლა.  
და ესპანეთთან მოგების შემდეგ...
“ეიფორიაში არ ვვარდები. მინდა, ჩემი მუშაობა არა მარტო შედეგით, გუნდის თამაშის ხარისხითაც შეაფასონ. ამიტომაც ვტკბები დღევანდელი მოგებით. აქ იმისთვის ვმუშაობ, რომ დიდხანს შემოვრჩე პოსტს და რაც მთავარია, არგენტინელ ერს დიდი გამარჯვებები ვაჩუქო. თუმცა გადაწყვეტილება არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ უნდა მიიღოს. რაც შეეხება ჩემს საყვარელ სათამაშო სქემას, ეს 4-3-3-ია. ასე ვამჯობინებ, უკანდახეული თავდამსხმელების გარეშე” – ამბობს ბატისტა.
ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ სერხიო დანიელ ბატისტა დროებით, 2011 წლის იანვრამდე დანიშნეს “ალბისელესტეს” მესაჭედ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ნდობის კრედიტს გაუგრძელებენ. ეს კი ყველაზე მეტად ხავიერ ძანეტის, ხუან რომან რიკელმეს, ესტებან კამბიასოს, დიეგო მილიტოსა და სხვებს გაახარებთ – ისინი ხომ ამ ზაფხულს მარადონას დარჩენა-წასვლის საკითხის გადაწყვეტისას მინიშნებით აკეთებდნენ კომენტარს, დროა, დიეგომ პოსტი დატოვოსო.
ლეო მესიმაც, რომელმაც თავიდან დიეგოს მხარდასაჭერი სიტყვა თქვა, შემდგომში აღიარა, რომ ბატისტა იდეალური ვარიანტი იყო:
“ფეხბურთელების მადლიერი ვარ. როდესაც მესი და სხვა ვარსკვლავები მხარს გიჭერენ, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ნაკრებში თამაში უხარიათ” – თქვა 47 წლის სპეციალისტმა.  
ახლა კი, “ელ ჩეჩოს” ნააზრევი ნაკრების ფეხბურთელებზე და კიდევ, მარადონაზე:
რიკელმეზე (რომელსაც ესპანეთთან არ უთამაშია): “ის სანაკრებო დონის ფეხბურთელია. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ერთად ვიყავით პეკინის ოლიმპიადაზე და ერთად გავიხარეთ. რომანს მართლაც სპეციფიკური ხასიათი აქვს, მას უნდა გაუგო. ცოტა სიტყვაძუნწი და ჩაკეტილი ტიპია. მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა აუცილებელია.
ძანეტიზე: “ის ჩემი გემოვნების ფეხბურთელია. რომ შემეძლოს, იდეაში “თერთმეტი ძანეტი” მეყოლებოდა – ცხადია, მისი პროფესიონალიზმის კუთხით. ძანეტის შეუძლია, ბევრი რამ ასწავლოს მარჯვენა მცველებს – პაბლო საბალეტასა და მარკოს ანგელერს. ისევე როგორც გაბრიელ ჰაინცეს შეუძლია, ემილიანო ინსუა და კლემენტე როდრიგესი დააკვალიანოს”.
ანდრეს დალესანდროზე (ესპანეთთან ბოლო წუთებზე შევიდა შეცვლაზე): “ბრწყინვალე ფორმაში შევიდა.  მას ყოველთვის ჰქონდა თამაშის ის სტილი, რომელიც გულშემატკივარს აღაფრთოვანებს. ანდრესს ნახევარდაცვაში ნებისმიერ ადგილას შეუძლია თამაში. ცოტა რთული ხასიათი და უნიკალური ტექნიკური არსენალი – ესაა დალესანდრო”.
მარადონაზე: “მარადონა ნამდვილად კარგი ადამიანია. ისიც ცდება, როგორც ყველა ჩვენთაგანი. დიეგომ ბევრი გააკეთა ჩემთვის, ხშირად დამხმარებია, თუმცა არც მე დავრჩენილვარ ვალში. ყოველთვის ვამბობ: ადამიანის ხასიათი განსაცდელისას უნდა გაიგო, მარადონამ კი ბევრჯერ გამიმართა ხელი იმ დროს, როცა მიჭირდა”.
თუმცა “ელ ჩეჩომ” გაამხილა, რამდენიმე კვირაა, დიეგოს ვურეკავ და ტელეფონს არ პასუხობსო...
“რამდენჯერმე ვცადე მასთან გასაუბრება, მაგრამ ჩემს ზარს არ პასუხობს. მესმის მისი, ძალიან გაწბილებულია. ალბათ, მარტო ჩემთან კი არა, არავისთან არ საუბრობს. არ ვიცი, იმუშავებს კი დიეგო ოდესმე მწვრთნელად? მე მხოლოდ იმის გაგება მინდოდა, როგორ გრძნობს თავს. კარგი იქნებოდა, ამა თუ იმ ფეხბურთელზეც გვესაუბრა და აზრი გაგვეცვალა, მაგრამ როგორც ჩანს, გერმანიასთან წაგების შემდეგ საკუთარ თავს არ ჰგავს”.
ასეა თუ ისე,  ბატისტა არ მალავს, რომ დიდი ამბიციები აქვს. კერძოდ, მისი პროექტია ბრაზილია-2014 – თუ მანამდე “ალბისელესტეს” მთავარმწვრთნელობა დამცალდა, მეზობლებთან მშვენიერ გუნდს ჩავიყვანო. ჯერჯერობით, საქმე მშვენივრად მისდის...      


ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09473