სხვა

19:39 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნებმა 100 ათასი გადაიხადეს და არჩევნები დაგეგმეს

ქართულ ძალოსნობას საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის საფრთხე აღარ ემუქრება. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაკისრებული ფინანსური სანქცია – 100 ათასი დოლარი უკვე გადაიხადა. ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” ლეგენდარულმა სპორტსმენმა, ძალოსნობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, ჯარიმა ქართველი ძალოსნების: შოთა მიშველიძის (69 კგ), რაულ ცირეკიძის (85 კგ), დავით გოგიასა (105 კგ) და ლაშა ტალახაძის (+105 კგ) დოპინგ-სკანდალში გახვევას მოჰყვა. თანხის გადახდის საბოლოო ვადად კი 25 ივნისი დაწესდა. გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ თარიღის შემდეგ საქართველო ყველა შეჯიბრებიდან მოიკვეთებოდა.

“ეს თანხა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობით, კარგი ხალხის გვერდში დადგომით გამოიძებნა და უკვე გადავრიცხეთ. პრობლემა მოგვარდა და ესაა მთავარი. მეტი კონკრეტიკისგან კი ამ ეტაპზე თავს შევიკავებ” – განაცხადა კახიაშვილმა.

ქართულ ძალოსნობაში ერთი საინტერესო სიახლეცაა – 12 ივნისს მორიგი რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, რომელზეც ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას შოთა ბუაძე დროებით ასრულებს. 87 წლის ვეტერან ძალოსანზე დელეგატებმა 4 მარტს შეაჩერეს არჩევანი.

კახი კახიაშვილმა ასევე დაგვიდასტურა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავად აპირებს კანდიდატურის წამოყენებას, თუმცა...

ბოლო დღეებში აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მავან ბიზნესმენთან, რომელსაც ძალოსნები პრეზიდენტის სავარძელს სთავაზობენ და თუ დაითანხმეს, სავარაუდოდ კახიაშვილი მასთან კონკურენციაზე უარს იტყვის.

დასასრულ ერთი კულუარული ცნობაც. მას შემდეგ, რაც ძალოსნობის ფედერაცია დალაგდება, დიდი ალბათობით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნებას გამოცდილ სპეციალისტს ვანო გრიქუროვს შესთავაზებენ, რომელმაც თანამდებობა ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, შიდა დაპირისპირებების გამო დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115415