ფეხბურთი

2:58 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დრონიც მეფობენ და მეფენიც

მუდმივი და უსასრულო რომ არაფერია, ეს აქამდეც ცნობილი იყო და „ბარსელონას“ შემთხვევაშიც დადასტურდა. კატალონიელთა კრიზისზე და გამოუსწორებელ პრობლემებზე საუბარი არ გვაქვს, რადგან „მილანთან“ და „რეალთან“, თუნდაც საკუთარ კედლებში და თუნდაც 2 ბურთით წაგება ნებისმიერ გუნდს შეუძლია. საქმე ისაა, რომ ახლა, „ბარსელონა“ არა ფავორიტთა შორის ფავორიტი, არამედ უბრალოდ ძლიერი გუნდია, რომლის არაამქვეყნიურობაზე საუბარი აღარ შეიძლება. კატალონიურ გრანდს უმწვრთნელობა დიდი ხანია ეტყობა (ვილანოვა თამაშების დროს გუნდის მართვას ოკეანის გაღმიდან ცდილობს და რა გასაკვირია, რომ არცთუ წარმატებით) და ახლაც დაეტყო. რაც არ უნდა პრობლემები ჰქონდეს, ჟოზე მოურინიო იმ დონის სპეციალისტი ნამდვილად არის, რომ უმწვრთნელო გუნდი, თუნდაც „ბარსელონა“, მისსავე მოედანზე დაამარცხოს.

მიმდინარე სეზონში, „ბარსას“ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იოლად პროგნოზირებადი შემადგენლობაა. არსებობს თერთმეტეული, რომელსაც ძირითადი ჰქვია და რომელიც ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში უცვლელად თამაშობს. „ბარსას“ სასტარტო შემადგენლობაში კორექტივები ვერც იმან შეიტანა, რომ სესკ ფაბრეგასი ცუდ ფორმაშია, ხოლო დავიდ ვილია, როდესაც მას ამის შანსი ეძლევა, თავის უმაღლეს კლასს თითქმის ყოველთვის ამტკიცებს. როურამ, რა თქმა უნდა, ვილანოვას მითითებით, ვილია კვლავ სკამზე დასვა და შეიძლება ითქვას, რომ შეცდომა დაუშვა.

„რეალის“ შემადგენლობას რაც შეეხება - აღსანიშნავია ახლადგამოჯანმრთელებული პეპეს სკამდზე დატოვება და ძირითადში კვლავ ახალგაზრდა ვარანის მოხვედრა, რომელმაც ზედიზედ მე-2 „ელ კლასიკოში“, თავი დაცვაშიც გამოიჩინა და შეტევაშიც.

„ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის გამართული ბოლო შეხვედრები, მადრიდელთა აქტიურობით იწყებოდა და დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, კატალონიელები ბურთზე ჩვეული კონტროლის დამყარებას ახერხებდნენ. ამჯერად, მოურინიომ ტაქტიკა შეცვალა. მან მეტოქის ნახევარზე პრესინგზე უარი თქვა და შეხვედრა მთლიანად კონტრშეტევებზე ააგო. შედეგი ისეთია, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. პირველი 2 გოლი, რომლებმაც ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა კიდეც, სწორედ კონტრშეტევების შემდეგ გავიდა.

„ბარსას“ აქტიურობით დაწყებულ შეხვედრაში, პირველი სახიფათო მომენტიც კატალონიელებმა შექმნეს. მარჯვენა ფლანგზე პედროს კარგ თამაშს საჯარიმოში მესის ბურთით დარჩენა მოჰყვა, მაგრამ არგენტინელის დარტყმის შემდეგ, ბურთი ლოპესის კარს ოდნავ ასცდა.

მე-12 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან, „რეალმა“ პირველი კონტრშეტევა განახორციელა, რასაც „ბარსას“ საჯარიმოში რონალდუსა და პიკეს პირისპირ შეყრა მოჰყვა. ამ ფეხბურთელების დაპირისპირების პირველ ეტაპზე, პიკე რონალდუს აშკარად ჯაბნიდა და პორტუგალიელიც, „ბარსას“ კარში თავისი სადებიუტო გოლის გატანას კარგა ხნის განამვლობაში ვერ ახერხებდა. მაგრამ ნელ-ნელა, რონალდუმ პიკეს თამაშსაც აუღო ალღო და ვალდესი/პინტოს კარსაც მოარგო გასაღები. ამჯერადაც ასე მოხდა. პორტუგალიელმა ესპანელი მოატყუა, პიკემ მოძრაობა დააგვიანა და არბიტრმა საპენალტედ დაუსტვინა. თუ ხოსე მანუელ პინტოს, ვიქტორ ვალდესთან შედარებით, რამე უპირატესობა აქვს, უპირველესად, ეს თერთმეტმეტრიანების დროს კარგად თამაშია, მაგრამ ამ კომპონენტში ცუდად საქმე არც რონალდუს აქვს და „რეალის“ ლიდერის დარტყმის შემდეგ, ანგარიში 0:1, ხოლო 2 მატჩის ჯამში, მადრიდელთა სასარგებლოდ 2:1 გახდა.

„რეალის“ რამდენიმეწამიანი გაბრწყინების შემდეგ, თამაში ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. კატალონიელები ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა ჭირდა.

ტაიმის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთი რჩებოდა, როდესაც ზედიზედ ორ ეპიზოდში, ალბერტო უნდიანო მალინკომ „ბარსას“ გულშემატკივართა გულისწყრომა დაიმსახურა. 34-ე წუთზე, საჯარიმოში შეჭრილი პედრო ჩაბი ალონსომ წააქცია, მაგრამ თამაშის წესების დარღვევა ისე აშკარა არ ყოფილა, როგორც პიკესა და რონალდუს შემთხვევაში და არბიტრმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნისგან თავი შეიკავა. ერთ წუთში, მალიენკოს შეცდომა უკვე აშკარა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, მას პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა. საქმე ისაა, რომ არბიტრი პოზიციის შერჩევის დროს შეცდა და „რეალის“ საჯარიმოში, მესი სწორედ მასთან შეჯახების შემდეგ წაიქცა.

მე-2 ტაიმი „ბარსას“ აქტიურობით დაიწყო და კატალონიელებმა 2 ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ, ტაიმის პირველივე კონტრშეტევა ამჯერადაც გოლად აქცია „რეალმა“. მეტოქის საჯარიმოში, დი მარიამ პუიოლი მოატყუა და მართალია, არგენტინელს პინტომ აჯობა, მაგრამ დამატებაზე მოთამაშე რონალდუმ დუბლის გაფორმების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

0:2 და ფინალში გასასლველად, კატალონიელებს მოგება სჭირდებოდათ. ცხადი იყო, რომ უმწვრთნელო „ბარსა“ ამას ვერ შეძლებდა და ამას ფეხბურთელებიც ხვდებოდნენ.

„რეალმა“, იგრძნო რა, რომ მეტოქეს ჯობნიდა, თან ფინალს მიღმა დარჩენის საფრთხე მინიმალური იყო, პინტოს კარისკენ უფრო თამამად გაიხედა და 68-ე წუთზე, ტაბლოზე კატალონიელთათვის სამარცხვინო ანგარიში დააფიქსირა. იოზილმა კუთხური მოაწოდა და როგორც ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, მე-2 სართულზე ყველაზე კარგად ახალგაზრდა ვარანმა ითამაშა, რომელმაც თავის მეორე „ელ კლასიკოში“ მე-2 გოლი გაიტანა.

„ბარსას“ ისღა დარჩენოდა, პრესტიჟის აღდგენაზე ეზრუნა და მატჩის მიწურულს, კატალონიელებმა, ეს ნაწილობრივ მოახერხეს. 89-ე წუთზე, ინიესტას კარგი გადაცემის შემდეგ, ლოპესს ალბამ გაუტანა.

ამრიგად, „სამეფო გუნდი“ სამეფო თასის ფინალში 38-ედ გავიდა. თავისი მე-19 ტიტულის მოპოვებას მადრიდელები „სევილიასა“ და „ატლეტიკოს“ შორის უკეთეს გუნდთან გასამართ ფინალურ მატჩში შეეცდებიან.

 

ბარსელონა-რეალი 1:3 (0:1) (პირველი მატჩი 1:1)

ბარსელონა, “კამპ ნოუ 95002

ბარსელონა (4-3-3): პინტო, ალვესი, პიკე, პუიოლი, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი (ტიაგო 73), ფაბრეგასი (ვილია 59), პედრო (ტელიო 71), მესი, ინიესტა.

მწვრთნელი: ხორდი როურა.

რეალი (4-2-3-1): ლოპესი, არბელოა, ვარანი, რამოსი, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო (ესიენი 84), დი მარია, იოზილი (პეპე 78), რონალდუ, იგუაინი (კალიეხონი 71).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: 0:1 რონალდუ (13, პენ), 0:2 რონალდუ (57), 0:3 ვარანი (68), 1:3 ალბა (89).

გაფრთხილებები: პიკე 13, პუიოლი 41 - არბელოა 38.

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო.

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 10 (3)-10 (8), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 5-2, სეივი: 5-2, ჯარიმა: 8-14.

0.141849