კალათბურთი

14:24 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯმა ყველაფერი ჩააგდო

პოლ ჯორჯის ჩინებული თამაშის წყალობით, “ინდიანა პეისერზმა” “მაიამი ჰითს” 93:90 სძლია და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა – 2:3.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა. თამაშის მიმდინარეობისას ორნიშნა სხვაობით ჯერ მაიამელები იგებდნენ, შემდეგ კი – ინდიანელები, შეხვედრის ბედი კი ჯორჯის აუღელვებელმა გარჯამ განაპირობა.

“პეისერზის” ფორვარდმა მატჩის დასკვნით მეოთხედში 21 ქულა (!) მიითვალა, სულ კი, მის ანგარიშზე 37 ქულა, 6 მოხსნა და 6 ჩაჭრა იყო. ცნობისთვის, პოლი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც “ჰითს” პლეიოფურ დაპირისპირებაში, ერთ მეოთხედში ამდენი ქულა ჩაუგდო. მანამდე, ამ მხრივ პირველი მაჩვენებელი ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს ჰქონდა. 1997 წელს მან ფლორიდელები 20 ქულით დაამწუხრა.

“საოცარი დღე იყო. საუკეთესო თამაში ვაჩვენე. იმისდა მიუხედავად, ვინ მმეურვეობდა ან რა დისტანციიდან ვუტევდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბურთი კალათში აუცილებლად ჩავარდებოდა. ეს დაუვიწყარი შეგრძნებაა”, - განაცხადა ჯორჯმა.

შეხვედრა 12 ქულით დაასრულა ლენს სტივენსონმა, თუმცა, იგი კვლავაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ. სტივენსონმა, რომელიც მთელი სერიაა, მაიამელთა ლიდერ ლებრონ ჯეიმსის ნერვებზე თამაშობს, ერთ ეპიზოდში მეტოქეს ყურში ჩაჰბერა, შემდეგ კი სტუმართა მწვრთნელის და კალათბურთელების საუბრის მოსასმენად მათ სათადარიგოთა სკამთან “დაძვრებოდა”.

“სტივენსონი სტივენსონია. ის ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ პროფესიონალები ვართ. ლენსის ამ გამოხტომებს ყურადღებას არ ვაქცევ”, - აღნიშნა ლებრონმა, თუმცა, თუკი გასულ მატჩში ჯეიმსის მონაგარს გადავხედავთ, მის სიტყვებში ეჭვის შეტანის უფლება ნამდვილად გვექნება.

სერიის მე-5 თამაშში ლებრონმა უკვე მე-3 მეოთხედში მე-5 პერსონალური ფოლი მიიღო და მოედანზე მხოლოდ 24 წუთი დაჰყო, რა დროშიც მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო და პლეი ოფებისთვის პირადი ანტირეკორდი დაამყარა. ლებრონმა თამაშიდან 10-დან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა და მის აქტივში 2 მოხსნა და 4 პასიც იყო.

უკანასკნელად, ჯეიმსმა პლეი ოფის შეხვედრაში 10-ქულიან ზღვარს 2011 წლის ივნისში ვერ უწია. მაშინ, “დალასთან” პაექრობისას “მეფე ლებრონმა” 8 ქულა მიითვალა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-6 მატჩი მაიამიში 31 მაისის დილას შედგება და გამარჯვების შემთხვევაში, “ჰითი” მომდევნო ეტაპზე გავა. 

 

ინდიანა – მაიამი 93:90 (22:16, 11:26, 31:15, 29:33)

ინდიანა: ჯორჯი (37 ქ. 6 ჩ.), უესტი (19 ქ. 9 მ.), სტივენსონი (12 ქ.), ჰიბერტი (10 ქ. 13 მ.), ჰილი (9 ქ. 7 მ.); სკოლა (6 ქ.), უოტსონი, ბატლერი, მაინმი.

მაიამი: ბოში (20 ქ. 10 მ.), უეიდი (18 ქ. 8 მ. 7 პ.), ლუისი (18 ქ.), ჩალმერსი (8 ქ. 8 მ.), ჯეიმსი (7 ქ.); ალენი (15 ქ.), ჰასლემი (4 ქ.), კოული, დუგლასი, ბიზლი, ბატიე.

მაიამი იგებს სერიას 3:2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118551