ფეხბურთი

17:41 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: “სიზმარი ვნახე, რომ “ლოკომოტივს” ვეთამაშებოდით და 2:1 გავიმარჯვეთ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, მიმდინარე სეზონში თავისი სტარტით უკმაყოფილო არაა. ამის შესახებ მან “როსტოვის” საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგევრდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჯანო ანანიძე: “განვლილი ტურის მიმოხილვა ვნახე და არ ვმალავ, რომ ვისიამოვნე, როდესაც “ვოლგასთან” ჩატარებული მატჩის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს აჩვენებდნენ. არა მხოლოდ ის ეპიზოდები იყო სასიამოვნო, რომლებიც ჩემი უშუალო მონაწილეობით გატანილი გოლებით დასრულდა, არამედ, სხვა დანარჩენიც. ისინიც კი, როდესაც ჩვენი სწრაფი და ლამაზი კომბინაციების შემდეგ, მეტოქის კარი ვერ ავიღეთ.

- მიმდინარე ჩემპიონატში თქვენი კარგი სტარტი გუნდს აშკარად წაადგა...

- ნუ იტყვით...მაგალითად, გასულ სეზონში 3 გოლი გავიტანე და 4 საგოლე გადაცემა გავაკეთე. მიმდინარე ჩემპიონატის ოთხ მატჩში ჩემს ანგარიშზე უკვე ერთი გოლი და ოთხი საგოლე პასია. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი კვლავ ასე გაგრძელდეს.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ უახლოეს მეტოქე მოსკოვის “ლოკომოტივთან”?

- არცთუ ცუდი. 2009 წელს, “სპარტაკში” ჩემი დებიუტი სწორედ “ლოკომოტივთან” შედგა. მაშინ, “ლუჟნიკებში” ჩატარებული მატჩის დროს გოლი გავიტანე. ამ გუნდთან გამართულ კიდევ ერთ თამაშში, მეტოქის კარი ძიუბას მიერ თავით გაკეთებული პასის მერე ავიღე. შესაძლოა, “ჩერკიზოვოში” კიდევ ერთხელ გავახარო გულშემატკივრები, ოღონდ არა “სპარტაკის”, არამედ, “როსტოვის”.

- მიმდინარე სეზონში “ლოკომოტივის” თამაში ნახეთ?

- დიახ და ეს გუნდი მომეწონა. “ლოკომოტივს” მოთამაშეთა კარგი არჩევანი აქვს, რომლებიც ცდილობენ ყოველთვის შეუტიონ. ამ გუნდის შეტევითი პოტენციალი საკმაოდ მაღალია.

- იმ ფეხბურთელებიდან, ვის წინააღმდეგ შესაძლოა მომავალ ორშაბათს თამაში მოგიწიოთ, რომელს იცნობთ?

- რომან შიშკინს. ის “სპარტაკში” გავიცანი.

- მოსკოვში “ლოკომოტივის” დამარცხება რის ხარჯზე შეიძლება?

- პირველ ყოვლისა, დაცვაში მკაცრად და კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ. მაგალითად, ისე როგორც მახაჩყალაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა შევეცადოთ გოლი არ გავუშვათ, რაც ბოლო სამ მატჩში მოვახერხეთ. საგოლე მომენტებს კი, მეტოქის კართან აუცილებლად შევქმნით. უბრალოდ, მათი გამოყენებაა საჭირო. სხვათა შორის, სიზმარი ვნახე, რომ “ლოკომოტივს” ვეთამაშებოდით და 2:1 გავიმარჯვეთ. იქნებ, ეს სიზმარი ახდეს?!


0.121684