რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესის” ინფორმაციით, კიევის “არსენალის” ქართველი თავდამსხმელი ლაშა ჯაკობია, რომელსაც საქართველოს ეროვნულ გუნდში 14 მატჩში ჩაუტარებია (1 გოლი), დოპინგის მიღებაში ამხილეს.
29 წლის ჯაკობიამ, “არსენალის” რიგებში ბოლო ოფიციალური შეხვედრა 2009 წლის 26 სექტემბერს, უკრაინის ჩემპიონატში ზაპოროჟიეს “მეტალურგის” წინააღმდეგ ჩაატარა (1:2). მატჩის შემდეგ, ფეხბურთელს დოპინგზე A სინჯი აუღეს, რომლის მოსკოვის ანტისადოპინგო გამოკვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ-სამედიცინო კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილის, ვიაჩესლავ პოპოვის თქმით, ჯაკობიამ B სინჯზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საქართველოში ყოფნისას ღვინოს სვამდა, რომელშიც ფსიქოტროპული საშუალება მეტადონი იყო გარეული. ფეხბურთელის მტკიცებით, აღნიშნული მეთოდით, ის დიდი ოჯახური პრობლემებით გამოწვეული სტრესის მოხსნას ცდილობდა. ჯაკობიას განცხადებით, მას მოკლე პერიოდში რამდენიმე უახლოესი ნათესავი გარდაეცვალა.
ფეხბურთელის აღიარებითი ჩვენებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მან უკრიანის ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის სტრუქტურებთან, რომლებიც დოპინგის მიღების ფაქტს იძიებენ, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, კანონით დადგენილი ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მას ორჯერ შეუმცირეს და ჯაკობია თამაშს მარტში შეძლებს.
ლაშა თაბაგარი