რაგბი

22:46 | 29.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქუბრიაშვილი – პირველი ქართველი “ბარბაროსი”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” პირველხაზელი, დავით ქუბრიაშვილი ოფიციალურად გახდა პირველი ქართველი, რომელმაც “ბარბაროსების” შემადგენლობაში ითამაშა.
“ბარბაროსები” უძველესი კლუბია, რომელიც წელიწადში ორჯერ, მსოფლიოს სხვადასხვა გუნდების საუკეთესო მორაგბეებისგან კომპლექტდება და ძლიერი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს. ამჯერად, “ბარბაროსების” მეტოქე ინგლისის ნაკრები იყო და მათ, თვიქნემში, ბოლო წუთზე გატანილი ლელოს წყალობით, 38:32 იმარჯვეს.
ინგლისელებმა თავიდან 17-ქულიანი უპირატესობის მოპოვება შეძლეს, მაგრამ მათმა დაცვამ არადამაჯერებლად ითამაშა და საკუთარი გულშემატკივარი იმედგაცრუებული დატოვა. მასპინძლები 24:7-ს იგებდნენ, თუმცა, შესვენების წინ მეორე ლელო გაუშვეს და ტაიმი მხოლოდ 10 ქულით მოიგეს.
დაიწყო მე-2 ტაიმი და “ბარბაროსებმა” თექვსმეტ წუთში 2 ლელო გაიტანეს, რითაც წონასწორობა აღადგინეს, მერე კი, სულაც 31:24 დაწინაურდნენ. ინგლისმა უპირატესობა შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე დაიბრუნა, თუმცა, მხოლოდ ქულით დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, “ბარბაროსებმა” ტრადიციას არ უღალატეს, ჯარიმა კარში მაინც არ დაარტყეს და გარჯისათვის ბოლო წუთზე გადამწყვეტი ლელოთი დასაჩუქრდნენ, რასაც ზუსტი რეალიზაცია და მათი გამარჯვება მოჰყვა - 38:32.
ამ შეხვედრაში ინგლისმა 4 ლელო გაიტანა, 3 რეალიზაცია გამოიყენა და ორჯერ ჯარიმიდან იხეირა, ხოლო “ბარბაროსებმა” 6 ლელო მიითვალეს და 4 გარდასახვა ზუსტად შეასრულეს.
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.
ერთი კვირის თავზე, “ბარბაროსები” მომდევნო შეხვედრას გამართავენ და ოთხ ივნისს, უელსის გუნდს დაუპირისპირდებიან.

 

ზურა ქსოვრელი

 

Loading...
0.205435