2008-09 წლების სეზონის დასაწყისში “ბარსელონაში” გადასული დანი ალვეში კატალონიელთა უცვლელი წევრი მალევე გახდა. გვარდიოლას ქვეშევრდომობის ქვეშ ბრაზილიელ მარჯვენა მცველს მოგებული აქვს ყველა ის ტიტული, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ამჟამად ალვეში გუნდთან ერთად აბუ დაბიში იმყოფება, სადაც კიდევ ერთი, რიგით მეექვსე ტიტულის მოგებას და ფეერიული წლის მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დასრულებას ეშურება. ფიფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში ალვეში საუბრობს მიმდინარე კვირაში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ასევე 2010 წლისთვის საკლუბო და სანაკრებო მიზნებზე.
- რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მონაწილე?
- ეს ტურნირი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. აქამდე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გულშემატკივრის რანგში ვადევნებდი თვალს, ახლა კი შანსი მაქვს გავხდე მისი მონაწილე. ხოლო “ბარსელონას” შესანიშნავი შანსი აქვს ბოლოს და ბოლოს მოიგოს ეს ტურნირი. იმედი მაქვს, “ბარსა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ტიტულს მოიპოვებს.
- კატალონიური კლუბი ფავორიტი იყო 2006 წელსაც, მაგრამ ფინალში დამარცხდა. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იგივე სცენარის გამეორებას თავი აარიდოთ?
- ეს საკმაოდ მოკლე ტურნირია იმისათვის, რომ დაშვებული შეცდომები გაპატიონ. ამიტომ, გვმართებს საქმეს მაქსიმალურად პროფესიონალურად მივუდგეთ. სამი წლის წინ “ინტერნასიონალმა” “ბარსელონა” მიწაზე დააბრუნა და ამ შეცდომაზე უნდა ვისწავლოთ. ამ ტურნირის მოსაგებად საჭიროა მოწინააღმდეგეთა კარგად შესწავლა. თუ ამას არ გააკეთებ, მოულოდნელ წინააღდმეგობას წააწყდები.
- გასული წელი თქვენთვის დაუვიწყარი იყო. ძალგიძთ იგივე შედეგების გამეორება?
- რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ეცადო განვითარებას. მიმდინარე სეზონი უფრო გაგვიჭირდება, რადგან ნებისმიერი მეტოქე უკეთ ემზადება ჩვენთან შესახვედრად. გასული სეზონის წარმატებების გამეორება ძალზე ძნელი, მაგრამ ამავე დროს, ძალზე მიმზიდველი იქნება.
- ბოლო კლასიკოში “ბარსამ” “რეალის” დამარცხება მოახერხა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ფაქტი მორალურად დაგეხმარებათ?
- როდესაც ასეთ შეხვედრას იგებ, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერდები. უშუალო კონკურენტთან რაც მეტ ქულას მოიპოვებ, მით უკეთესია. ყოველთვის მჯეროდა, რომ წარმატების მისაღწევად შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაა საჭირო. სწორედ ასე მოვიქეცით იმ რთულ კვირაში, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით “ინტერთან” და “რეალთან” მოგვიწია თამაში. ორივე ამ შეხვედრის მოგება მოვახერხეთ და ამჟამად გათამაშებას ვლიდერობთ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია.
- შევეხოთ ბრაზილიის ნაკრებსაც. თვლით, რომ თქვენი გუნდი სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ფავორიტია?
- ვთვლი, რომ ბრაზილია ყოველთვის ყველა ტურნირში ფავორიტია. ეს გუნდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაფასებულია მისი ისტორიისა და მოპოვებული ტიტულების გამო. ამ ფაქტებს ექსპერტები ჩვენი შანსების შეფასებისას ზოგჯერ ივიწყებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, იოლი არ იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსედ მოგება, მაგრამ როდესაც ისეთი გუნდი გყავს, როგორც ბრაზილიას, წარმატების მიღწევის შანსი საკმაოდ დიდია.
- მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკე¬თესო მარჯვენა მცველი ხართ, ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული მაინც არ გაქვთ. ხომ არ ფიქრობთ სხვა პოზიციაზე თამაშზეც?
- ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც ყვითელი მაისურის ჩაცმის საშუალება მეძლევა. ეს დიდი პრივილეგიაა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იგივეს გაკეთების სურვილი ათასობით ფეხბურთელს აქვს. ჩემი მთავარი მიზანია ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პოზიციაზე ვითამაშებ. ძალიან ამბიციური ვარ და მსურს ყველა შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვიმყოფებოდე. თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მე კი ისღა დამრჩენია, რომ თავდაუზოგავად მუშაობა განვაგრძო.
- ბრაზილია საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა...
- მსოფლიოს ჩემპიონატზე იოლი მეტოქე არ არსებობს. ჩვენი უმთავრესი საზრუნავი ტურნირისთვის კარგად მომზადებაა და რაც მალე ჩამოვიტოვებთ გზიდან უშუალო კონკურენტებს, მით უკეთესი იქნება.
- გასულ სეზონში ერთად სამი ტიტული მოიგეთ...
- არა, ოთხი მოვიგე. არ უნდა დაგვავიწყდეს კონფედერაციის თასი!
- მართალია, ოთხი მოიგეთ. რა მიზნებს უსახავთ საკუთარ თავს მიმდინარე სეზონში?
- ჩვენ უკვე მოვიგეთ ორი სუპერთასი და ეს კარგი დასაწყისია. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება წინ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის უდიდესი მიზნები უნდა დაისახო, ჩვენი მიზანი კი მიღწეული შედეგების გაუმჯობესებაა. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა







