ფეხბურთი

17:57 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა” დააჯარიმეს, აზერბაიჯანელებმა ტონი შეარბილეს

 

უეფა-ს გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბი “ჩიხურა” 15 ათასი ევროთი დაჯარიმდა. აღნიშნულის მიზეზი თურქულ “ბურსასფორთან” ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით მატჩში ქართული გუნდის ქომაგთა და მოთამაშეთა შეუსაბამო საქციელი გახდა.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო azerisport.com ავრცელებს, რომელიც თავის მხრივ “ჩიხურას” და ბაქოს “ნეფთჩის” პირველ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტების გამოა აღშფოთებული და გასული დაპირისპირების პერიპეტიებს დიდ ადგილს უთმობს.

პირველ რიგში საჩხერელთა გოლკიპერის მაქსიმე ქვილითაიას განცხადებას გაგაცნობთ, რომელიც მან საკუთარი “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა: “ჩვენს ქომაგებს ვთხოვთ, პოლიტიკური შემადგენლობის ბანერები აღარ გადმოფინონ. განმეორებით მატჩზე უეფა-ს სპეციალური წარმომადგენელიც იქნება და თუკი მსგავსი რამ განმეორდა, უკვე მთლიანად ქართული ფეხბურთი დაისჯება. გულშემატკივრებს ვთხოვ, მეტოქე გუნდებს და მათ მხარდაჭერებს მეტი პატივისცემით მოეპყრან”.

გუშინდელი მკვახე კომენტარების შემდეგ, ტონი შეარბილა “ნეფთჩის” პრეზიდენტმა სადიხ სადიხოვმა. “ცხელ გულზე” მან ისიც კი თქვა, “ჩიხურა” საერთოდ გუნდიც არააო, ამჯერად კი, “ფირფიტა გადაატრიალა”.

“აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების მეგობრობას ვერაფერი შეარყევს. “ნეფთჩის” და “ჩიხურას” შორის ძალიან კარგი ურთიერთობებია. მათი ბაქოში ვიზიტის პირველი დღიდან დიდი პატივისცემით ვეპყრობოდით. აეროპორტში გაჩენილი პრობლემაც მოვუგვარეთ და ახლა, სტუმრებს ბაქოს ღირშესანიშნაობებსაც ვათვალიერებინებთ”.

მიუხედავად ყველაფრისა, სადიხოვის თქმით, მისი კლუბი უბრალოდ ვალდებულია, საჩხერული ბარიერის დასძლიოს.

“ჩიხურა” სერიოზული მეტოქეა, “ბურსასფორი” ხომ შემთხვევით არ გაუვლიათ. თუმცა, ისინი ბიუჯეტით საგრძნობლად ჩამოგვრჩებიან და ლეგიონერებიც არ ჰყავთ. სხვათა შორის, პირველი მატჩის წინ, როგორც მათი მწვრთნელი, ასევე ფეხბურთელები “ნეფთჩის” სიძლიერეს აღიარებდნენ.

ყველაფრის გათვალისწინებით, განმეორებითი შეხვედრის წინ კლუბის წინაშე მიზნად მხოლოდ გამარჯვება დავსახე, როგორც ეს “კოპერთან” დაპირისპირებისას გახლდათ.

რაც შეეხება ისევ და ისევ იმ ინციდენტს, სამი ადამიანის მიერ მოწყობილი პროვოკაცია ჩვენს ხალხებს შორის არსებულ მეგობრობას ჩრდილს ვერ მიაყენებს. ქართული კლუბის წარმომადგენლებმა და სტუმართა სხვა ოფოციალურმა პირებმა, აღნიშნულის გამო, მოიბოდიშეს კიდეც, ამდენად, თემა ამოწურულია”.

საშინაო ფრის მიუხედევად, “ნეფთჩის” წარმატების სჯერა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზაურ ახუნდოვსაც, რომელიც დიდი ალბათობით, თბილისში დაგეგმილ განმეორებით თამაშსაც დაესწრება.

“თუკი დრო მექნება, მომავალ შეხვედრაზე აუცილებლად წავალ და ჩვენს გუნდს იქაც გავამხნევებ. იმედი მაქვს, რომ “ნეფთჩი” წარმატებით იასპარეზებს. პირველ მატჩში “ჩიხურას” გაუმართლა. მასპინძლებს 3-4 ბურთი უნდა გაეტანათ. თბილისში რთული იქნება, თუმცა, მეტოქე დაუმარცხებელი სულაც არაა”.

სხვათა შორის, “ჩიხურას” და “ნეფთჩის” პირველ მატჩს აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერტი ფოგთსიც ესწრებოდა, თუმცა, თამაშით იმედგაცრუებული დარჩა. საწყის ნახევარში ქომაგები ტრიბუნებზე მომხდარი არეულობის ყურებით იყვნენ გართულნი, მინდორზე კი, ჯამში, საინტერესო არაფერი ყოფილაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101758