ჭიდაობა

15:19 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის ოლიმპიური პერსპექტივა – სამი ექვსიანი

2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში მედლები სავარაუდოდ ექვს-ექვს წონით კატეგორიაში გათამაშდება. ამის შესახებ ოფიციალურად ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ საჭიდაო წრეებში უკვე დიდი ხანია აქტიურად მსჯელობენ. თემა აქტუალური ბოლო დღეებში გახდა, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჭიდაობა ოლიმპიურ პროგრამაში დააბრუნა – ბუენოს აირესში გამართულ სესიაზე 2020 წლის ოლიმპიადის კანდიდატ სამ სახეობას: ჭიდაობას, ბეისბოლ-სოფთბოლსა და სქვოშს უყარეს კენჭი და ხმის უფლების დელეგატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ჭიდაობა გამოვიდა.

სოკ-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა კი მოჭიდავეების მისალოც განცხადებაში ბოლო თვეებში განხორციელებული რამდენიმე სასარგებლო ცვლილება ახსენა და ფილას სურვილიც მოიწონა, ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ჭიდაობის მასშტაბის გაზრდის შესახებ. ცნობისთვის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე აქამდე თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში შვიდ-შვიდ წონაში თამაშდებოდა მედლები. მამაკაცებში ოლიმპიურ თამაშებზეც შვიდი წონითი კატეგორია ჭიდაობდა. ქალებს კი რატომღაც, მხოლოდ ოთხ წონას ეძლეოდათ შანსი.

დიდი ალბათობით, მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ჭიდაობაში სულ მედლების თვრამეტი კომპლექტი გათამაშდება – ექვს-ექვსი თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში.

ამ თემას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ-გვერდიც გამოეხმაურა:

“დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის ფილა აპირებს ქალთა ჭიდაობას დაუმატოს ორი წონითი კატეგორია, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან თითო წონის ამოღების ხარჯზე. შესაბამისად, სამივე სახეობაში იქნება ექვსი წონითი კატეგორია” – ვკითხულობთ ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე. იქვე, სამივე სტილის შესაძლო ახალი წონებიცაა გამოქვეყნებული.

 

თავისუფალი ჭიდაობა

55 კგ, 65 კგ, 75 კგ, 85 კგ, 95 კგ, 125 კგ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

57 კგ, 67 კგ, 77 კგ, 87 კგ, 97 კგ, 130 კგ

ქალთა ჭიდაობა

48 კგ, 52 კგ, 56 კგ, 61 კგ, 66 კგ, 72 კგ

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116092