ფეხბურთი

4:39 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგას ესპანეთი უმასპინძლებს

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების პირველი თამაშების ყველაზე საინტერესო ნაწილი უკან მოვიტოვეთ. დღეს, ფეხბურთის ევროპელი გულშემატკივრის ყურადღება ესპანეთისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც კონტინენტის უმთავრესი საკლუბო ტურნირის 2 თამაში გაიმართება. მადრიდში, “რეალი” “გალათასარაის” უმასპინძლებს, ხოლო მალაგაში, ადგილობრივი გუნდი წყვილის ფავორიტ “დორტმუნდს” დაუხვდება.

 

რეალი-გალათასარაი

1/4-ფინალების წილისყრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ყველაზე მეტად გამოკვეთილი ფავორიტი ამ წყვილს ეყოლებოდა. “გალათასარაი” ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლქეტებული გუნდია, რომელსაც სათავეში გამოცდილი სპეციალისტი უდგას, მაგრამ დღევანდელი “რეალი” სხვა დონის გუნდია. არცთუ დიდი ხნის წინათ, “ბარსელონასთან” და “მანჩესტერთან” დაფიქსირებულმა შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მოგების უმთავრეს ფავორიტთა შორის აუცილებლად უნდა შევიყვანოთ.

მიუხედავად იმისა, რომ “რეალი” წყვილისა და განსაკუთრებით დღევანდელი შეხვედრის გამორჩეული ფავორიტია, გასაკვირი ნამდივლად არ იქნება, თუ “გალათასარაი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გოლის გატანას მოახერხებს. თურქული კლუბის მთავარი კოზირი სწორედ შეტევაა. უესლი სნეიდერის, დიდიე დროგბასა და ბურაქ ილმაზის შემადგენლობით დაკომპლექტებულ შეტევის ხაზს იმ გუნდისთვის პრობლემების შემქნა ნამდვილად შეუძლია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე კარი მშრალად უკვე 1 წელია არ შეუნახავს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მიმდინარე სეზონში, “რეალმა” გოლი ბოლო 7 თამაშში გაუშვა. მადრიდელთა ახალ მეკარეს, დიეგო ლოპესს, 12 თამაშში, კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ აქვს შენახული.

ლა ლიგის გასულ ტურში, “რეალმა” “სარაგოსასთან” ქულები დაკარგა, რის შედეგადაც, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, მადრიდელთა 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. მიუხედავად ამისა, ჟოზე მოურინიოს შეგირდებისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან ქულები ლა ლიგის პირველ და მე-3 ადგილზე მყოფმა გუნდებმაც დაკარგეს და “სამეფო კლუბმა” მე-2 პოზიცია შეინარჩუნა.

თურქეთის ჩემპიონატის ბოლო 2 თამაშის მოგებით, ლიდერობა და 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა “გალათასარაიმ”.

გუნდები ერთმანეთს აქამდე 3-ჯერ შეხვედრიან. 2000 წელს, უეფას სუპერთასზე, “გალათასარაიმ” “რეალი”, დამატებითი ტაიმების წყალობით, 2:1 დაამარცხა. მადრიდელებმა რევანში იმავე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში აიღეს. თურქეთში 2:3 წაგების შემდეგ, “რეალმა” საკუთარ კედლებში 3:0 მოიგო.

თურქულ გუნდებთან ჩატარებულ 5 თამაშში “რეალს” ორ-ორი მოგება და მარცხი, ასევე 1 ფრე დაუგროვდა. საკუთარ კედლებში, მადრიდელებმა ორივე მატჩი მოიგეს.

“გალათასარაი” ესპანეთის წარმომადგენლებს 25-ჯერ შეხვედრია. თურქებს 7 მოგება, 6 ფრე და 12 მარცხი აქვთ. ესპანეთში, “გალათასარაიმ” მხოლოდ ერთხელ მოიგო, 4-ჯერ თამაში ფრედ დაასრულა და 7-ჯერ წააგო.

მასპინძლები სტუმრებს იკერ კასილიასის გარეშე დაუხვდებიან. ჟოზე მოურინიომ გუნდის კაპიტანი 19-კაციან განაცხადშიც კი არ შეიყვანა. სრულად გამოჯანმრთელდნენ ფაბიუ კოენტრაუ და რაფაელ ვარანი. ლა ლიგაში დასვენების შემდეგ, ძირითად შემადგენლობას უბრუნდებიან ჩაბი ალონსო, ხედირა, იოზილი და დი მარია. გავრცელეუბლი ინფორმაციით, მოურინიო იმავე სასტარტო შემადგენლობას აირჩევს, რომელსაც ნდობა მან მანჩესტერში გამართულ შეხვედრაში გამოუცხადა.

“გალათასარაის” ტომას უიფალუში ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა კი მოირჩინა, მაგრამ ის საჩემპიონთალიგო განაცხადში შეყვანილი არაა.

საინტერესო ფაქტები

  • ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში, “რეალს” 37-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, მადრიდში ჩატარებული 16 თამაშიდან “რეალმა” 13 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო;
  • “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული ბოლო 33 საჩემპიონთალიგო თამაშიდან “რეალმა” გოლი 32-ში გაიტანა;
  • “რეალი” ჩემპიონთა თასის/ლიგის მეოთხედფინალში 30-ედ ითამაშებს, რაც რეკორდია. წინა 29 მცდელობიდან, მადრიდელები მომდევნო ეტაპზე 23-ჯერ გავიდნენ;
  • ჟოზე მოურინიომ გუნდი 1/4-ფინალამდე მეშვიდედ გაიყვანა. წინა 6 შემთხვევაში, პორტუგალიელი შემდეგ ეტაპზე გასვლას ახერხებდა;
  • მიმდინარე გათამაშებაში, ყველაზე მეტი, 176 დარტყმა “რეალის” ფეხბურთელებმა განახორციელეს. “გალათასარაი” მარიდელებს 60 დარტყმით ჩამორჩება;
  • გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან, “რეალს” ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული. 8 თამაშში, მადრიდელთა კარი მეტოქეებმა 11-ჯერ აიღეს;
  • “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე, კარის მშრალად შენახვა უკანასკნელად გასული გათამაშების 1/4-ფინალის პირველ მატჩში, აპოელ-ის წინააღმდეგ შეძლო;
  • ჟოზე მოურინიოს ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული. მისი გუნდი, ორივე შემთხვევაში, ფლეი ოფის ყველაზე ეტაპზე, პირველ მატჩს საკუთარ კედლებში ატარებდა. ჯერჯერობით, ასე ხდება მიმდინარე სეზონშიც;
  • 8 თამაშში, “რეალმა” 18 გოლი გაიტანა, რაც “ბაიერნის” შედეგთან ერათად საუკეთესო მაჩვენებელია;
  • მიმდინარე გათამაშებაში, კრიშტიანუ რონალდუმ კარში 58-ჯერ დაარტყა, რაც მე-2 ადგილზე მყოფი მესის შედეგს 20 დარტყმით აღემატება;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 15 თამაშში რონალდუმ 17 გოლი გაიტანა;
  • “რეალის” მაისურით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულ 93 თამაშში, რონალდუმ თავი 105-ჯერ გამოიჩინა;
  • “რეალი” ყველაზე სახიფათო თამაშის ბოლოსაა. 76-დან 90-ე წუთამდე, მადრიდეელბმა 7 გოლი გაიტანეს;
  • დღეს, ერთმანეთის პირისპირ, მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირები წარსდგებიან. კრიშტიანუ რონალდუსა და ბურაქ ილმაზს 8-8 გოლი აქვთ გატანილი;
  • “გალათასარაის” შემტევი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი “რეალში” 2007-09 წლებში თამაშობდა. მადრიდელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 66 თამაშში მან 11 გოლი გაიტანა;
  • გასულ სეზონში, ჰამით ალთინთოფი “რეალის” მაისურით თამაშობდა. მადრიდული გუნდის შემადგენლობაში მან 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა;
  • ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 18 გასვლითი თამაშიდან “გალათასარაიმ” 10 მოიგო და მხოლოდ 2 წააგო. თურქებმა, უკანასკნელი 3 თამაშის მოგება მოახერხეს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, “გალათასარაის” 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “გალათასარაი” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 2000-01 წლების სეზონის შემდეგ პირველად თამაშობს. 12 წლის წინათ, თურქები გათამაშებას სწორედ “რეალმა” გამოთიშა;
  • გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან, “გალათასარაის” ყველაზე ცოტა, 11 გოლი აქვს გატანილი;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “გალათასარაის” ფეხბურთელებმა ძელს ბურთი ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ მოარტყეს. ამ მხრივ, ყველაზე უიღბლო “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი ჰამით ალთინთოფია, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი ძელს 3-ჯერ მოხვდა;
  • ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე “გალათასარაის” 199 გოლი აქვს გაშვებული.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): ლოპესი, არბელოა, ვარანი, რამოსი, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო, დი მარია, იოზილი, რონალდუ, იგუაინი.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, ებუე, სემიჰი, ნუნკო, რიერა, ალთინთოფი, მელო, შელჩუქი, სნეიდერი, დროგბა, ბ. ილმაზი.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

 

მალაგა-დორტმუნდი

წყვილის ფავორიტი “დორტმუნდია”. გერმანიის ჯერ კიდევ ჩემპიონს არა მხოლოდ უკეთესი შემადგენლობა აძლევს უპირატესობას, არამედ განმეორებითი თამაშის საკუთარ კედლებში ჩატარებაც. “ვეშტფალენშტადიონი” ყოველთვის სავსეა და ადგილობრივი პუბლიკა საყვარელ გუნდს მხარს გულმხურვალედ უჭერს. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა გარემო იქნება ტრიბუნებზე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის დროს. აქედან გამომდინარე, “მალაგას”, დღეს, რაც შეიძლება ხელსაყრელი ანგარიშით მოგება მართებს.

შიდა ასპარეზზე, საქმეები კარგად აცერთ გუნდს არ მისდის. “მალაგა”, რომელმაც ლა ლიგის ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა, ხოლო “დორტმუნდში” ჩემპიონობის შენარჩუნების აღარავის სჯერა.

“მალაგა” გერმანულ გუნდს პირველად დაუპირისპირდება. “დორტმუნდს” ესპანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის 18-მატჩიანი ისტორია აქვს. გერმანელებმა 5-ჯერ მოიგეს, 6-ჯერ ფრედ ითამაშეს და 7-ჯერ წააგეს. სტუმრის სტატუსით ჩატარებულ 8 თამაშში, დორტმუნდელებს 1 მოგება, 3 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდა.

“მალაგა” “დორტმუნდს” ტრავმირებული ელიზეუს გარეშე დაუხვდება. ანდალუსიას სერიოზული დანაკლისით ეწვევა გერმანული გუნდი, რომელსაც მატს ჰუმელსი ვერ დაეხმარება.

საინტერესო ფაქტები

  • “მალაგა” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობს. უკანასკნელად, დებიუტანტის სტატუსით მოთამაშე ესპანურმა გუნდმა ამ ტურნირის 1/2-ფინალში 2006 წელს გააღწია. მაშინ, “ვილიარეალს” “მალაგას” დღევანდელი დამრიგებელი მანუელ პელეგრინი წვრთნიდა;
  • “მალაგას” ევროტურნირის მატჩი საკუთარ კედლებში არასდროს წაუგია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 5 თამაშიდან “მალაგამ” მხოლოდ 1 მოიგო;
  • “მალაგა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში, პირველ ტაიმში გოლი ჯერ არ გაუშვია;
  • “მალაგას” ფეხბურთელების პასების სიზუსტე 65%-ია, რაც 1/4-ფინალისტთა შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია;
  • მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე ცოტა, 34 კუთხური “მალაგამ” მოაწოდა;
  • 2013 წელს ჩატარებული 17 თამაშიდან “მალაგამ” მხოლოდ 6 მოიგო;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “დორტმუნდს” წაგება არ აქვს;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “დორტმუნდი” გოლის გატანას ყოველ მატჩში ახერხებდა;
  • რობერტ ლევანდოვსკიმ გოლის გატანა ბუნდესლიგის ბოლო 9 თამაშში მოახერხა;
  • ჩატარებულ 8 თამაშში, “დორტმუნდის” ფეხბურთელებმა მხოლოდ 6 ყვითელი ბარათი მიიღეს;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “დორტმუნდის” ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 44% არის. ეს დარჩენილ 8 გუნდს შორის ყველაზე ცუდი შედეგია. მე-7 ადგილზე, 46%-ით, “მალაგაა”;
  • “დორტმუნდს”, ევროტურნირებზე, 199 გოლი აქვს გაშვებული.

სავარაუდო შემადგენლობები

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო, გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნიესი, ტულალანი, იტურა, ხოაკინი, ბაპტიშტა, ისკო, სავიოლა.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, სანტანა, შმელცერი, გიუნდოგანი, ბენდერი, კუბა, გიოტცე, როისი, ლევანდოვსკი.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

 

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122391