ჭადრაკი

21:14 | 16.05.2013 | ნანახია 1309 - ჯერ

ბელა ხოტენაშვილი - დედა, დიდოსტატი და მომავალი დოქტორი

 ქალთა შორის საჭადრაკო გრან-პრის სერიის პირველი ტურნირი, რომელსაც შვეიცარიის ქალაქი ჟენევა მასპინძლობდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, საერთაშორისო დიდოსტატ ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა. რადგან ხოტენაშვილი ამ რანგის ტურნირზე პირველად მონაწილეობდა და რეიტინგით მერვე ნომრად იყო განთესილი, მისგან ასეთ წარმატებას არავინ ელოდა. საბოლოოდ, ბელამ ყველაზე მეტი, 7 პარტია მოიგო, ორი ყაიმით დაასრულა, ამდენივე წააგო, 11 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ ანა მუზიჩუკს (სლოვენია) ნახევარი ქულით გაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა. ამ წარმატებისთვის, ქართველმა მანდილოსანმა 10 000 ევრო და 160 ქულა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60000 ევროა გამოყოფილი, რომელიც ეტაპის თორმეტივე წევრზე ნაწილდება დაკავებული ადგილების მიხედვით.

გრან პრის მონაწილე თითოეული სპორტსმენი 6-დან 4 ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 4-დან, 3 საუკეთესო შედეგი დაითვლება და პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე, 2015 წელს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის ბრძოლაში შეხვდება.

“მსოფლიო სპორტი” ბელა ხოტენაშვილს ესაუბრა.

-    თუ გავითვალისწინებთ, რომ ჟენევის ტურნირზე მერვე ნომრად იყავით განთესილი, ელოდით ასეთ წარმატებას?

-    მართალია, პირველ ხუთეულში მოხვედრა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ პირველ ადგილზე გასვლას ნამდვილად არ ველოდი.

-    თქვენს მიერ ჩატარებული პარტიებიდან რომელს გამოარჩევდით?

-    ყველაზე კარგად ვიქტორია ჩმილიტესა (ლიტვა) და კატერინა ლაჰნოს (უკრაინა) წინააღმდეგ მოგებულ პარტიებში ვითამაშე.

უკმაყოფილო ვარ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ჰოუ იფანთან (ჩინეთი) თამაშით. დებიუტშივე მივიღე ცუდი პოზიცია, თამაშის შემობრუნება ვეღარ მოვახერხე და დავმარცხდი. შეიძლება ითქვას, რომ ამ პარტიაში ჩემი წაგება ჩემმა ცუდმა თამაშმა განაპირობა და არა იფანის კარგმა თამაშმა.

-    როდის იგრძენით, რომ ტურნირის მოგება შეგეძლოთ?

-    მე-9 ტურში ოლგა გირიასთან (რუსეთი) შავებით მოგებული პარტიის შემდეგ ვიგრძენი, რომ ტურნირის მოგება შემეძლო.

-    თქვენს პირად მწვრთნელ, საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას შესახებ რას გვეტყვით?

-    დათოს შესახებ კარგის მეტი არაფერი მეთქმის, ის გვერდში მედგა როგორც მწვრთნელი და ჩემს მიერ მიღწეულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

-    გრან პრის რიგით მეორე ტურნირს, 15-29 ივნისს სომხეთის ქალაქი დილიჟანი უმასპინძლებს, სადაც თქვენც უნდა ითამაშოთ. ჯოჯუა დილიჟანშიც დაგეხმარებათ?

-    დათოს საქართველოს ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატში უწევს თამაში, აღნიშნულიდან გამომდინარე, გრან პრის მე-2 ტურნირისთვის მზადებაში საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ზურაბ სტურუა დამეხმარება.

-    ჟენევის საერთაშორისო ტურნირის მოგების შემდეგ, თქვენ გრან-პრის ერთ-ერთი ფავორიტი გახდით. დილიჟანში ვის თვლით თქვენს ძირითად კონკურენტებად?

-    სომხეთში ჩემს უშუალო კონკურენტებად ჰამპი კონერუს (ინდოეთი), ანა მუზიჩუკს (სლოვენია) და ეროვნულ ნაკრებში ჩემს თანაგუნდელ ნანა ძაგნიძეს ვთვლი.

-    თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ...

-    ვარ საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი 16 წლამდელთა შორის, მოგებული მაქვს მაია ჩიბურდანიძის თასი, ვარ გუნდურში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

მყავს მეუღლე, ყოფილი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი მალხაზ სულაშვილი, გოგონა მარიამი. ვსწავლობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

-    თქვენი მეუღლე ჭადრაკს აღარ თამაშობს?

-    მახომ ჭადრაკს თავი დაანება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს.

-    ვის უძღვნით ჟენევის ტურნირის მოგებას?

-    პირველ რიგში, ჩემს ოჯახს და შემდეგ მთელ საქართველოს.


Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:30 | 17.05.2013
mikamika (1447)

ბელა, გილოცავ! ძალიან კარგი გოგო ხარ. მადლობა, რომ საქართველოს ასახელებ და წარმატებებს გისურვებ მომავალში, რომ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიო და მეტი აღიარება მოუტანო ჩვენს ქვეყანას!

11:32 | 17.05.2013
mikamika (1447)

ნანა ძაგნიძეზე მინდა ვთქვა, რომ ეგეც ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ამ ბოლო დროს ობივატელის გადასახედიდან ისე ჩანს, რომ რაღაცას აკლებს თუ ბოლომდე არ იხარჯება თუ რაღაც ამდაგვარი. ფაქტია, რომ ძველებურად კონკურენტუნარიანი ვერაა და ამაზე ძალიან მწყდება გული. მასაც წარმატებებს და ძველი თამაშის დაბრუნებას ვუსურვებ.

22:40 | 16.05.2013
Kala94 (6114)

გილოცავ კიდევ ერთხელ !

22:33 | 16.05.2013
zviadi-shxefi (3279)

გილოცავ და დაგებრუნებინოს ქართველი ქალებისთვის მსოფლიო საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი!

22:18 | 16.05.2013
deme116 (1520)

მსოფლიო ჩემპონობა მოგველოცოს მალე...იმედია ქართულ ჭადრაკს ისევ იმ დიდების მწვერვალზე აიყვან

22:07 | 16.05.2013
besik (497)

ბელა, გილოცავ ამ წარმატებას. კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს ქართველი გულშემატკივარი.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.143777