ფეხბურთი

3:25 | 13.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” გაცოცხლდა და 1/4-ფინალში გავიდა

 

“კამპ ნოუზე” შეკრებილმა თითქმის 100 ათასმა გულშემატკივარმა მკვდრეთით აღმდგარი “ბარსელონა” იხილა, რომელმაც “მილანს” 4:0 უპასუხო გოლი გაუტანა. იტალიური გრანდის განადგურებით, “ბარსამ” ლიგის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა და კატალონიელები ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ესპანურმა გუნდმა თითქმის იდეალური თამაში ჩაატარა იტალიური ბარიერი დამსახურებულად დაძლია.

თამაშის წინ გამოთქმული არაერთი საწინააღმდეგო მოსაზრების მიუხედავად, ტიტო ვილანოვამ, რომელიც გუნდს ამერიკიდან ხელმძღვანელობს, გუნდის ტაქტიკა არ შეცვალა. ცვლილებები იყო შემადგენლობაში. მცირე ტრავმის მქონე პუიოლის ნაცვლად თამაში მასკერანომ დაიწყო, ხოლო ფორმიდან ამოვარდნილი ფაბრეგასი დავიდ ვილიამ შეცვალა.

ცვლილებები იყო “მილანის” შემადგენლობაშიც. მუნტარი ფლამინიმ შეცვალა, ხოლო ტრავმირებული პაცინი ახალგაზრდა ნიანგმა. შესაძლოა, ეს ბოლო ცვლილება ალეგრისთვის საბედისწეროც იყო.

მოლოდინისამებრ, თამაში “ბარსას” აქტიურობით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ “მილანი” აქცენტს დაცვაზე აკეთებდა, კატალონიელები მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს თავისუფალი სივრცეების გამოძებნას მაინც ახერხებდნენ, რამაც შედეგი უკვე მე-5 წუთზე მოიტანა.

თამაში 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც “მილანის” საჯარიმოს წინა ხაზთან მდგომმა მესიმ ჩავის უპასა და კაპიტნისგან ბურთი დაუყოვნებლივ დაიბრუნა, რასაც 18 მეტრიდან, 5 მეტოქის გარემოცვაში მყოფი არგენტინელის ზუსტი დარტყმა და ანგარიშის გახსნა მოჰყვა.

ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსას” პირველ 5 წუთში გოლი აქამდე 29 თამაშში ჰქონდა გატანილი და აქედან 27 შემთხვევაში, კატალონიელები მეტოქის დამწუხრებას კიდევ მინიმუმ ერთხელ ახერხებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში, “ბარსა” 1:2 მარცხდებოდა, ბუნებრივია, კატალონიელებმა შეტევები განაგრძეს და მალევე, სტუმართა კართან მორიგი, კიდევ უფრო სახიფათო მომენტი შეიქმნა. ინიესტას შორეული დარტყმა აბიატიმ მოიგერია, რის შემდეგაც ბურთი “მილანის” ხარიხასაც მოხვდა. დამატებაზე მესი თამაშობდა, მაგრამ ახლო მანძილიდან არგენტინელმა თავით არაზუსტად დაარტყა.

პირველ ტაიმში, “მილანი” ფონს გასვლას კონტრშეტევებით ცდილობდა და სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო იერიშის განხორციელება მოახერხეს. მათგან ყველაზე მეტად აღსანიშნავი 38-ე წუთზე, მ’ბაიე ნიანგის შანსია. “ბარსელონას” მცველების მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ, 18 წლის თავდამსხმელი ვალდესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. არადა, ამ გოლს “მილანისთვის” დიდი უპირატესობის მოტანა შეეძლო.

დიდი ალბათობით, ნიანგის მომენტი თამაშზე გავლენას მაინც მოახდენდა, რადგან “ბარსა” უფრო ფრთხილად ათამაშდებოდა, მაგრამ ორ წუთში, კატალონიელებს დამშვიდების საბაბი მიეცათ.

მე-40 წუთზე, მოედნის ცენტრთან ახლოს, 2 მილანელს შორის მყოფმა ინიესტამ ბურთი მოიპოვა და ის დაუყოვნებლივ მესის მიაწოდა, ხოლო არგენტინელმა საჯარიმოს ხაზიდან მორიგი დარტყმით აბიატის უკვე ახლო კუთხეში გაუტანა. “ბარსას” მე-10 ნომერმა, რომელიც ბოლო თვების განმავლობაში, თავს ძირითადად მოედანზე სიარულით იქცევდა, 40 წუთში განხორციელებული 2 დარტყმით, ზედიზედ მე-5 “ოქროს ბურთზე” განაცხადი უკვე მარტში გააკეთა.

2:0 ის ანგარიში არ იყო, რომელსაც “ბარსელონა” შემდეგ ეტაპზე გაჰყავდა, მაგრამ კატალონიელებს დამშვიდების საშუალება ჰქონდათ.

მე-2 ტაიმი “მილანის” აქტიურობით დაიწყო, მაგრამ თამაშის განახლებიდან 10 წუთში დაშვებულმა პატარა შეცდომამ ორრაუნდიანი დაპირისპირების სასწორი “ბარსელონასკენ” გადახარა.

55-ე წუთზე, “ბარსას” შეტევის დროს, საპატამ ბურთი მოიგერია და როდესაც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ “მილანი” კონტრშეტევაზე გადადიოდა, სტუმართა შემტევს მასკერანომ დაასწრო და ბურთი ინიესტას მიაწოდა. “ბარსას” მე-8 ნომერმა ჩავი მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელმა ვილია. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ კონტრშეტევაზე წასულმა “მილანელებმა” სათანადოდ გადაწყობა ვერ მოასწრეს, ჩავის გადაცემის შემდეგ კონსტანტის ვარდნაც უშედეგო აღმოჩნდა და ვილიამ, რომელიც მანამდე შეუმჩნეველი იყო, მარცხენა ფეხით მოჭრილი დარტყმით, ანგარიში 3:0 გახადა.

ამ ანგარიშს “ბარსა” უკვე შემდეგ ეტაპზე გაჰყავდა, მაგრამ მოიპოვეს რა დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა, კატალონიელებმა თამაში არ დააწყნარეს. მომდევნო წუთებში, მასპინძლებმა სტუმრები საკუთარ საჯარიმოსთან მიამწყვდიეს, მაგრამ ამან შედეგი ვერ მოიტანა და თამაში დაწყნარდა.

შეხვედრის ბოლო წუთებში ბურთს “მილანი” აკონტროლებდა, რაც კატალონიელთათვის კარგი არ იყო იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სეზონში, ყოველთვის სახიფათოა სიტუაცია, როდესაც “ბარსა” თავს იცავს. თუმცა, “მილანმა” ამით ვერ ისარგებლა და “ბარსას” ჩემპიონთა ლიგის 1994 წლის ფინალისთვის მცირე რევანშის აღების საშუალება მისცა. მცირე იმიტომ, რომ 19 წლის წინათ, “მილანმა” მეტოქის კარში 4 უპასუხო ბურთის გატანა ფინალში მოახერხა, ახლა კი, ჯერ მხოლოდ 1/8-ფინალია.

მიმდინარეობდა მსაჯის მიერ დამატებული პირველი წუთი, როდესაც მოედნის ცენტრთან ახლოს, მასპინძლები დაჯარიმდნენ. “მილანმა” ჯარიმა მოუმზადებლად გაათამაშა, რითიც “ბარსელონამ” ისარგებლა და კონტრშეტევა წამოიწყო. მოედნის ცენტრიდან მესის გადაცემის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე ბურთით აღმოჩენილმა სანჩესმა, საპირისპირო მხარეს მყოფ ალბას ერთი შეხებით უპასა და შეტევაში ჩართული მარცხენა მცველი აბიატისთან პირისპირ გავიდა, რასაც ზუსტი დარტყმა და “მილანის” განადგურება მოჰყვა.

პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა ხელიდან გაუშვა “შალკემაც”. გელზენკირხენელებს “გალათასარაისთან” ნებისმიერი ანგარიშით მოგება და უგოლო ფრეც აძლევდათ და მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა ანგარიშის გახსნაც მოახერხეს, 1/4-ფინალში მაინც თურქები გავიდნენ.

პირველი გოლი მე-17 წუთზე გავიდა. მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს და სტუმართა საჯარიმოში არსებული არეულობით ნოიშტადტერმა ისარგებლა.

“გალათასარაიმ” 20 წუთში, ეფექტური გოლით გაათანაბრა. ინანის გადაცემის შემდეგ, დაახლოებით 25 მეტრიდან, ჰამით ალთინთოფმა თავისი ყოფილი გუნდის კარში ბურთი ისეთი ტრაექტორიით გაგზავნა, რომ ჰილდებრანდის ნახტომი უშედეგო გამოდგა. ცნობისთვის, ეს იყო “გალათასარაის” მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი პირველი გოლი, რომლის ავტორიც გვარად ილმაზი არაა.

თურქული კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა, ბურაქ ილმაზმა თავისი გოლი მალევე გაიტანა. სტუმრების კონტრშეტევის დროს, მან ჰიოვედესს სპრინტერული და ფიზიკური ბრძოლა მოუგო, ხოლო ჰილდებრანდს დასწრებაზე აჯობა.

ეს ნიშნავდა, რომ “შალკეს” აუცილებლად მოგება სჭირებოდა და მასპინძლები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი 63-ე წუთზე მოიტანა. უჩიდას გადაცემის შემდეგ, თითქმის ცარიელი კარის წინ დარჩენილმა ბასტოსმა ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო წუთებზე, შეტევაში გართულ “შალკეს” მეტოქის კონტრიერიში გამოეპარა, რასაც შეცვლაზე შესული ბულუთის მეკარესთან პირისპირ გასვლა და იმ გოლის გატანა მოჰყვა, რომლის შემდეგაც გერმანელებს შანსი აღარ რჩებოდათ.

 

ბოლოს კი, შემოგთავაზებთ იმ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც სამშაბათის შეხვედრებში დაფიქსირდა:

  • პირველი თამაშის ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ, “ბარსამ”, ევროტურნირის ფლეი ოფი მეექვსედ მოიგო;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, “მილანს” ყველაზე დიდი სხვაობით 0:4 წაუგია. “ბარსელონამდე”, იგივეს გაკეთება “დეპორტივომ” და “მანჩესტერმა” მოახერხეს;
  • ლიონელ მესის მე-2 ბურთი რიგით მე-100 გამოდგა, რომელიც “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გაიტანა. არცერთ სხვა გუნდს ასეთი შედეგი არ აქვს;
  • ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგაზე, მე-16 დუბლი გაიფორმა და პირველი ადგილი გაიმყარა. მე-2 პოზიციაზე, 14 დუბლით, რაულია;
  • ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 57-ე და 58-ე გოლები გაიტანა. მან რუდ ვან ნისტელროის გადაასწრო და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე ერთპიროვნულად გადაინაცვლა;
  • მესის იტალიური გუნდების კარში 5 გოლი დაუგროვდა და ხუთივე შემთხვევაში, მან “მილანის” კარი აიღო. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე, “როსონერის” კარი მეტჯერ აუღია, უეინ რუნია. ინგლისელის ანგარიშზე 6 გოლია;
  • ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე 127-ე თამაში ჩაატარა და ის თანამემამულე იკერ კასილიასს გაუთანაბრდა. ესპანელებზე მეტი მატჩი მხოლოდ რაიან გიგზსა (133) და რაულ გონსალესს (142) აქვთ;
  • ჰამით ალთინთოფი და მიშელ ბასტოსი ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლები “შალკეს” მაისურითაც გაუტანიათ და ამ გუნდის კარშიც;
  • ბურაქ ილმაზმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 6 თამაშში გაიტანა და მარუან შამახის რეკორდი გაიმეორა;
  • რომან ნოიშტადტერი მე-100 გერმანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა მოახერხა. ქვეყნებს შორის, უკეთესი შედეგი ბრაზილიას (164 ფეხბურთელი), საფრანგეთსა (148) და ესპანეთს (104) აქვთ.

 

ბარსელონა-მილანი 4:0 (2:0)

ბარსელონა, “კამპ ნოუ” 94944

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო (პუიოლი 77), ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო (ადრიანო 83), მესი, ვილია (სანჩესი 75).

მწვრთნელი: ხორდი როურა.

მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, მექსე, საპატა, კონსტანტი, მონტოლივო, ამბროზინი (რობინიო 60), ფლამინი (ბოიანი 75), ნიანგი (მუნტარი 60), ბოატენგი, ელ შაარავი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 1:0 მესი (5), 2:0 მესი (40), 3:0 ვილია (55), 4:0 ალბა (90+1).

გაფრთხილებები: პედრო 41 – ბოატენგი 22, ფლამინი 45, მექსე 54.

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 11 (6)-6 (3), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-5, სეივი: 2-2, ჯარიმა: 6-19.

 

შალკე-გალათასარაი 2:3 (1:2)

გელზენკირხენი, “ფელტინს არენა” 54142

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი, ჰოგერი (მაიერი 85), ნოიშტადტერი (ფუხსი 46), ფარფანი, დრაქსლერი, ბასტოსი, პუკი (ობასი 85).

მწვრთნელი: იენს კელერი.

გალათასარაი (4-1-3-2): მუსლერა, ებუე, კაია (ზანი 79), ნუნკო, რიერა, მელო, ალთინთოფი, სნეიდერი (ამრაბატი 70), ინანი, დროგბა, ბ. ილმაზი (ბულუთი 86).

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.

გოლები: 1:0 ნოიშტადტერი (17), 1:1 ალთინთოფი (37), 1:2 ბ. ილმაზი (42), 2:2 ბასტოსი (63), 2:3 ბულუთი (90+4).

გაფრთხილებები: ჰოგერი 14, კოლასინაცი 90+3 – დროგბა 85.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 17 (12)-12 (7), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 0-3, სეივი: 4-9, ჯარიმა: 19-12.

0.319251