სხვა

18:02 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ნანძინში გამგზავრებამდე ფიცი დადეს

ჩინეთის ქალაქ ნანძინში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე სამი დღით ადრე საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს შეხვდა. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა დამსწრეთ სპორტსმენები წარუდგინეს. შეგახსენებთ, ახალგაზრდების მეორე ოლიმპიური თამაშები 16-28 აგვისტოს გაიმართება და მასში 12 ქართველი სპორტსმენი ჩაერთვება, სპორტის 7 სახეობაში.

ყველაზე მეტი წარმომადგენელი ქართულ გუნდს მძლეოსნობაში ეყოლება: მარიამ ძაგნიძე, გოგა მაღლაკელიძე, გიორგი მუჯარიძე და გიორგი ონიანი. ძიუდოსა და თავისუფალ ჭიდაობაში საქმეში ორ-ორი ახალგაზრდა ჩაერთვება – ძიუდოში მარიამ ჯანაშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი, თავისუფალ ჭიდაობაში - მექი სიმონია და ივერიკო ჯულაყიძე. სხვა სახეობებში კი გიორგი ხარაბაძე (კრივი), ნიკა შენგელია (ფარიკაობა), აკაკი ვაშაკიძე (ცურვა) და თეონა ჯანღავა (ბატუტზე ხტომა) გამოვლენ.

“პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოთხი წლის წინ, სინგაპურში გაიმართა და საქართველომ ერთადერთი ბრინჯაო მოიპოვა. მაშინ საქმეში 5 ქართველი სპორტსმენი ჩაერთო. ამჯერად კი 12 მონაწილე გვყავს და იმედია ეს შედეგიანობაზეც აისახება. ამ ახალგაზრდებმა ურთულეში შესარჩევი ციკლი გაიარეს და მათგან ნანძინშიც მედლებს ველით. მინდა აქედანვე დაგპირდეთ, რომ ოლიმპიადის ჩემპიონ-პრიზიორებს წარმატებას სახელმწიფო ფინანსურად დაუფასებს. ასე რომ, ჯერ მედლები, შემდეგ კი ფულადი პრემიები” – განაცხადა ლერი ხაბელოვმა და განსაკუთრებული ყურადღება მძლეოსნების წარმატებაზე გაამახვილა, საერთო რაოდენობის მესამედი სწორედ მძლეოსნები არიან, რაც ძალიან გასახარიაო.

მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა კი ამ პროგრესში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაასახელა და ხაბელოვს მუდმივად მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა, თან რაოდენობრივ ზრდასთან ერთად შედეგიანობის გაზრდასაც დაჰპირდა. ოლიმპიურ დელეგაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემაც მიმართა და ახალგაზრდებს უმაღლესი სინჯის მედლები უსურვა.

ჩამოთვლილი სპორტსმენების გარდა ჩინეთში ორი ქართველი უშუისტიც მიემგზავრება, რომლებიც სპეციალურ საჩვენებელ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. უშუ ოლიმპიური თამაშების კანდიდატი სახეობაა და სავარაუდოდ დიდი სპორტული ოჯახის სრულუფლებიანი წევრიც გახდება.

ნანძინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს მედროშე თამაზ კირაკოზაშვილი იქნება. ამის შესახებ დამსწრეთ ელგუჯა ბერიშვილმა შეახსენა. შემდეგ კი ტრიბუნასთან სიგრძეზე მხტომელ გოგა მაღლაკელიძეს უხმო, ოლიმპიური ფიცის დასადებად.

ფიცზე თავისი ხელმოწერა თორმეტივე ოლიმპიელმა დატოვა. შემდეგ კი დელეგაციის ყველა წევრმა სეოკ-ის ოფისის ეზოში გადაინაცვლა ერთობლივი ფოტოების გადასაღებად.

0.137667