ფეხბურთი

16:38 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ჩივაძე: “ჯგუფში მე-3 ადგილი უნდა დავიკავოთ”

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტუმრო “ბომონდ გარდენში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილების მიუხედავად, მომავალ მატჩში მისი შეგირდები მხოლოდ მოსაგებად ითამაშებენ.

ალექსანდრე ჩივაძე: “ჯგუფში ორი თამაში დაგვრჩა – ზეგ შინ ლუქსემბურგთან და სექტემბერში სტუმრად ჰოლანდიასთან. საინტერესო ნაკრები გვყავდა. ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ. ზოგიერთ მატჩში ასეთი უხეში შეცდომები რომ არ დაგვეშვა, შეგვეძლო დადებითი შედეგით დაგვესრულებინა, რაც ჯგუფში ჩვენს ადგილზე აისახებოდა. შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჯგუფში ისეთი ადგილი უნდა დაგვეკავებინა, რომელიც პლეი ოფში მოხვედრის საშუალებას მოგვცემდა.

ლუქსემბურგში პირველი თამაშის მოგების შემდეგ, სლოვაკეთში წასაგები არ გვქონდა. ჰოლანდიასთან უხეში შეცდომები დავუშვით და კარგად იცით თამაში რა ანგარიშითაც დასრულდა. თუმცა, გუნდმა მოახერხა და ორ დღეში შოტლანდიას მოვუგეთ. ეს გუნდში არსებულ ატმოსფეროზე მეტყველებს და ფეხბურთელები დავარწმუნეთ, რომ შოტლანდიასთან გამარჯვება შეიძლებოდა. ამის შემდეგ, შოტლანდიასთან სტუმრად გოლი თამაშის დასრულებმადე 5 წუთით ადრე გავუშვით. ამის მიუხედავად, ქვილითაიას გოლის გატანა შეეძლო. ბოლო თამაში გორში სლოვაკეთთან გვქონდა. მატჩს 1:0 ვიგებდით და ინდივიდუალური შეცდომების გამო წავაგეთ. მსაჯობაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ იმ მატჩში მსაჯს პენალტის დანიშვნა შეეძლო.

ახალგაზრდულ ნაკრებს შესარჩევ ციკლში თავისი ამოცანა ჰქონდა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ პირველი ნაკრებისთვის შევსება მიგვეცა. ამ ეტაპზე ჩვენი გუნდიდან პირველი ნაკრებს 7 კანდიდატი ჰყავს. მომავალი წლიდან, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში უკვე 1994 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს უწევთ და ამიტომ, შეკრებაზე 10 ასეთი მოთამაშე გამოვიძახეთ.

ილურიძის გამოძახება მინდოდა, რომელსაც ჩემი აზრით, ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრება შესწევს, მაგრამ ტრავმა აქვს. ძალამიძე ჩამოვა, რომელსაც ჩემი სუბიექტური აზრით, შეუძლია მომავალში ეროვნულ ნაკრებში თამაში. გამოვიძახეთ ტარყაშვილი ბელგიის “ანტვერპენიდან”. ასევე, არაბული, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. მათ გარდა, თავდასხმაში ფანცულაია და ზივზივაძე გვყავს. შეგვეძლო, 1995 წელს დაბადებული მოთამაშეები, პაპუნაშვილი, ცინცაძე და ჯიქია გამოგვეყენებინა. თუმცა, ვასილ მაისურაძის ნაკრებს  თურქეთში ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩასატარებელი და ამიტომ, გუნდი უკეთ რომ შეთამაშდეს, შეთანხმების საფუძველზე, ეს ფეხბურთელები აღარ მივიწვიეთ”.

- რატომ არ გამოიძახეთ კუხიანიძე “ზესტაფონიდან”, რომელმაც  “ვიტ ჯორჯიასთან” დუბლი შეასრულა?

- კუხიანიძე ადრე მყავდა გამოძახებული. ახლა აქცენტს 1994 წელს დაბადებულ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ.

- თუმცა, კვეკვესკირი ნაკრებში არის...

- სულ პატარებს ხომ არ ვათამაშებთ? მითუმეტეს, სოლომონ კვერკველია პირველ ნაკრებში მიიწვიეს. კუხიანიძე საინტერესო ფეხბურთელია და მომავალში წარმატებას ვუსურვებ. ერთი არგამოძახებით არაფერი წყდება.

- ლუქსემბურგი რა დონის გუნდია?

- ევროპაში უკვე თითქმის ყველა გუნდი განსწავლულია. დღეს, ფეხბურთელებს ვაჩვენეთ ლუქსემბურგი-ჰოლანდიის მატჩში, რომელიც ჰოლანდიელებმა 1:0 მოიგეს. გუნდს, რომელიც ყოველთვის მეორე ნომრად თამაშობს, დროზე თუ არ გაუტანე, შემდეგ, გატანა ძნელია.

- ახალი ფეხბურთელების გამოძახების შემდეგ, გუნდის სათამაშო ტაქტიკა შეიცვლება?

- მე უპირატესობას შემოქმედებით ფეხბურთს ვანიჭებ. ჯგუფში მე-3 ადგილზე ვართ და კარგი იქნება თუ ამ ადგილზე დავრჩებით. აუცილებლად მოსაგებად ვითამაშებთ.

- შემადგენლობის ცვლილების მიუხედავად, მაინც შედეგზე იქნებით ორიენტირებული?

- ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალებას მივცემთ, მაგრამ შედეგზე ვითამაშებთ. ჯგუფში მე-3 ადგილი უნდა დავიკავოთ.

- შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი თამაში რჩება და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან თქვენს მომავალთან დაკავშირებით საუბარი ხომ არ გქონიათ?

- ციკლის დასრულების შემდეგ დავჯდებით და ვისაუბრებთ.

საქართველოსა და ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 5 მარტს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 14 საათზე დაიწყება. თამაშზე დასწრება უფასოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151024