ფეხბურთი

11:45 | 23.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია: "ამ ფეხბურთელებით კარგი ნაკრების აშენება შესაძლებელია"

აკაკი ხუბუტიას ეროვნულ ნაკრებში ახალწვეული აღარ ეთქმის, 3 წლის წინ ჰქონდა დებიუტი სლოვენიასთან ამხანაგურში (2:1) და 14 მატჩი დაუგროვდა. ბოლო შეხვედრებში კი სულ შეუცვლელად თამაშობდა. ხუბუტია თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის მცველი გახდა და ამდენად, მისი აზრიც საინტერესოა ბოლოდროინდელ მოვლენებზე.

"მსოფლიო სპორტი" ხუბუტიას დაუკავშირდა: 

- ალეკო ამისულაშვილის ნაკრებიდან წასვლის თემით დავიწყოთ.

- ძალიან საზიანოა გუნდისთვის. ჩემი თქმა რად უნდა, ამისულაშვილი დიდ სამსახურს უწევდა ნაკრებს. ვფიქრობ, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება და პრობლემა მოგვარდება. ყოველ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებ. რა მოხდა, ეს ჩემი გასარჩევი არ არის.

- ზურაბ ხიზანიშვილი ამბობს, ქეცბაია ფეხბურთელებს აგინებსო. ამის შესახებ რას იტყვით?

- ქეცბაიას რომელიმე ფეხბურთელისთვის დედა შეეგინებინოს, ასეთი რამ არ გამიგია და არც მსმენია. ქართველები ვართ და დედის გინებას ნამდვილად არ წავუყრუებთ. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ქეცბაია ემოციურია და თავისთვის თუ შეიგინება, ან რაიმე უწმაწურს იტყვის, სხვა საქმეა. გინება სხვა არის და დაყვირება სხვა. მწვრთნელია და დაყვირებაზე არ ავყვები. თუ მოთმენის უნარი არ გაქვს, ძნელია. მწვრთნელია, თავისი მეთოდი აქვს და ხან ხმამაღლა დაიძახებს, ხან დაიყვირებს, მაგრამ ამის გამო ერთი ამბავი ავტეხო და ინტერვიუ მივცე, არასწორად მიმაჩნია. მე არც არავისი მეშინია და ჩემს თავთანაც მართალი ვარ. მეტად თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ასე კონფლიქტებით ერთ წრეზე რომ ვიტრიალოთ, კარგი არაფერი მოხდება.

- სხვა რაიმე სახის კონფლიქტი გქონიათ ქეცბაიასთან?

- მე არ მქონია და სხვას თუ ჰქონდა, ჩემი გასარჩევი არაა. იყო პერიოდი, ნაკრებში ჩამოვდიოდი და მწვრთნელს ერთი წუთითაც არ შევყავდი თამაშში. აი, შარშანწინ პოლონეთთან 0:1 რომ წავაგეთ, იმის შემდეგ კარგა ხანს არ მიწევდა თამაში. ფეხბურთელი ვარ და ბუნებრივია, მწყინდა, მაგრამ ჩუმად ვიყავი. ჩემს ვალს ვიხდიდი.

- კლუბზეც ვთქვათ: "მორდოვია" რუსეთის პირველ ლიგას ლიდერობს და ქულებში სხვაობას თუ შევხედავთ, წესით, პრემიერლიგაში დაბრუნება არ უნდა გაგიჭირდეთ.

- ისე ჩანს, პირველ ლიგაში უფრო ძნელია თამაში, ვიდრე პრემიერლიგაში. ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან ლიდერები ვართ და ჩვენს წინაღმდეგ ყველა გუნდი განსაკუთრებული მოტივაციით იბრძვის. ისიც გავიგე, რომ მეტოქეებს ორმაგი პრემიალურები აქვთ ჩვენთან წარმატების შემთხვევაში. თან, ერთდროულად მხოლოდ 3 ლეგიონერს შეუძლია თამაში. "მორდოვიაში" აღმოჩენა იყო ხანგრძლივი ფრენა, რაც ძნელია, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის. საერთოდ, "მორდოვია" არც იმსახურებდა გავარდნას, მაგრამ გეხსომებათ, როცა გუნდში ახალი ფეხბურთელები მივედით, 11 ტურიღა იყო დარჩენილი და ძალიან ჩამოვრჩებოდით სხვა გუნდებს. ქულების ამოქაჩვა დავიწყეთ, მაგრამ არ გვეყო. ისეთ გუნდებს მოვუგეთ, დღეს პრემიერლიგაში წამყვან პოზიციებზე რომ არიან. მათ შორის, "სპარტაკს".

- ნაკრებში არაერთი ძლიერი ფორვარდის წინააღმდეგ გითამაშიათ: მარიო მანჯუკიჩი, ნიკიცა იელავიჩი, რობერტ ლევანდოვსკი, ალვარო ნეგრედო, ოლივიე ჟირუ, ქარიმ ბენზემა. ყველაზე ძლიერად რომელი მოგეჩვენათ?

- ძნელია გამორჩევა, რადგან სხვადასხვა პერიოდში ვითამაშე მათ წინააღმდეგ. შარშანწინ ყველაზე ძლიერად ლევანდოვსკი მომეჩვენა, თუმცა ყველა ეს ჩამოთვლილი ფეხბურთელი ძალიან ძლიერია. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელები არიან.

- ისევ ეროვნული ნაკრების თემა: როგორ ფიქრობთ, რაშია ყველაზე დიდი პრობლემა?

- თაობის შეცვლა მტკივნეული პროცესია. ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭები მოდიან და ნელ-ნელა სანაკრებო დატვირთვას შეეგუებიან. ჯერ კიდევ არ ჰყოფნით გამოცდილება და მოუვათ. ნაკრებში აღარ არიან ისეთი დიდი სახელის მქონე ფეხბურთელები, როგორებიც კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი იყვნენ. მოკლედ, თაობათა ცვლას მოჰყვა პრობლემები, მაგრამ საშიში არაფერია. ამ ფეხბურთელებით კარგი ნაკრების აშენება შესაძლებელია. საფრანგეთთან თამაში ავიღოთ: ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, ყრუ დაცვაში არ ჩავმჯდარვართ. არადა, ამხელა დონის გრანდს ვეთამაშებოდით.

- იმედები კარგია, მაგრამ ვერა და ვერ მართლდება.

- რეალურად, 1981 წლის შემდეგ, ქართველებს დიდად არ გაგვიხარია, მაგრამ ცდა არ უნდა დავაკლოთ.    

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11616