ფეხბურთი

22:03 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ბარქაია: “იმედი გვაქვს, ქალაქის ხელმძღვანელობა დაგვეხმარება და გასაჭირში არ მიატოვებს გუნდს”
“კოლხეთის” სპორტულ დირექტორად ლაშა ჯაკობია იმუშავებს

ქართული ფეხბურთი რომ ცუდ დღეშია, ეს სიახლეს არ წარმოადგენს, პირველი წრე დასრულდა და ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე გუნდის მომავალი გაურკვეველია. განსაკუთრებით მძიმე დღეშია ქართული ფეხბურთის აკვანად წოდებული ფოთის “კოლხეთი”. თავად განსაჯეთ, გუნდი ვერც საკუთარ სტადიონზე თამაშობს და ფინანსურადაც ძალიან უჭირს. მიუხედავად ამისა, ზაზა ინაშვილის გუნდმა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მაქსიმუმი გააკეთა და დღევანდელი მონაცემებით “კოლხეთი” გასავარდ ზონაში რომ არ არის, ეს ალბათ ენთუზიაზმის, ბრძოლის და მწვრთნელის გამოცდილების ხარჯზეა..

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის ხელმძღვანელობაში მოსვლას სურს “კოლხეთის” ყოფილ მწვრთნელს სოსო ფილიას.

დღეს ფოთის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, “კოლხეთის” გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომელსაც ჟურნალისტებთან ერთად, ფეხბურთელები და გულშემატკივრები დაესწრნენ. პრესკონფერენციას დაესწრო ასევე, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია.

ზაზა ინაშვილი: “მოგესალმებით, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. სანამ შედეგებზე გადავიდოდე, გეტყვით რომ კონტრაქტი დაუმთავრდა და გუნდი დატოვეს დათა სიჭინავამ და ლუკა გუგუჩიამ. რაც შეეხება შედეგებს, იცით ალბათ, რომ 2014 წლის დასაწყისში გუნდი იყო პირველ ლიგაში, მაგრამ მოვახერხეთ უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს, კლუბის ხელმძღვანელობას, გულშემატკივრებს. ჩვენ ყველა ერთად ვიყავით და ერთად ვიბრძოდით ფოთის “კოლხეთი” რომ დაგვებრუნებინა უმაღლეს ლიგაში. ახალი სეზონი დაიწყო აგვისტოში, ფინანსური მდგომარეობის გამო გუნდი ვერ დაკომპლექტდა ისე როგორც სასურველი იყო, მოგვიწია ყველა თამაშის ჩატარება სხვა სტადიონზე. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა იბრძოლეს და შევძელით ის, რომ ფოთის “კოლხეთი” არ აღმოჩენილიყო გასავარდ ზონაში. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც წავაწყდით, იყო საკუთარი მინდვრის არქონა, ძნელია როცა ყველა თამაშს სხვა ქალაქში ატარებ. ვფიქრობ, რომ გუნდის მიერ ჩატარებული განსაკუთრებით პირველი წრის ფინიში იყო წარმატებული და ეს შედეგი, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, წარმატებად თუ არა დამაკმაყოფილებლად უნდა ჩაითვალოს.”

თემურ ბარქაია: “ზაზამ აღნიშნა და გავიმეორებ, ძალიან ძნელია როცა გუნდი საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობს. პირველი ლიგიდან მოყოლებული, ხან სამტრედიაში ვთამაშობდით, ხან ქობულეთში და ლანჩხუთში, ფაქტობრივად ისე გამოდიოდა, სადაც კი ცარიელ მინდორს ვპოულობდით, იქ ვთამაშობდით. თან ისედაც უჭირს ფინანსურად გუნდს და დასამალი რა არის, ლანჩხუთის გურიას 1500 ლარს ვუხდიდით იმისთვის, რომ მათ სტადიონზე გვეთამაშა. ესეც ძლივს მოვაგვარეთ, იმიტომ, რომ არ უნდათ მინდვრის საფარი გაფუჭდეს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ძალიან რთულია ფეხბურთელების შენარჩუნება. იმიტომ ვიძახი დადებითია მეთქი შედეგი, რომ ჩვენ ფეხბურთელებზე არის მოთხოვნა, გვარები არ მინდა ახლა დავასახელო და როგორ შევინარჩუნო მე ფეხბურთელი, როდესაც სხვა კლუბი აძლევს იმხელა ხელფასს, რომელსაც მე ვერასდროს ვერ მივცემ. არაფერი არაა დასამალი, 5 ათას ლარს სთავაზობენ ჩვენს ფეხბურთელებს ხელფასს სხვა კლუბები, როდესაც აქ 1500 ლარზე თამაშობდა კაცი, რომელიც გუნდის ბომბარდირია. გეკითხებით, როგორ შევინარჩუნო ის კაცი? როდესაც შემოთავაზება აქვს ქუთაისიდან, ლანჩხუთიდან, მტერი ხომ არ უნდა ვიყო..

- დღეს თქვენთან ერთად იმოფება ლაშა ჯაკობია, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე ინიშნება?

- ლაშა იმუშავებს “კოლხეთის” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე. ახალი საშტატო ერთეული მტკიცდება. ის ჩვენთან ერთად იქნება კლუბის მმართველობაში, მისი კავშირები ჩვენ გამოგვადგება.მის სააგენტოს შეუძლია ძალიან დიდი საქმე გააუკეთოს ფოთის “კოლხეთს”.

- სტადიონთან დაკავშირებით რა სიახლეა?

- რაც შეეხება სტადიონს, პირველი ტენდერი ჩავარდა. ინფორმაციას ძალიან ცოტას ვფლობთ სტადიონის შესახებ. ვიცით, რომ მეორე ტენდერი მოიგო კომპანიამ “ხიდი”, რომელმაც უნდა გააგრძელოს სტადიონის მშენებლობა. უბრალოდ, ჩვენი პოზიცია ასეთია: რადგან შესაძლებელი გახდა სტადიონი გაკეთდეს, ეს სტადიონი უნდა აკმაყოფილებდეს უეფას სტანდარტებს, მივმართეთ ფედერაციასაც, რადგან სტადიონის მშენებლობა რომ დასრულდება, ფედერაციასთან ერთად უეფას წარმომადგენლებმაც უნდა ჩაიბარონ და თავიდანვე სჯობს გათვალისწინებულ იქნას უეფას სტანდარტები, საბოლოოდ წყალში რომ არ ჩაიყაროს ეს ფული.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ “კოლხეთის” ყოფილ მწვრთნელს სურს გუნდის სათავეში მოსვლა და რომ თქვენს შორის დაპირსპირებაა, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- სოსო ფილიამ განაცხადა რომ მისთვის არ შეგვითავაზებია არანაირი პოსტი ფოთის “კოლხეთში”, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, თავიდან თვითონ მთხოვა და მე დავეთანხმე, რომ ბატონი სოსო იმუშავებდა ჩვენთან ერთად კონსულტანტად, სამი დღის შემდეგ განაცხადა უარი. შემდეგ კი პროკურატურაში შეიტანა საჩივარი, სადაც მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი და დღესაც მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი კლუბის წარმომადგენელიც არაერთხელ მივიდა სოსოსთან ამ შეთავაზებით, მაგრამ მან უარი განუცხადა. მისი თქმით, ჩვენ ის გუნდიდან გავუშვით, მაგრამ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, მას კონტრაქტი დაუმთავრდა და ეს ჩვეულებრივი პროცესია.

- თუ დაფინანსების კუთხით არ შეიცვალა სიტუაცია, რას აპირებთ?

- იმ 300 ათასით, რასაც შეგვპირდნენ, შეუძლებელია გუნდის მართვა, მაგრამ სეზონის ბოლომდე მივიყვანთ, შემდეგ ვნახოთ რა იქნება. იმედი გვაქვს, ქალაქის ხელმძღვანელობა დაგვეხმარება და ასეთ გასაჭირში არ მიატოვებს გუნდს. ქალაქები, რომლებსაც გაცილებით უფრო ნაკლები ბიუჯეტი აქვთ, ბევრად მეტ თანხას ურიცხავენ ადგილობრივ კლუბებს და ვფიქრობ, აქაც მოგვხედავენ. ისევ მივუბრუნდები ფილიას თემას, მას თუ ასეთი გამოცდილება აქვს და გუნდის დახმარება უნდა, მოვიდეს ჩვენთან სამ პოსტს ვთავაზობთ, მაგრამ უარზეა..

ლაშა ჯაკობია: “მოგესალმებით ყველას, წარმოშობით მეც ფოთელი ვარ, ნახევარი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, ძალიან მტკივა გული ამ გუნდზე და ძალიამ მიხარია ასეთი ხალხი რომ ჰყავს სათავეში. იმ თანხებით, რაც იყო გამოყოფილი კლუბისთვის, მაქსიმუმი გააკეთეს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, მე ვთანამშრომლობ ბელგიის ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიასთან, სწორედ ამ კოპმანიის დახმარებით წავიყვანეთ ლუკა კიკაბიძე “ბასტიაში” და ვფიქრობ, “კოლხეთშიც” ფეხბურთელთა გაცვლის კუთხითაც გარკვეულ როლს შევასრულებ, გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად მსურს “კოლხეთში” წარმატებებს მივაღწიოთ.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109159