ფეხბურთი

17:20 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ მახარაძე: “საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ”

საფეხბურთო კლუბ დონეცკის “ოლიმპიკის” მეკარე ზაურ მახარაძემ ინტერნეტპორტალ football.sport.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მასში ქართული ხასიათის ნიშნები უფრო მეტია, ვიდრე უკრაინული. მახარაძე დონეცკელთა რიგებში გასულ სეზონში მაღალ დონეზე თამაშობდა და გუნდს პირველი ლიგიდან პრემიერლიგაში დაწინაურებში დაეხმარა. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელი ასევე საიმედოდ ასპარეზობს და მისი დიდი დამსახურებაა, რომ დებიუტანტმა “ოლიმპიკმა” უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრე მე-4 ადგილზე დაასრულა.

- უკრაინაში ქართულ ოჯახში დაიბადე. თავს უკრაინელად გრძნობ თუ ქართველად?

- მამა ქართველია, ხოლო დედა უკრაინელი. გულწრფელი რომ ვიყო, ჩემში ქართული უფრო მეტია, რადგან ხშირად თავად ვამჩნევ, რომ სხვაგვარად ვმსჯელობ.

- საქართველოში ხშირად ჩადიხარ?

- არა, არ გამომდის. დიდი ხანია არ ვყოფილვარ. იმიტომ კი არა, რომ დრო არ მაქვს, უბრალოდ იქ დიდი ხნით ჩასვლა არ გამომდის, ხოლო მცირე ხნით მაინც ის არაა. თუმცა, ვგეგმავთ ჩასვლას.

- ქართული ხასიათის რა ნიშნები გაქვს? სადღეგრძელობის თქმა ან კულინარობა თუ გეხერხება?

- სადღეგრძელოები საჩემო არაა. არც ვიცი. ალბათ, ხასიათის ნიშნები. იმპულსური ვარ.

- კომენტატორობაზე და სახელოვანი მოგვარის (საუბარია კოტე მახარაძეზე, რედ.) გზით წასვლაზე არასოდეს გიფიქრია?

- არა.

- მამას ცნობილ თანამემამულზე არასოდეს მოუყოლია?

- მოუყოლია, მაგრამ არ უთქვამს, რომ კომენტატორი გავმხდარიყავი. უნდოდა, რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი.

- ქართულ ფეხბურთს თვალს ადევნებ?

- არა.

- საქართველოს ნაკრებს?

- რა თქმა უნდა.

- უბრალოდ, თამაშებს უყურებ თუ გულშემატკივრობ?

- არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ არ ვუყურებ. ვგულშემატკივრობ, მხარს ვუჭერ.

- მშობლები თქვენს არჩევანს ყოველთვის ამართლებდნენ?

- საერთოდ, მხარს მიჭერდნენ, მაგრამ პატარა რომ ვიყავი “შახტარი” მიწვევდა, სადაც გადასვლა მშობლებს უფრო უნდოდათ, ვიდრე მე. მოგვაინებით არაერთხელ უთქვამთ: “იქ რატომ არ გადახვედი?”. თუმცა, ახლა თავად მეუბნებიან: “მადლობა ღმერთს, რომ დარჩი”.

- თვალს რომელ ჩემპიონატს უფრო მეტად ადევნებ?

- ინგლისს, ესპანეთს. ცოტა-ცოტა ყველას.

- ფეხბურთის გარდა სხვა ჰობი გაქვს?

- დიახ, კალათბურთის თამაში მიყვარს.

- “ოქროს ბურთს” ვის მისცემდი?

- რა თქმა უნდა, კრიშტიანუს.

- ნოიერს არა?

- არა. თავის დროზე თუ კასიალიასს არ მისცეს, ნოერს რატომ უნდა მისცენ?!

0.102109