ფეხბურთი

3:13 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ჩემპიონები ესპანეთსა და გერმანიაში, „იუვენტუსის“ შეწყვეტილი სერია

ინგლისი

გასულ უქმეებზე ევროპულ მინდვრებზე გამართული დაპირისპირებებიდან ყველაზე დიდ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ მატჩი იწვევდა და „ოლდ ტრაფორდზე“ მოთამაშე გუნდებმა გულშემატკივრებს იმედები არ გაუცრუეს.

თამაში „წითელი ეშმაკებისთვის“ არცთუ სახარბიელო დროს იყო დანიშნული. კვირას, ადგილობრივი დროით 13 საათსა და 30 წუთზე გამართული უკანასკნელი 5 თამაშიდან „მანჩესტერს“ 4 წაგებული ჰქონდა და მათ შორის 2 „ლივერპულთან“. თუმცა, ამჯერად ტრადიცია დაირღვა და მანჩესტერელებმა ზედიზედ მე-6 თამაში მოიგეს. „იუნიატედს“ ასეთი წარმატებული სერია ბოლოს 21 თვის წინათ, ჯერ კიდევ იმ დროს ჰქონდა, როდესაც გუნდს სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა.

მე-2 ნახევარში მოედანზე მარიო ბალოტელი გამოვიდა, რომელმაც გოლი კვლავ ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ყვითელი ბარათი მიიღო. შედეგად, იტალიელს, პრემიერლიგაში, იმდენივე გაფრთხილება აქვს მიღებული, რამდენი გოლიც გაუტანია. ორივე ამ მონაცემში ბალოტელის შედეგი ოცს უდრის.

„ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ მატჩში ერთი სერია შეწყდა. „ლივერპულის“ მეკარეს, სიმონ მინოლეს, პრემიერლიგაში ზედიზედ 93 თამაში შეუცვლელად ჰქონდა ჩატარებული, რაც საუკეთესო მიმდინარე შედეგი იყო. ამჯერად, კარში მისი ადგილი ბრედ ჯონსმა დაიკავა, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ 2006 წლის შემდეგ პირველად ითამაშა. 8 წლის წინათ, ჯონსმა კარი მშრალად შეინახა, ხოლო მისმა „მიდლსბრომ“ 0:0 ითამაშა.

„ლივერპულმა“, ქალაქ მანჩესტერში ჩატარებული ბოლო 11 თამაშიდან 2 ან მეტი გოლი მეათეში გაუშვა. ამ წაგების შემდეგ, მერსისაიდულ გუნდს 16 თამაშში 21 ქულა დაუგროვდა. ასეთი ცუდი შედეგი „ლივერპულს“ 1964 წლის შემდეგ პირველად აქვს.

საკუთარ კედლებში კვლავ უდანაკარგოა ლიდერი „ჩელსი“, რომელმაც ლონდონში „ჰალს“ სძლია. მასპინძელთა მხრიდან ანგარიში ედენ აზარმა გახსნა, რომელმაც „ჩელსის“ მაისურით ბოლო 11 გოლი „ოლდ ტრაფორდზე“ გაიტანა. ბელგიელმა შემტევმა გოლი მე-7 წუთზე გაიტანა, რაც გასაკვირი არ ყოფილა, რადგან „ჰალი“ ის გუნდია, რომელიც სწრაფ გოლს ყველაზე ხშირად უშვებს. სტივ ბრიუსის შეგირდებმა საწყის 15 წუთში უკვე მე-6 ბურთი გაუშვეს.

მოიგო „მანჩესტერ სიტიმაც“, რომელსაც 3 ქულა ფრენკ ლემპარდმა მოუტანა. 36 წლის ნახევარმცველმა პრემიერლიგაში თავისი 175-ე გოლი გაიტანა და ის საერთო ჩათვლაში მე-4 ადგილზე მყოფ ტიერი ანრის გაუთანაბრდა. ლემპარდმა, პრემიერლიგაში, გოლი უკვე 34-ე სტადიონზე გაიტანა და ამ მაჩვენებლით ტედი შერინგემს გაუსწრო. მასზე მეტ სტადიონზე (37) მხოლოდ ენდი კოულს გაუტანია.

„ლეიკესტერთან“ გამართული შეხვედრა „სიტისთვის“ ზედიზედ მე-15 გასვლითი მატჩი იყო, რომელშიც „ქალაქელებმა“ გოლი გაიტანეს. მანჩესტერელებს პრემიერლიგის შექმნის შემდეგ ასეთი შედეგი არ ჰქონიათ. 1992 წლამდე კი მათი რეკორდი ზედიზედ 16 გასვლით შეხვედრაში გატანა იყო.

„ნიუკასლთან“ იოლად მოიგო „არსენალმა“. ლონდონელებმა, „კაჭკაჭებთან“ გამართულ შეხვედრაში, კარში ზუსტად დარტყმა 4-ჯერ მოახერხეს და ოთხივეჯერ გაიტანეს.

„ნიუკასლის“ წინააღმდეგ საინტერესო შედეგი აქვს ოლივიე ჟირუს, რომელმაც მეტოქეს, ამჯერად, 2-ჯერ გაუტანა. მას, „ნიუკასლთან“ პრემიერლიგაში ჩატარებულ მატჩებში ზუსტად სულ 8-ჯერ აქვს დარტყმული და აქედან 6 დარტყმას გოლი მოჰყვა.

ზედიზედ მე-4 თამაში წააგო სეზონის სტარტზე ბრწყინვალედ მოთამაშე „საუთჰემპტონმა“. „წმინდანებს“, პრემიერლიგაში, ბოლო 29 თერთმეტმეტრიანი გატანილი ჰქონდათ და ეს სერია „ბარნლისთან“ გამართულ შეხვედრაში შეწყდა, როდესაც პენალტი დუშან ტადიჩმა ვერ გამოიყენა.

„ტოტენჰემმა“, პრემიერლიგის ბოლო 4 გასვლითი თამაშიდან მესამე მოიგო და კვლავ 2:1. საინტერესოა, რომ ლონდონელებმა, სამივე შემთხვევაში გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე, ან უფრო გვიან გაიტანეს.

ესპანეთი

ლა ლიგაში ლიდერობა გაიმყარა „რეალმა“, რომელიც სარეკორდო სვლას განაგრძობს. მადრიდულმა გუნდმა ზედიზედ მე-20 თამაში მოიგო და ზამთრის ჩემპიონობა გაინაღდა. „რეალმა“ ზამთრის ჩემპიონის წოდება 34-ედ მოიპოვა. ბოლო 11 ასეთი შემთხვევიდან 9-ჯერ მადრიდელებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს და საბოლოოდ ჩემპიონობა იზეიმეს.

„ალმერიასთან“ მოგების შემდეგ, „რეალი“ ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელიც პრიმერას 1000 ტურის განმავლობაში ლიდერობდა. შედარებისთვის, ამ მხრივ მე-2 ადგილზე მყოფი „ბარსელონა“ გათამაშებას მხოლოდ 643-ჯერ ლიდერობდა.

არადა, პარასკევს თამაში „რეალს“ ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევდა. საქმე ისაა, რომ ამ დღეს გამართული 21 შეხვედრიდან მადრიდელებს მხოლოდ 10 ჰქონდათ მოგებული, ხოლო უკანასკნელი 9 მატჩიდან - მხოლოდ ერთი. ამას ისიც ემატებოდა, რომ „სამეფო კლუბს“, „ალმერიასთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შენახული.

შეხვედრაში ანგარიში ისკომ გახსნა და ის გახდა „რეალის“ პირველი ფეხბურთელი 1998 წლის მაისის შემდეგ, რომელმაც ლა ლიგაში პარასკევს გამართულ შეხვედრაში გოლი გაიტანა.

მოგვიანებით, თავი დუბლით გამოიჩინა კრიშტიანუ რონალდუმ. პორტუგალიელი „რეალის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც გოლი კვირის ყველა დღეს აქვს გატანილი.

სანამ რონალდუ დუბლს გაიფორმებდა, საქმეში კასილიასის ჩართვა გახდა საჭირო. „რეალის“ კაპიტანს, ლა ლიგაში, 54-ე თერთმეტმეტრიანი დაურტყეს და მან მე-11 მოიგერია. საინტერესოა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში, კასილიასის კარისთვის მეტოქეებს თერთმეტმეტრიანი არასდროს აუცილებიათ. 54 პენალტიდან 43 გავიდა, ხოლო 11 იკერმა აიღო. ეს იყო კასილიასის მიერ 2011 წლის მარტის შემდეგ ლა ლიგაში მოგერიებული პირველი თერთმეტმეტრიანი.

„რეალთან“ ჩამორჩენა 4 ქულამდე გაზარდა „ბარსელონამ“, რომელსაც ფეხი „ხეტაფესთნ“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში დაუცდა. კატალონიელებმა „კოლიზეუმ ალფონსო პერესზე“ მეოთხედ ვერ მოიგეს. წინა სამ შეხვედრაში, როდესაც „ბარსა“ ამ სტადიონზე 3 ქულის აღებას ვერ ახერხებდა, ჩემპიონი „რეალი“ ხდებოდა.

„ბარსელონას“ მიერ ქულების დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ კატალონიელები არახელსაყრელი პოზიციებიდან ურტყამდნენ. ლუის ენრიკეს შეგირდებს 11 დარტყმა დაუბლოკეს. ლა ლიგაში გუნდს ამდენი დარტყმული 2003/04 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაუბლოკეს.

ცუდი დრო უდგას „სელტას“, რომელმაც გოლი ზედიზედ მე-5 შეხვედრაში ვერ გაიტანა, ასეთი რამ კი 1995 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ვიგოელი შემტევების უშედეგობით „მალაგამ“ ისარგებლა, რომელმაც „სელტასთან“ საკუთარ მოედანზე გამართულ მატჩში კარი მშრალად ისტორიაში პირველად შეინახა.

მეტოქის კარის შეხვედრის მიწურულს აღებას განაგრძობს კრისტიან სტუანი. „ესპანიოლის“ ურუგვაელმა შემტევმა, ლა ლიგის მიმდიანრე გათამაშებაში, სულ 6 გოლი გაიტანა და აქედან 5 მატჩის ბოლო 8 წუთში გავიდა.

მას შემდეგ, რაც „რეალ სოსიედადი“ დევიდ მოიესმა ჩაიბარა, სან სებასტიანურმა გუნდმა 4 გოლი გაიტანა და ყველა მათგანი კარლოს ველას ანგარიშზეა. მექსიკელმა გაიტანა „სოსიედადის“ ერთადერთი გოლი „ბილბაოსთან“ გამართულ ბასკურ დერბიშიც, რომელიც 1:1 დასრულდა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ „სოსიედადმა“ ეს თამაში ვერ მოიგო, რადგან დერბი დევიდ მოიესის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია. ინგლისში მუშაობის დროს, შოტლანდიელი სპეციალისტი, პრემიერლიგაში, გუნდს დერბიში 24-ჯერ გაუძღვა და წარმატებას მხოლოდ 3-ჯერ მიაღწია.

გერმანია

გერმანიის ზამთრის ჩემპიონობა გაინაღდა „ბაიერნმა“, რაც მეოცედ მოხდა. არცერთ სხვა გერმანულ გუნდს ზამთრის ჩემპიონის წოდება 6-ზე მეტჯერ არ მოუპოვებია. ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, რომ გუნდმა ზამთრის ჩემპიონობა ზედიზედ 4 სეზონის განმავლობაში მოიპოვა.

მიუნხენელებმა „აუგსბურგი“ 4:0 დაამარცხეს. გვარდიოლას შეგირდების პირველმა 18-მა დარტყმამ შედეგი ვერ მოიტანა, მაგრამ 58-ედან 71-ე წუთამდე, 13-წუთიან მონაკვეთში, „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა კარში 5-ჯერ დაარტყეს და 4-ჯერ გაიტანეს.

„ბაიერნის“ მიერ კარის კვლავ მშრალად შენახვა იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელებმა, ბუნდესლიგის ბოლო 13 თამაშში, მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს.

„დორტმუნდის“ სტაბილურად ათამაშება ვერაფრით მოხერხდა. წინა ტურში მოგების შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდი კვლავ უქულოდ დარჩა. დორტმუნდელებმა, მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 22 გოლი გაუშვეს. მათ ამდენივე ბურთი ჰქონდათ გაშვებული 2010/11 წლების მთელს გათამაშებაში, როდესაც კლოპის შეგირდებმა ჩემპიონობა იზეიმეს.

„შალკეს“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველი საშინაო თამაში წააგო რობერტო დი მატეომ, რომლის გუნდიც „კიოლნთან“ დამარცხდა.

ბუნდესლიგაში დაბრუნებული „კიოლნი“ სტუმრად შესანიშნავად თამაშობს. პეტერ შტიოგერის შეგირდებმა 13 ქულა აიღეს და ამ მაჩვენებლით ისინი მე-2 ადგილზე არიან.

სტუმრად კარგად თამაშის წყალობით „კიოლნმა“ ერთი უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია და გელზენკირხენში ბოლო 21 წლის განმავლობაში პირველად მოიგო.

საფრანგეთი

საფრანგეთის ჩემპიონატში, საკუთარ კედლებში ბრწყინვალედ თამაშობს „ლიონი“, რომელმაც „ჟერლანზე“ ჩატარებული 10 თამაშიდან 9 მოიგო. შედარებისთვის, ლიგა ერთის მთელს გასულ გათამაშებაში „ლიონმა“ საკუთარ კედლებში მხოლოდ 8-ჯერ იმარჯვა.

„ლიონის“ შედეგიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ალექსანდრ ლაკაზეტია. 23 წლის თავდამსხმელმა, გასულ სეზონში ჩატარებულ 36 თამაშში 15 გოლი გაიტანა. მიმდინარე გათამაშებაში მას 15 გოლის გასატანად მხოლოდ 18 მატჩი დასჭირდა.

ლაკაზეტმა 2 გოლი გასულ ტურში, „კანთან“ გამართულ შეხვედრაში გაიტანა. პირველ შემთხვევაში მან თავი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ „კანმა“, მიმდინარე გათამაშებაში, პენალტიდან უკვე 10 გოლი გაუშვა. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშე არცერთ გუნდს ასეთი ცუდი შედეგი არ აქვს.

პირველი თამაში წააგო მოქმედმა ჩემპიონმა, „პარი სენ ჟერმენმა“. ლორან ბლანის გუნდი უქულოდ იმ „გენგამთან“ დარჩა, რომელმაც პსჟ-სთან კარის მშრალად შენახვა ბოლო 11 თამაშში პირველად მოახარხა.

„ნანტსა“ და „ბორდოს“ შორის გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა კარში ზუსტად დარტყმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს, მაგრამ ავტოგოლის წყალობით, 2 გოლი გაიტანეს. ეს ნიშნავს, რომ „ბორდომ“ მიმდინარე გათამაშებაში უკვე მე-2 თამაში წააგო, რომელშიც მეტოქემ უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე კარში ზუსტად დაარტყა.

იტალია

როგორც იქნა, საკუთარ კედლებში ქულები დაკარგა „იუვენტუსმა“, რომლის წარმატებული საშინაო სერია 25 თამაშს ითვლიდა. ტურინელები ქულას იმ „სამპდორიასთან“ დასჯერდნენ, რომელსაც, მათ მსგავსად, მხოლოდ 1 წაგება აქვს.

0.153377